"პირWელის" ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ სულხან მოლაშვილთან, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.
- ბატონო სულხან, პირველ რიგში ჯანმრთელობაზე გკითხავთ, როგორ ხართ?
- ღვთის მადლით, ნორმალურად ვარ. საქართველოში მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ მკურნალობის კურსს ბოლომდე მივიყვან და დავბრუნდები. ერთი ეგაა, წონაში ძალიან დავიკელი, მაგრამ ნორმალურად ვარ და ვიღაცეების ჯინაზე თავს კარგად ვგრძნობ.
- ახლა, ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ვის აწყობდა მაშინ ყველაზე მეტად თქვენი დაპატიმრება?
- სულხან მოლაშვილმა პიროვნულად და სამსახურებრივად წინ იმ ვარდოსან ადამიანებს გადაურბინა, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა. კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ თავს უკვე პრეზიდენტად გრძნობდა. ჯერ არ ჰქონდათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მიზანმიმართული ლანძღვა დაიწყეს კონტროლის პალატისა, როგორც ინსტიტუციისა, რათა შეენიღბათ ის, რაც კონტროლის პალატამ გააკეთა. ამით თავის დაძვრენა და იმ დოკუმენტების გაქრობა სურდათ, რომელიც ჩემმა სამსახურმა მოიძია.
- რა დოკუმენტებზეა საუბარი?
- გეტყვით. ამ დოკუმენტებს არც იურიდიული ძალა დაუკარგავთ და არც პოლიტიკური აქტუალობა. მე არაერთგზის გამოვედი საჯაროდ და ვამხელდი იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა და ყველაზე უკადრებელი იკადრა იმისთვის, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო და საკუთარი დანაშაულობები მიეჩქმალათ. ახლა ის მასშტაბები, რაც მაშინ ჰქონდათ, სასაცილოდაც კი გამოიყურება, მაგრამ მაშინვე შეინიშნებოდა, რომ ისინი დიქტატისთვის ემზადებოდნენ. მათი მიზანი ადამიანების დათრგუნვაც იყო და ეს კარგად შეასრულეს. სამწუხაროდ, დიდი ეიფორია იყო და იმ საყოველთაო აღტაცებამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ დავუჯერეთ იმას, ვინც ხან ავტობუსში ჩაჯდებოდა და მგზავრობდა, აქაოდა ჩვეულებრივი მოქალაქე ვარო, ქუჩაში დადიოდა, ესკორტი არ მჭირდებაო და ეს ბიჭუნა დიქტატორად იქცა.
- ბატონო სულხან, წეღან დოკუმენტები ახსენეთ...
- ეს იყო კონტროლის პალატის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანდა იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი უამრავი დარღვევა. სწორედ მაშინ გაირკვას, რომ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი გაფუჭებული კონსერვით კვებავდა პატიმრებს, ხოლო იქ გადარიცხული თანხები მათ ჯობეში მიდიოდა. მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან უამრავი ჯართი გავიდა და უკვალოდ გაქრა. სააკაშვილის მინისტრობისას, იუსტიციის სამინისტროში, ე.წ. `ალაფურშეტებში~ იხარჯებოდა ასტრონომიული თანხები, განსაცვიფრებლად დიდი თანხები და ამ თანხებს სამინისტრო წერდა. ახლა რომ საუბრობენ უგულავასა და მერაბიშვილზე, აქტივისტებს ურიცხავდნენ ფულებს და პარტიაზე ამუშავებდნენო, ვინ მოიფიქრა ეს სისტემა? რა თქმა უნდა, სააკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის დროს უამრავი თანხა აქვს სწორედ ამ მიზნებისთვის გაცემული. ასი ათასობით ლარი გადაირიცხა მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ოპოზიციური ხუთჯვრიანი დროშები დაემზადებინათ და ის ყველა გამვლელს ჰქონოდა, ეს საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა.
- და სად არის ახლა ეს დოკუმენტები?
