გააყალბა თუ არა პროკურორმა ჩივიაშვილმა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე?

გააყალბა თუ არა პროკურორმა ჩივიაშვილმა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე?

2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. მისი მკვლელობისთვის სასჯელს იხდის "რუსთავი 2"-ის ოპერატორი გიორგი ბარათელი, რომელმაც თავის დროზე დანაშაულის აღიარების მიუხედავად, შარშან ოქტომბერში ციხიდან გამოგზავნილ წერილში თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. როგორც პატიმარი, ასევე აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე პროკურატურისგან მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ. დაცვის მხარე ამ საქმის გაყალბებაში იმჟამინდელ პროკურორს - გიორგი ჩივიაშვილს ადანაშაულებს, რომელიც ყველა სასამართლო ინსტანციაში სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოადგენდა. 

- ბატონო გიორგი, რა უტყუარი მტკიცებულებებია საქმეში, რაც გიორგი ბარათელის ბრალეულობას ადასტურებს?
- როგორც ჩანს, ეს ადამიანები ცრუ ბრალდებების გავრცელებას არ მოეშვებიან. მე ამაყი ვარ იმით, რომ შარაძის მკვლელი დღესაც ციხეშია. დიახ, ბარათელმა მოკლა გურამ შარაძე. არსებობს მოტივი, რატომაც უნდა მომხდარიყო დანაშაული. ეს მოტივი გამოკვეთილია საქმეში - ბარათელს გურამ შარაძის ვაჟთან ჰქონდა უსიამოვნება. თავად გურამ შარაძესაც ჰქონდა ბარათელთან შეხება: გახსოვთ, ადრე იყო ასეთი პროგრამა, არასრულწლოვანთა კოლონიიდან გამოჰყავდათ მოზარდები, რომლებსაც დეპუტატები მეურვეობდნენ, ასაქმებდნენ და ა.შ. ანალოგიური რამ მოხდა გურამ შარაძის მხრიდან ბარათელის შემთხვევაშიც. შემდეგ იგი გახდა "რუსთავი 2"-ის ოპერატორი. თუ სწორად მახსოვს, "კომედი შოუს" სკეტჩებს იღებდა და გურამ შარაძის ვაჟთან თანამშრომლობდა. შემდეგ შარაძე და ბარათელი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად საზღვარგარეთ წავიდნენ. მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის შემდეგაც ბარათელი ამ ოჯახის მიმართ მტრულად განეწყო. ევროპაში მას ციხეში ჯდომამაც მოუწია. საქართველოში დაბრუნებულს, დედა გარდაეცვალა. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი ყველაფერს ცუდს, რაც კი მის ცხოვრებაში ხდება, შარაძეებს უკავშირებს და ჰგონია, რომ ცხოვრება ამ ადამიანებმა აურიეს. შურისძიებით ანთებული ბარათელი მაღაზიაში ყიდულობს თთ-ს სისტემის პისტოლეტს, იფორმებს და მიზნად ისახავს გიორგი შარაძის მოკვლას. მან ერთ-ერთი საუბრისას ისიც მითხრა, რომ მთელი ოჯახის ამოწყვეტას აპირებდა. ადგილზეც მივიდა, მაგრამ შესვლა ვერ გაბედა. თავიდან ეს ადამიანი არ ფიქრობდა კონკრეტულად გურამ შარაძის მოკვლას; უნდოდა, მისი ვაჟი მოეკლა, მაგრამ ერთ დღესაც, რუსთაველის გამზირზე სრულიად შემთხვევით შეხვდა გურამ შარაძეს, რამდენჯერმე გასცდა, ჩამორჩა კიდეც, ბოლოს კი შემობრუნდა და როცა გაუსწორდა, მაშინ ესროლა ერთი ტყვია, მეორე კი - წაქცეულს. გზის მეორე მხარეს მყოფმა პატრულმა გამოიძახა დამხმარე ეკიპაჟი. გამოეკიდნენ ბარათელს. ის ეზოში შევარდა და ორმხრივი სროლისას მხარში დაიჭრა. შემდეგ შეხტა ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში, საიდანაც პოლიციამ ჩამოსვა. იქ იყვნენ ადამიანები და არიან მოწმეები, ეს შემთხვევა გადაიღო "თი-ბი-სი ბანკის" ვიდეოკამერამ ანუ ყველაფერი გადაღებულია: როგორ ესვრის, კლავს და აკავებენ ბარათელს. დღემდე ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ მის ადვოკატებს ასეთი არაეთიკური ტყუილი.

