მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება კიდევ უფირ გაღრმავდა, ოპოზიციამ მთელი საარჩვენო კამპანია და სტრატეგია საგარეო ვექტორზე ააწყო. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვემდე დარჩა, ოპოზიციას ამომრჩევლისთვის არც ალტერნატიული ცენტრები შეუთავაზებია და არც საარჩევნო გეგმა წარუდგენია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ელექტორატის განწყობების კაპიტალიზაციისთვის ოპოზიციურ ძალებს მუშაობა სჭირდებათ, რაზეც ისინი უარს აცხადებენ, ფაქტობრივად, არ მუშაობენ. ისინი მხოლოდ საგარეო ვეტქორს არიან ჩაბღაუჭებულები და მხოლოდ ამ რიტორიკით ცდილობენ ხელისუფლების დისკრედიტაციას. თავის მხრივ „ოცნება“ საზოგადოებისთვის ახერხებს იმის ჩვენებას, რომ, რადგან წინ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აყენებს, ცდილობს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივობის დაცვას, ამის გამო დასავლეთი სჯის.
ოპოზიციური პარტიები კი ერთგვარ ვირტუალურ პარტიებად იქცნენ, რომელთა ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ „ტიკ-ტოკში“ ან მათთან აფილირებულ მედიაში აქტიურობა წარმატებისთვის საკმარისია. არადა, ამომრჩეველი პირდაპირ დიალოგს ითხოვს. ოპოზიციას კი ხალხის მაგივრად მოლოდინი დასავლეთიდან აქვს და ფიქრობენ, რომ თუკი მათი მხარდაჭერა ექნებათ, ხალხზე ზეგავლენასაც მოახდენენ.
„რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რაც ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად ბარიერი გადალახონ. ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება“, - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უცხო ძალებს ავიწყდებათ ერთი რამ - საკუთარ ქვეყნებში მათივე პოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილ პრობლემებს ხედავს ქართველი ხალხი და დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვს.
„პოლიტიკურ დეპეშებს ამერიკიდან თუ მათივე მიმდევარი ევროპელი ლიდერებისგან ბოლო არ უჩანს. ბუნებრივია, ეს გაგრძელდება არჩევნებამდე, რათა ბოლომდე დააჯერონ პროდასავლურად მოაზროვნე საზოგადოება და რაც მთავარია, მაქსიმალურად გააღიზიანონ ახალგაზრდობა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროკავშირის გზა ჩაკეტილია. თუმცა, ავიწყდებათ ერთი რამ - საკუთარ ქვეყნებში მათივე პოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილ პრობლემებს ხედავს ქართველი ხალხი და დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვს.
აქედან გამომდინარე, მსურს ვუპასუხო ქალბატონ პრეზიდენტს: აღარც თქვენი და აღარც თქვენი პატრონების შანტაჟის ენა აღარ ჭრის საქართველოში. ხომ ხედავთ, სულ არ ადარდებს ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს თქვენი დამღუპველი ლიბერალური პოლიტიკა. ხალხმა გაიღვიძა მწარე რეალობაში და მათ მიძინებას ვეღარავინ შეძლებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციამ როგორც კი დაინახა, რომ დასავლეთიდან „ოცნებაზე“ ზეწოლა დაიწყო, მისი წინასაარჩევნო პროპაგანდა ისევ საგარეო კურსი გახდა. არადა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ერთი პერიოდი ოპოზიცია სოციალური თემების წინ წამოწევას ცდილობდა, თუმცა მალევე შეწყვიტეს.
„ოპოზიცია ხედავს, რომ ეს თემა ამ ეტაპზე მომგებიანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა დასავლეთიდან ეს განცხადებები არ წყდება და ლამის, ყოველდღიურ სახეს იღებს. ეს ლოგიკურიც არის, რომ ოპოზიცია ამ თემას ჩაებღაუჭებოდა. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ჩვენი ოპოზიცია საკმაოდ სუსტია და მისი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ საზოგადოებასთან არა აქვთ დიალოგი. თუმცა ამ მხრივ „ნაციონალებს“ და „ოცნებას“ პრობლემა მოხსნილი აქვთ.
მათ რაც არ უნდა ისაუბრონ, ილაპარაკონ, ამომრჩეველი მაინც ჰყავთ, ამიტომ თავი ქუდში აქვთ. მათთვის ეს სიტუაცია ჩვეულებრივი ამბავია. აი, დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, რა უნდა, ცუდ დღეშია. საგარეო ვექტორი მხოლოდ ვერ იქნება ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველის მიზიდვის საშუალება. ასეთი ამომრჩეველი ძალიან ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას და ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარება აინტერესებს - მაგალითად, ფასების და ხელფასების ზრდა, პენსიების მომატება, დასაქმების პრობლემები. სოფლებში ათასი პრობლემები არსებობს, ასევე - ახალგაზრდების უმუშევრობა და სტუდენტური გადასახადების პრობლემები, ეს ყველაფერი ამომრჩეველს აინტერესებს. როცა ამაზე არ საუბრობს ოპოზიცია, ეს აშინებს ხალხს. ამიტომ არის, რომ სექტემბრიდან უკვე უნდა გამოიკვეთოს ბოლოს და ბოლოს ვინ ვისთან ჯგუფდება და დაიწყონ საზოგადოებისთვის პროგრამების გაცნობა. სხვაგვარად მხოლოდ დასავლეთიდან წამოსული დახმარება მათ არ უშველის“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამომრჩველისთვის სათქმელი არაფერი აქვს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ხალხთან გასვლას და საუბარსაც ვერ ახერხებენ. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დასავლეთის იმედად არის.
„იმდენად არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში გამოჩენასაც ვერ ბედავენ. სადღაცას ორ, სამ თავიაანთ მხარდამჭერს, შინაურს მოძებნიან, დადგებიან იქ, ვითომ ხალხს ხვდებიან. ხალხმა რაც უქნა, მაისის აქციებზე ვნახეთ - როგორ უშტვენდნენ ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძე როგორ გააგდეს ახალგაზრდებმა და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ესენი რომელ ხალხთან არიან გამსვლელები. უბარლოდ, იმედი აქვთ, რომ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლით და ამ ქვეყნის მაოხრებლობით შეძლებენ და ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ.
იციან, რომ არჩევნებით ვერ მობრუნდებიან და საარჩევნო პროგრამები და თავის ატკიება რად უნდათ. ვის გაესვლება ხალხში, ყველა მათგანს მშვენივრად სცნობს ჩვენი საზოგადოება. ნაციონალები ხომ თავს ვერ ყოფენ გარეთ. ეს ვითომ „ახალი“ რომაა, მათი ლიდერები საერთოდ ვირტულურ სამყაროს ვერ სცდებიან. დანარჩენი - თაღლითი ხაზარაძე და მოღალატე გახარია რასაც ლაპარაკობენ, კი ვხედავთ, ესაა მათი საარჩევნო პროპაგანდა. მთავარია, დასავლეთი დაეხმაროს და ქართველი ხალხი უჭერს თუ არა მხარს, არ აინტერესებთ“, - ამბობს გვენეტაძე.