„სამართლებრივი გამათრახების შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი თოფის გასროლაზე არ მიეკარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს“

„სამართლებრივი გამათრახების შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი თოფის გასროლაზე არ მიეკარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს“

პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა, ზუსტად ცხრა თვის წინ უნდობლობა გამოუცხადა. ახლა კი ის ამტკიცებს, რომ „გამჭვირვალობის“ კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი წარმომადგენელი კი სასამართლოზე ეკა ბესელია იქნება, რომელიც პრეზიდენტის ინტერესებს დაიცავს.

არადა რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი მოპასუხე იყო, უნებართვო ვიზიტებზე სარჩელი კი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძველი გახდა.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის მცდელობა გაუგებარია. კრიტიკულია „ქართული ოცნება“, რომელიც ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

„სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას თუ აპირებს, გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას, შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი, რაც აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, მაშინ ამ თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინოები ეძახა, რათა არ ეღიარებინათ გადაწყვეტილება და ახლა ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს სამართლის საძიებლად. საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე და ქალბატონი სალომეც ჩაწერილია ზუსტად ამ ნარატივში.

რაც შეეხება თავად სარჩელს, ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ქცევა ჰქვია ამას, რომ ვინმე რამეს თუ არ იზიარებს, არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთო სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. ამიტომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვები კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერი მოქალაქე თუ ინსტიტუტი თავისუფალია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ამ ქვეყანაში სამართლიანობა. ამიტომ ყველას შეუძლია, მიმართოს და არა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს – ამაზე თვალს ხუჭავენ მათი დონორები – არ დაემორჩილონ კანონს, რადგან არ მოსწონთ“, - ამბობს პაპუაშვილი.

„ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ, რაც ცოტა მეც მაკვირვებს. ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. „ქართული ოცნება“ ფინანსების დამალვაზე რომ ვინმეს ელაპარაკება, ეს არის ანეკდოტი და კომედია“, – ამბობს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მთელი საქართველო იყო იმის მოწმე, ე.წ. პრეზიდენტი სამართლებრივად ირკალი კობახიძემ როგორ გაამათრახა და როგორი მასტერკლასი ჩაუტარა ზურაბიშვილის წარმომადგენლებს სასამართლო სხდომაზე. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილს ჰყოფნის თავხედობა და ზუსტად ამ სასამართლოში საჩივარი შეაქვს.

„ამ გამათრახების შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, თოფის გასროლაზე არ მიეკარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციას. ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას ხომ არ სცნობს. ის ხომ მისი დამრღვევი პრეზიდენტია. რა დარღვევებზე საუბრობს, რა ხდება ვერ გავიგე. მორიგ სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდება ამჯერადაც, რადგან თავისას არ იშლის, გააკეთოს რის გაკეთებასაც აპირებს.

საკონსტიტუციო სასამართლო ენჯეო არ არის. ეს არის ორგანო, რომელიც საერთაშორისო ნორმებზე და პუნქტებზე არის დაყრდნობილი. ზურაბიშვილი კი არა, ვენეციის კომისიამ ვერ განმარტა საერთაშორისო დონეზე, პუნქტებით, სამართლებრივ დონეზე რა არის დარღვეული. რას უწუნდებდნენ ამ კანონს კაციშვილმა ვერ ახსნა. აბსოლუტურად ფუჭი, სტიგმატიზაციის ენით გვესაუბრებიან და ერთ სამართლებრივ შეკითხვაზე არ სცემენ პასუხს. ამიტომ სად ჩივის ზურაბიშვილი, რომელ ორგანიზაციას მიმართავს, საინტერესოა. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდებენ და მის სამართლებრივ გამათრახებას ვიხილავთ. თუკი ე.წ. პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე მიდის და ამის ჩადენას აპირებს, წავიდეს, ხელი არ უნდა შევუშალოთ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკვე სასოწარკვეთილებას და აგონიას ჰგავს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მათი პატრონების ბანაკში ენით აუღწერელი ამბები ტრიალებს. ამიტომ მათი ქმედებები უკონტროლოა და ნებისმიერ ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც რაღაცა მოძრაობის სათავეში ჩადგომა შეუძლია. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მას მხოლოდ სტატუსი აქვს, რომ პრეზიდენტია, ის ოპოზიციამ გადაარჩინა, ამიტომ მათთან ანგარიშვალდებულია. შესაბამისად, იმას აკეთებს, რაც მათი სურვილია.

„ზურაბიშვილი ეძებს, რომ როგორმე რაღაცით ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. ამ დროს კი ზიანი საქართველოს ადგება. აი, ამ მიმდინარეობაში ეს კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია და ის ცდილობს ამით „ოცნების“ დაზიანებას. თუმცა პრეზიდენტმა ფიცი არაერთხელ დაარღვია. ჯერ ერთი კომიკურია მიმართო იმ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის ლეგიტიმურობასაც არ სცნობ და მიუხედავად იმისა, რომ მათ კონსტიტუციის დამრღვევად გცნეს, არ გადადექი.

ახლა მას მიმართავს და კანონის ბათილად ცნობას სთხოვს. ეს ხომ კიდევ ერთი პოლიტიკური უტიფრობა და ცინიზმია. სხვათა შორის, მე არ გამიგია ჩვენს კონსტიტუციონალისტებს ეთქვათ, რომ ამით კონსტიტუცია დაირღვა. არავის არ განუცხადებია, რომ 78-ე მუხლთან თანხვედრაში არ მოდისო. უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დონორების 97%-ის გადმორიცხული თანხა რაში იხარჯება არ ვიცით. ამას უწოდებენ ანტიკონსტიტუციურს? აბა, რაში მოდის წიანააღმდეგობაში? ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი ცნობილია და თანხები რაში იხარჯება ყველამ იცისო. ამ კონტექსტში სჭირდებათ ზურაბიშვილი. მას აქვს სტატუსი, რომელიც ოპოზიციამ შეუნარჩუნა, ამიტომ მათი სურვილების შემსრულებლად უნდა იქცეს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, დასავლეთის გარკვეულ წრეებში სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა პოზიციონირება, როგორც ნამდვილი „ევროპელი მოღვაწისა“. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის სარგებლობს ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას საფრანგეთის მოქალაქის პირობებში აქვს. ახერხებს დასავლელ ლიდერებთან კომუნიკაციას და ამით თავის პოლიტიკური წონადობის გაზრდას ცდილობს. ეს ნაბიჯიც ერთ-ერთი ამის მცდელობაა.

მერაბ.g ზურაბიშვილისგან წინამძღოლი ისე არ გამოვა, როგორც ცოცარისგან სალამური!
რაც შეეხება ამ სრულიად უპერსპექტივო საკონსტიტუციო სარჩელს, ის ოცნებას აწყობს - ბოლის გამოშვებაა და დასავლეთის რაღაც დოზით შემაყოვნებელი
4 თვის უკან