"საქართველოს შემთხვევაში მტკიცედ მჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულება შედგება და აი, რატომ: ქართველი ხალხი ისწრაფვის, გახდეს ევროპისა და ნატოს ნაწილი. ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. თქვენი ბედი თქვენს ხელშია: გადაწყვეტილებასაც თქვენ იღებთ და შედეგებზე პასუხისმგებლობაც თქვენ უნდა იტვირთოთ. ყური არ უნდა უგდოთ მათ, ვინც ცდილობს ევროპული გზიდან გადაგახვევინოთ. იმედია, ამ გამოცდას გაუძლებთ", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ევროპა კლუბია, რომელში შესვლაც არცთუ ადვილია"/ "არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად".
"ქართველებს იმის შეხსენება არ გჭირდებათ, თუ რა მოხდა ხუთიოდე წლის წინ, როდესაც ევროკავშირი მტკიცედ და გადაჭრით ამოუდგა საქართველოს მხარში. თქვენს მხარდასაჭერად ჩვენ დიდი ფული დავხარჯეთ. ასე რომ, არა მგონია, ქართველებს საფუძველი ჰქონდეთ, იფიქრონ, რომ მათ ევროკავშირი მხარს არ უჭერს, მათ შორის ფინანსურადაც. თუმცა, ნუ აღიქვამთ ევროკავშირის მხარდაჭერას ფსონის ჩასვლად სათამაშო მაგიდაზე ან აუქციონად, სადაც ვიღაც მეტს ჩამოდის, მერე ვიღაც კიდევ მეტს და საბოლოოდ გასაყიდი საგანი იმას რჩება, ვინც ყველაზე მეტს იხდის. ფსონი არ დაგვიდია არც უკრაინაზე, რადგანაც არ ვაპირებთ უკრაინა ვინმეს მოვუგოთ, ჩვენ უბრალოდ მხარს ვუჭერთ უკრაინის სურვილს, დაუახლოვდეს ევროპას. რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთის ფაქტორიც, მაგრამ ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას? იღებს ქვეყანა, უკრაინელი ხალხი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ევროპა კლუბია, რომელში შესვლაც არცთუ ადვილია. საჭიროა სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფილიპ დიმიტროვი.
"არა მგონია, რუსეთს მაინცდამაინც ბევრი ბერკეტი ჰქონდეს დარჩენილი, რომ საქართველოზე გავლენა მოახდინოს. მას უკვე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%, არ უშვებს ქართული წარმოების პროდუქტებს თავის ბაზარზე. მეტი რა უნდა გააკეთოს? გავიმეორებ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რად უღირს ევროპული მომავალი. ვიზის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია კონკრეტული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სასაზღვრო მიმოსვლას მოაგვარებს. მოლდავეთმა უკვე გაიარა ეს ეტაპი, საქართველოსთან კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც სულაც არ არის ცუდი, რადგან ევროკავშირთან დადებულ გარიგებას მეორე დღეს ვერ შეცვლი", - განაგრძობს ევროკავშირის ელჩი
"ჰომოსექსუალიზმზე და გეი-ქორწინებებზე გინდათ მკითხოთ, არა? საქართველოს ტრადიციული ღირებულებები, როგორც ეს საქართველომ მრავალჯერ განაცხადა, იგივეა, რაც ევროპული ტრადიციული ღირებულებები. მორჩა და გათავდა. უკანასკნელ ათწლეულებში ევროპა, ისევე როგორც საქართველო, ვითარდებოდა. წარსულის გაკვეთილებმა ჩვენ გარკვეული საკითხების მიმართ უფრო ტოლერანტული გაგვხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტრადიციებს ფანჯარაში გადავუძახეთ. ისევე, როგორც თქვენ არავინ გაიძულებთ, დაივიწყოთ და უარყოთ თქვენი ღირებულებები. ტოლერანტობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას ტრადიციებს ვცეთ პატივი და შევეცადოთ, დაჩაგრულად არავინ იგრძნოს თავი. მე უკვე რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოსდა ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს. ეს არ არის მართალი! არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად, მით უმეტეს, რომ ასეთი ქორწინებები თვით ევროკავშირის მხოლოდ ზოგ ქვეყანაშია დაშვებული. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის და ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს", მიიჩნევს რესპონდენტი.
"თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი ინტელექტუალური და რელიგიური არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ცუდი, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ევროკავშირში შესასვლელად საკმარისია, იყო ტოლერანტული და არ ქადაგებდე სიძულვილს სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური ნიშნით და ასე შემდეგ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენც იმათნაირი გახდე, ვინც არ მოგწონს. არავინ გაძალებთ არც ეროვნების, არც სარწმუნოებისა და ღმერთმა დაგიფაროთ, არც სექსუალური ორიენტაციის შეცვლას იმისთვის, რომ ევროკავშირში შეხვიდეთ. მაგრამ, როდესაც ხედავ სიძულვილისგან მოქცეულ სახეებს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც გეია, და მათკენ მოღერებულ მუშტებს, აი, აქ უკვე მთლად კარგად ვერ არის საქმე", - დასძენს ფილიპ დიმიტროვი და შეკითხვას - "მაშინ მიპასუხეთ, ახლანდელი სიტუაციის შემხედვარე, შეძლებს თუ არა საქართველო უახლოეს ათწლეულში გახდეს ევროკავშირის წევრი?" - პასუხობს:
"ვერანაირ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, სამაგიეროდ, ჩემი ქვეყნის მაგალითს მოგიყვანთ: 1993 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ევროკავშირის წევრები კი 2007 წელს გავხდით. 1993 წელს პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესებში. მაშინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როდის ან საერთოდ თუ გავხდებოდით ევროკავშირის წევრები. მაგრამ მოვინდომეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და მიზანს მივაღწიეთ. ასე რომ, თქვენც მოინდომეთ და მიაღწევთ".