"ბიძინასთან ვლაპარაკობთ ყველაფერზე, "შალახოს" გარდა"

"ჩვენ მოვახდინეთ ბიზნესის დეპოლიტიზაცია, მოიხსნა სახელმწიფოს ზეწოლა ბიზნესზე, დაფუძნდა საინვესტიციო ფონდები, რამაც უნდა მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რასაც ბიზნესის მყარ და ჯანსაღ ფუნდამენტზე აშენება ჰქვია. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ძალიან მცირეა ყოფილი სსრკ ქვეყნების ფონზეც კი. მცირეა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილიც - 20% (მაშინ როცა 40-60% მაინც უნდა იყოს). ამას გარდა, გაირკვა რომ ბიზნესი ძირითადად საბიუჯეტო ინვესტიციების ხარჯზე ფუნქციონირებდა და არც ესაა მდგრადი ეკონომიკის საფუძველი. ეს რთული და გრძელვადიანი პრობლემები აუცილებლად უნდა გადაწყდეს, მაგრამ პირველ წელს, სანამ ეკონომიკა გაძლიერდებოდა, სოციალური პროექტებით მყისიერი შვება მივეცით ხალხს იმით, რომ არ გადაიხდიდნენ ფულს სახელმძღვანელოებში, მკურნალობაში, ხელი შევუწყვეთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და ა.შ." - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დოვლათის გადანაწილება მოსახლეობაში ძალზედ არათანაბარია".

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დემოკრატიული რეფორმების გატარება გახლდათ. 2013 წლის მეორე ნახევრიდან, როცა გამოცხადდა საარჩევნო კამპანია, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია დემოკრატიული, თანამედროვე, დასავლური სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამას ადეკვატური შეფასება მისცა როგორც ქართველმა საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა. საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციას. 2013 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე ქართველმა სამართალდამცავებმა შეძლეს ვითარების სრულად და კანონის ფარგლებში გაკონტროლება, რითიც უზრუნველყვეს ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და მშვიდი ფონი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის. აღსანიშნავია ასევე მასმედიის თავისუფლების ხარისხი და თუ გავიხსენებთ, როგორი წნეხი იყო მედიაზე წინა ხელისუფლების დროს, ეს განსხვავება თვალსაჩინოა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი.