- გეტყვით. ეს დოკუმენტები მაშინ ამერიკის იმჟამინდელ ელჩს, რიჩარდ მაილსსაც გავუგზავნე, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ, საელჩომ ამ თემას უბრალოდ წაუყრუა. ეს შეგებულად გაკეთდა თუ არა, თავად განსაჯეთ. რაც შეეხება დოკუმენტაციას, ქალაქის მაშინდელმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა შეასრულა სააკაშვილის დავალება და ეს დოკუმენტაცია მთლიანად გაზიდა კონტროლის პალატის არქივიდან. თუმცა, მოვახერხეთ და გადავარჩინეთ საკმარისი და ყველაზე საინტერესო დოკუმენტაცია. მთავარია ვინმე დაინტერესდეს და ამ დოკუმენტაციას მისცეს ლოგიკური სვლა, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოითხოვს. თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ როგორც მე გავიგე, გრიგალაშვილი, რომელმაც არაერთი უკანონო საქმე აწარმოა, ახლაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს და თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- სხვათაშორის, მაშინ ბევრი წავიდა და თქვენ რატომ არ დატოვეთ საქართველო?
- იყო პირდაპირი მუქარები, დაგიჭერთო, მაგრამ მე მართალი ვიყავი და მჯეროდა, რომ ჩემ სიმართლეს გავიტანდი. ახლა რომ ამბობენ, არ შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის პირების დაპატიმრება, ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და არსად წავლენო, მე არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი? ის მინისტრები, პანტა-პუნტით რომ იჭერდნენ, არ იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები? თუ გავრბოდით სადმე?! თურმე ვანო მერაბიშვილი წაიყვანეს პროკურატურაში და ეს როგორ გაუბედეს. მაგათი მოგონილია ღამე საკნიდან ხალხის გაყვანა და ათიდან რვა შემთხვევაში, უკან აღარ შეყავდათ, კლავდნენ ეს არამზადები და ახლა აღარ ახსოვთ ხომ?! ამას როგორ ამბობენ, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს სულ ცოტა მაინც.
- თქვენმა ფოტოებმა მაშინ მსოფლიო მოიარა. როგორ ხდებოდა თქვენი წამება და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ მოგაკითხათ ვინმემ?
- მათიას იორში ხომ გახსოვთ? მაგათი მეგობარი რომ იყო და ყველა არჩევნებზე რომ ამბობდა, დემოკრატიულად ჩატარდაო? ის იყო შემოსული და იორშმაც კი ვერ დამალა ის, რაც იქ ხდებოდა. მან სტრასბურგში განაცხადა, რომ ის პირობები, რომელშიც სულხან მოლაშვილი ჰყავთ, წამებასთან არის გათანაბრებული და ევროპაში ნებისმიერი ღორი უკეთეს პირობებში იმყოფებაო. მე მეშვიდე საპყრობილის მინუს მეორე სართულზე, ანუ სარდაფში ვიყავი. არ მქონდა გაზეთი, არ მომცეს ბიბლია, არ მომცეს სანთელი, თამბაქო, ჰიგიენის არანაირი საშუალება, კბილის ჯაგრისი, არ იყო წყალი და შუქიც კი გამომირთეს. უკუნეთ სიბნელეში ვიყავი. ახლა კიდევ ვანო მერაბიშვილმა გააპროტესტა, ტელევიზორი არ მაქვსო. თურმე პროკურორი უხეშად ესაუბრება... ასეთი ცინიზმი გაგიგიათ? მე მარტო განცხადება კი არ გავაკეთე მაშინ წამებაზე, არამედ სურათებით დავასაბუთე. მაშინ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ადეიშვილის მეთაურობით ამტკიცებდნენ, რომ გამოიძიებდნენ ამას და დაადგენდნენ, ვინ ჩამაგდო ასეთ დღეში. ამას სიტყვით ამბობდნენ, თორემ ჩემი საქმე თაროზე შემოდეს. არ იცოდნენ იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, რომ მათი კაბინეტის ქვემოთ ასეთი საკნები იყო? იცოდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ ესეც საკმარისია პასუხის მოსათხოვად.