- მეორე მხარის ვერსიით, ეს იყო დაკვეთილი მკვლელობა, რომელშიც ბარათელს მონაწილეობა არ მიუღია. 

- საქმეში არის მოტივი, აღიარება, ჩვენებები, ვიდეოფირი, იარაღი, რომელიც იყიდა და დაირეგისტრირა მკვლელმა, არსებობს გვამიდან ამოღებული ტყვიის გულები. ბარათელი პოლიციელებმა დაჭრეს და არის 30-ზე მეტი პოლიციელის ჩვენება, არიან თვითმხილველები, თანაც - მკვლელობა მოხდა დღისით-მზისით მელიქიშვილზე, სადაც ასობით ადამიანი მოძრაობდა. რაში სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ ყოფილა? ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ იმას, რომ გურამ შარაძის მკვლელი არის უდანაშაულო, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი აღიარებს კიდეც დანაშაულს. რაღაც პერიოდი გაჩუმდებიან, მერე ისევ წამოსწევენ ამ თემას და ასე გრძელდება დაუსრულებლად.


- ადვოკატმა თქვა, რომ ბარათელი სასამართლო პროცესებზე ნარკოტიკებით გაბრუებული შემოჰყავდათ, ნარკოტიკული ექსპერტიზის ჩატარებაზე კი პროკურორმა ჩივიაშვილმა კატეგორიული უარი გვითხრა და საერთოდ, არც ერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილაო. რა შუამდგომლობები იყო ასეთი, არც ერთი რომ არ მოგეწონათ?

- რამდენი პატიმარიც მიჰყავთ სასამართლოში, ყველას ექსპერტიზას ხომ არ ჩავუტარებდით ან რატომ უნდა დაეჭვდე, რომ ადამიანი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ნარკოტიკულ თრობაშია? უფრო მეტიც, მათ დააყენეს ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა: ოქრუაშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა. თქვა, - პოლიტიკური მკვლელობების შესახებ რაღაცები ვიციო, - და შეიძლება, ამ საქმეზე ლაპარაკობდაო. მართლაც იყო უტოპიური შუამდგომლობები, რომლებსაც მხარი არ დავუჭირე. არაადეკვატურად ბარათელი კი არა, დაცვის მხარე იქცეოდა. 

- შარშან ბარათელმა ციხიდან მოწერილ წერილში თქვენც მოგიხსენიათ. თქვა, რომ პოლიციაში მიყვანისას სასტიკად სცემეს და ამას თქვენც ესწრებოდით. უფრო მეტიც - თქვენი მითითებით ახდენდნენ მასზე ზეწოლას, რის შემდეგაც გამოძიებაში აღიარებითი ჩვენებაც გამოსძალეს.

- კარგი, რა, რომელ ზეწოლაზეა ლაპარაკი?!. მაშინ მეორე მხრიდან შევხედოთ და გკითხავთ, რა უნდა ყოფილიყო ჩემი მიზანი, ეს რომ გამეკეთებინა? 

- მიზანი ის შეიძლება ყოფილიყო, რომ ნამდვილი მკვლელის ვინაობა დაგემალათ. თანაც, არ დაგავიწყდეთ, დღემდე ეს მკვლელობა დაკვეთილ მკვლელობათა რიგშია...
- სხვათა შორის, ამ ვერსიაზეც ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ამ ოჯახის მიმართ პირადი შურისძიება გამოიკვეთა. ბარათელს პირადი მოტივის გარდა, არაფერი ამოძრავებდა. ეს ადამიანი მე პოლიციაში კი არა, უკვე დაკავებული ვნახე. მან არათუ აღიარა, არამედ ეამაყებოდა, რომ გურამ შარაძე მოკლა. 

- მკვლელობის ადგილზე მართლა მივიდა კონსპირაციულად ვანო მერაბიშვილი?