"ჩვენ მოვახერხეთ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, რაც არ ახსოვს ქართულ პოლიტიკას. კოალიციურ რეჟიმში ჩვენ მოვახერხეთ კოაბიტაციის გავლა სერიოზული ექსცესების გარეშე, დავასრულეთ კოაბიტაცია და არც კოალიცია ჩამოყალიბებულა ერთ პარტიად და არც დაშლილა. დასასრულ, 2013 წელს საქართველოში მოხდა ნებისმიერი ქვეყნის პოლიტოლოგებისთვის ძალიან საინტერესო ფაქტი - ბიძინა ივანიშვილის წასვლა თანამდებობიდან. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა შესწავლის თვალსაზრისით, რადგან ასეთი რამ არათუ ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქაშიც არ ხდება. არა მგონია, რომ ეს მოვლენა ჯერჯერობით სათანადოდ შეაფასა ქართველმა საზოგადოებამ, თუნდაც მისმა ინტელექტუალურმა ნაწილმა. ამას უფრო სპონტანური რეაქციები მოჰყვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ქართველ საზოგადოებაზე, პოლიტიკასა და სახელმწიფოზე მრავალი წლის განმავლობაში. აი, ასეთი იყო ჩემთვის გასული 2013 წელი", - განმარტავს გიორგი მარგველაშვილი.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ შევძელით, ბიზნესის განვითარებაა. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა საბიუჯეტო ხარჯებზე კი არ იყოს დამოკიდებული, არამედ მათ უნარსა და ცოდნაზე. ჩვენ ასევე ვერ შევძელით გარკვეულწილად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამას ხშირად არასწორად უწოდებდნენ პიარს. ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ დაახლოებით ასეთი ფრაზა: მიშას რომ ეს თემა ჰქონოდა, სხვაგვარად გააპიარებდაო. ეს არ არის მხოლოდ პიარის საქმე და ვფიქრობ, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ჩვენ უკეთ შეგვეძლო. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი ის იყო, რომ ვხვდებოდი უამრავ ადამიანს და ვუყვებოდი მათ, რა გააკეთა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში და ეს უაღრესად პოზიტიურად მოქმედებდა აუდიტორიაზე, რაც გამოიხატა იმ მხარდაჭერაში, ამომრჩეველთა პროცენტულ რაოდენობაში, რამაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამარჯვება მოგვიტანა არჩევნებში. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ აქტორებს ნაკლები დრო უნდა დაეთმოთ ოპოზიციის მიერ შემოგდებული, მეორეხარისხოვანი თემების განხილვისთვის, თავად უნდა შექმნან დღის წესრიგი - შენი ქვეყნის მოსახლეობა არა პიარისათვის, არამედ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად უნდა იყოს ინფორმირებული იმ საქმეების შესახებ, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"რუსეთის ფედერაციისათვის ყველაზე უსაფრთხო საზღვრები სწორედ ის საზღვრებია, რომელიც რუსეთს ევროპასთან აქვს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ დავინახეთ რუსეთის ფედერაციის ლოგიკა უკრაინის საკითხში, რომელიც ამბობს - ან ჩემია, ან სხვისიო. ამან დაგვანახა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხედვა შესაძლოა გავრცელდეს აღმოსავლეთპარტნიორობის სხვა ქვეყნებზეც. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, არც განგაშს ვტეხთ და არ ვამბობთ, რომ მგელი მოდის, მაგრამ წინარე გამოცდილება, უკრაინის მაგალითი, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ასეთი ხედვა არსებობდეს. მაგრამ ამ საფრთხეებს რომ ავწონით, ვხედავთ, რომ რუსეთს ამოწურული აქვს საქართველოზე ზეწოლის, ასე ვთქვათ - "ზეწოლის პოზიტიური პოტენციალი", რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებთან აქვს შემორჩენილი. ჯერჯერობით, რუსეთ-საქართველოს შორის არ არსებობს ისეთი პოზიტივი, რაზეც პედალირებით ის შეძლებს საქართველოს თავისუფალი არჩევანის შეცვლას. და კიდევ, მე არ ვიცი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელიც ასე კონსოლიდირებული იქნებოდა თავის ევროპულ არჩევანში", - დასძენს გიორგი მარგველაშვილი და შეკითხვას - "თუ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი მკაფიო და ნათელია, სამაგიეროდ, ბუნდოვანებაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში...", - პასუხობს:

"ჩემი აზრით, ამ ორი ქვეყნის მომავალი, ისევე როგორც ეს ისტორიულად იყო, რთულია. თუმცა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ, ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვითარდება: ანუ ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი - ჟენევა და პრაღა. პრაღა, ძირითადად, ორიენტირებულია კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც თავისთავად პოზიტიურია. ამ ორი ფორმატის განცალკევება სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ნელ-ნელა ღვინის, მინერალური წყლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა რუსეთის ბაზარზე, რაც ქმნის დადებით ფონს და ამ ფონმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა ჩვენ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ საკითხებზე. პოლიტიკურ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ ომს, რომელიც წარმოებს ორ სახელმწიფოს შორის, ლოგიკა უნდა ჰქონდეს. თემური წყობილების დროს გასართობად ომობდნენ. რაც ადამიანები გადავიდნენ ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე, ომს აწარმოებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესებისთვის. შესაბამისად, ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობას თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს. 2008 წლის ომი ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო ომი იყო, რომლის შედეგადაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯი შეილახა, როგორც მეზობელი ერის მჩაგვრელისა, რომელთანაც აკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული თანაცხოვრება. არც ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ყოფა გაუმჯობესებულა, ვინც მავთულხლართებს მიღმა დარჩა. საქართველოსთვის ეს იყო ტრაგიკული და მძიმე დარტყმა. ამ ვითარების შენარჩუნება არავის უნდა აძლევდეს ხელს. საქართველოს დემონიზაცია ვეღარ მოხდება, ვერ მოხდება საქართველოს წარმოჩინება როგორც აგრესორისა, რადგან საქართველოს მთავრობა ძალიან რაციონალურ, მშვიდ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას უნდა აძლევდეს ხელს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური მეზობელი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის, მის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისკენ, სიტუაციის დამშვიდებისა და გარემოს დაწყნარებისკენ. ასეთია ლოგიკური სცენარი".