- წეღან მუქარა ახსენეთ და ვინ გემუქრებოდათ?
- გიგა ბოკერია იყო ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ჩემი და სწორედ მან შემომითვალა, თუ ქვეყანას არ დატოვებ და არ გაჩუმდები, ორთაჭალაში გაგამწესებო. არ შევეპუე და შედეგიც მივიღე. მერე კი, როცა ჩემი წამება დაიწყეს, რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩემს წამებაში ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
- ბატონო სულხან, შეგიძლიათ გვარები დაასახელოთ?
- ვალერი გრიგალაშვილი და გიგა ბოკერია. პირდაპირ ვადებ ხელს, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემს წამებაში.
- ანუ, ბოკერია თქვენ წამებას ესწრებოდა?
- კი არ ესწრებოდა, მონაწილეობდა, უშუალოდ მონაწილეობდა ჩემ წამებაში. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ბოკერია და გრიგალაშვილი. მე, როგორც ერთ- ერთი თანამებრძოლი დღევანდელი ხელისუფლებისა და ერთ-ერთი გულშემატკივარი, დღენიადაგ ვიმედოვნებდი და ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად დაიწყებს ასეთი საქმეების გამოძიებას. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ეს ხელისუფლება იქნება განწირული მარცხისთვის მომავალ არჩევნებზე. შეგახსენებთ პრეცედენტს მსოფლიო პრაქტიკიდან, როდესაც 1973 წელს, ჩილეში პინოჩეტმა დიქტატურა დაამყარა და ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები. 40 წელი გავიდა მას შემდეგ და რამდენიმე თვის წინ, ჩილეს მოსამართლეთა ეროვნულმა ასოციაციამ საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე მოიხადა ბოდიში, იმის გამო, რომ სასამართლო ხელისუფლება არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანები დაეცვა განუკითხაობისგან. 40 წლის შემდეგ გაილანძღა ის ხალხი, ვინც მაშინ იდგა მართლმსაჯულების სადარაჯოზე. სხვათაშორის, პინოჩეტი მსოფლიოში დიქტატორის სინონიმადაა აღიარებული და 16-მილიონიან ჩილეში 50 ათასი პატიმარი ჰყავდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა არავითარი არგუმენტით არ შეიძლება და მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც მოვისმინე, მჯერა, რომ ხელისუფლება დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას. ასეთი განცხადება, რაც გაკეთდა, კვალიფიცირდება, როგორც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ წართმეულ კერძო საკუთრებას ვინმეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან შესაძლოა, ამით კეთილსინდისიერი მყიდველი შეწუხდეს. საზოგადოება უნდა შეწუხდეს, უნდა გავიჭირვოთ ჩვენ და სახელმწიფომაც და სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამაზე უარის თქმას არგუმენტი არ აქვს. სხვათაშორის, როცა ეს პრეცედენტი მოხდა ჩილეში, მოსამართლეთა კორპუსმა განაცხადა, რომ ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ამ ქვეყანაში მუდმივად იარსებებდა პრეცედენტი იმისა, რომ ადამიანის უფლებები შესაძლოა, ტოტალურად დაირღვეს და პასუხი არავინ აგოსო.
- სხვათაშორის, ამბობენ, რომ სწორედ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნისთვის თავის ვერგართმევის გამო გაუშვეს მთავარი პროკურორი...
