თავად „ენჯეო“ სექტორიც კი აღიარებს, რომ დიდ ნაწილს არ აქვს გამჭვირვალობა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ენჯეო“ წარმომადგენელს რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, უნდა იყო გამჭვირვალე.
„თავად „ენჯეო“ სექტორიც კი აღიარებს, რომ დიდ ნაწილს არ აქვს გამჭვირვალობა. ის გადაბრალება, რომ დიდი „ენჯეო“ სექტორი ნაწილობრივ მაინც არის გამჭვირვალე და პატარა „ენჯეო“ სექტორი არ არის გამჭვირვალე და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უკვე არის აღიარება იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ყველა აინტერესებს.
რას ნიშნავს დიდი და პატარა? დეპუტატი, რომელსაც აქვს ნაკლები შემოსავალი ან რომელსაც ბევრი შემოსავალი აქვს, ჩვენ ამის მიხედვით ვავსებთ დეკლარაციას? თუ იმის მიხედვით, თანამდებობაზე ვინც არის.
შესაბამისად, თუ ხარ „ენჯეო“ წარმომადგენელი, რა თანხაც არ უნდა გქონდეს, უნდა იყო გამჭვირვალე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგები ასეთია: 474 ორგანიზაციიდან 51 პროცენტს არ გააჩნია ვებ-გვერდი; დონორების შესახებ ინფორმაცია 62 პროცენტს არ აქვს მითითებული; პროექტების დასახელება მითითებული არ აქვს 68 პროცენტს; გრანტების ოდენობა 89 პროცენტს არ აქვს მითითებული; გრანტის ვადა ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული; წლიური ანგარიში 97 პროცენტს არ აქვს მითითებული; გუნდის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული 70 პროცენტს.