- აქედან ასე ჩანს, რომ წინა პროკურორმა ვერ თუ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. შესაძლოა, იყო სურვილი და არ იყო ნება. ახლაც გაოცებული ვარ, როცა სამსახურიდან უშვებენ ისეთ გამოცდილ კადრებს, როგორიც ლაშა ნაცვლიშვილია, მიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის პარლამენტში ისეთი ხალხი, ვინც ხელი შეუწყო გამოძიების მცოდნე კადრების გაშვებას, რათა ასეთ საკითხებს არ მოჰყოლოდა გაგრძელება. მე არ ვამბობ, რომ არ არის კადრები, პირიქით, ახალი გენერალური პროკურორი და ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი საინტერესოდ და კარგად უძღვებიან საქმეს და იმედია, ბოლომდეც მიიყვანენ.
- ბატონო სულხან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერაბიშვილსა და ახალაიაზე ამბობენ, პოლიტპატიმრები არიანო...
- იქნებ ჯერ იმ პატიმრებს მივხედოთ, რომლებსაც დოკუმენტალურად აქვთ პოლიტპატიმრის სტატუსი. მე არ მინდა რომელიმე პატიმარს ცუდი ვუსურვო, მაგრამ საზოგადოებაში კარგად რომ გავჩხრიკოთ, იქამდე მივალთ, რომ ბევრი დანაშაული სწორედ ახალაია-მერაბიშვილამდე მივა და მათ ხმის ამოღების საშუალებაც კი აღარ ექნებათ. ჩემი აზრით, კოჰაბიტაციის მცდარმა და გაუგონარმა სურვილმა ისე აალაპარაკა საბრალდებო სკამზე მსხდომი პირსისხლიანი ჯალათები, რომ ლამის მორალი წაგვიკითხონ იქიდან. ნაწილ-ნაწილ ასრულებენ კოჰაბიტაციას და ამ შემთხვევაში ჯაჭვლიანს ვგულისხმობ. სოსომ იმიტომ გააკეთა ეს და იმიტომ მოიქცა ასე პარლამენტში, რომ ჩვენ ყველამ ერთად, სხვა საშუალება არ დავუტოვეთ. როცა გამოძიება მივა იმ დონეზე, როცა სიმართლე გაირკვევა და ყველას მისაგებელი მეიგება, სოსო ჯაჭვლიანისნაირი ბიჭები პირველ რიგში მივლენ იმათ საშველად და როგორც ადამიანს, ისე შეიწყნარებენ. მაგრამ ეს მეორე ეტაპია, ახლა რაც ხდება, არის აშკარა სიგნალი იმისა, რომ ხალხში არათუ დაგროვილია უარყოფითი მასა ნაციონალების მიმართ, არამედ საუბრები შურისძიებაზე მიდის. ხელისუფლებამ სამართლიანი საზღაურით უნდა ურწყას ყველას ჩადენილი დანაშაული.
- ბატონო სულხან, თქვენ ხომ არ მიგიღიათ რაიმე შეთავაზება ამ ხელისუფლებისგან?
- არა, არავინ დამკავშირებია. გარიდებული ვარ სიტუაციას. ისე, იმის მიუხედავად, რომ პატრიარქის გამოყვანილი ვარ, სისხლის სამართლის საქმე მაინც აღმიძრეს და 2012 წლის არჩევნების მერეც კი, ნაციონალების ჯიბის მოსამართლეები დიდ ხანს აგრძელებდნენ ჩემი საქმის განხილვას. ახლა საფრანგეთში ვარ და ჩემთვის საადვოკატო პრაქტიკას ვეწევი. რომ ჩამოვალ, მერე ვნახოთ რა იქნება. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ხელები მექავება, ისე მინდა ჩამოსვლა და ჩემი წვლილის შეტანა. მწამს ამ ბიჭების და მინდა, მხარში დავუდგე ამ ხელისუფლებას და არ აქვს მნიშვნელობა, ადვოკატი ვიქნები, რიგითი მოქალაქე თუ დამოუკიდებელი იურისტის. ძალიან მჯერა ღარიბაშვილის და განსაკუთრებით ახალი ძალოვანი მინისტრების. შინაგანად მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- წარმატებებს გისურვებთ
- მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს და მთელ საქართველოს აქედან ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.