- არა, რა ვანო მერაბიშვილი?! ამბობენ, - გვამი დიდხანს გააჩერეს ადგილზეო. ეს იმიტომ, რომ საერთოდ, შემთხვევის ადგილზე ხდება გვამის დაფიქსირება: უნდა შემოიხაზოს ცარცით, უნდა მოხდეს სრულად დათვალიერება, მასრების ამოღება და სხვა. ლაპარაკია იმ პროცედურებზე, რაც ჩატარდა. შეგიძლიათ, მაშინდელი კადრები ნახოთ - რა პერიოდი დასჭირდა მიცვალებულის გადასვენებასა და მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო ორგანოს კონკრეტული მოქმედებების ჩატარებას. ამდენი წელი ლაპარაკობენ ერთსა და იმავეს და თუ ჰყავთ, გამოაჩინონ ის მოწმეები, იქნებ ჩვენ დაგვიმალა ვინმემ რამე?.. სიმართლე გითხრათ, ოჯახისგან მადლობას ველოდი იმის გამო, რომ შარაძის მკვლელი ციხეშია. გურამ შარაძე არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, ის იყო საზოგადო მოღვაწე და ბევრ ადამიანთან ერთად, მას მეც დიდ პატივს ვცემდი. ამ ადამიანის მკვლელი სასჯელს იხდის ჩადენილი დანაშაულისთვის, ამის სანაცვლოდ კი ვიღებთ გაუთავებელ ბრალდებებს და შეურაცხყოფას. თან, მაინცდამაინც მაშინ ტეხენ ერთ ამბავს, ტელევიზიით რომ გამოვჩნდები. ახალ-ახალი ტალღა მოდის ჩემს წინააღმდეგ. სხვათა შორის, სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ ჟურნალისტები და რა კითხვის ნიშნებზეა ლაპარაკი?!


- "ალდაგის" სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ფირებზე რას იტყვით? დაცვის მხარე ამბობს, რომ მათ ეს ფირები არ გადაეცით, გურამ დონაძის მიერ დაჭრილი და დამონტაჟებული ფირები კი არ იძლეოდა ნამდვილი მკვლელის იდენტიფიცირების საშუალებას. 

- არ მახსოვს ასეთი რამ. რომ ეთქვათ, ფირები გადმოგვეცითო, გადავცემდით. მართალია, არ არის იდეალური ხარისხის ფირი, მაგრამ სასამართლო დარბაზში ფირის გაშვებისას ყველამ ნახა, როგორ უთითებდა ბარათელი - თვითონ რომელი იყო, როგორ მოძრაობდა, რის მერე გამოჩნდებოდა და ყველაფერი დაემთხვა, ყველა მისი მომდევნო მოძრაობა. იქ მთელი სცენარი ჩანს, მოგონილი ხომ არ არის? ან დონაძე "საიდან მოიტანეს"?! ეს საქმე, სავარაუდოდ, არქივშია, თავისი მტკიცებულებებით და თუკი ვინმეს ჰგონია, რაღაც ისე არ არის, ნებისმიერ დროს სიამოვნებით გავცემ ყველას პასუხს. მაგრამ უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანები ასე უტიფრად ცრუობენ, თითქოს მე ვიღაცაზე ზეწოლა მოვახდინე, რაღაც გავაყალბე. მახსოვს გადაჭედილი დარბაზები, რომელიც ბოლო პროცესებზე დაცარიელდა. ყველამ დაინახა, რაც მოხდა და დარწმუნდნენ სიმართლეში... მახსოვს, ამბობდნენ, - მკვლელობა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დაუკვეთაო, ბრალდებების მთელი კასკადი იყო, მაგრამ არსებობს საქმე და მტკიცდება, რომ ბარათელმა მოკლა შარაძე. წლების შემდეგ, ბარათელმა აზრი შეიცვალა, მან რამდენჯერმე გადათქვა და აღიარა მკვლელობა. სულაც რომ არ ეღიარებინა, სხვა დანარჩენი მტკიცებულებების ერთობლიობა სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ის სასამართლოს დამნაშავედ ეცნო. უბრალოდ, იმიტომ ამომიჩემეს, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ვარ, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და უნდათ, ყველაფერი ერთმანეთს მიაბან. პროკურორი ვიყავი, 100-ზე მეტ საქმეში ვარ გასული ბრალმდებლად და ყველაზე ძლიერი მტკიცებულებები ამ საქმეში იყო.

- ისიც ითქვა, რომ ამ საქმის დასრულების შემდეგ თქვენ დაგაწინაურეს, ვინაიდან წარმატებით შეასრულეთ მაღალჩინოსნების მითითება...
- ვინ უნდა ჩარეულიყო, არ გადამრიოთ, რა უნდა მიეთითებინათ?! ყველაფერი ხელისგულზე იდო. ან სად დამაწინაურეს?! იმის მერეც პროკურორი ვიყავი, ოლქის პროკურორი, მერე საერთოდ წავედი სისტემიდან, კახეთში, ერთ-ერთი რაიონის გამგებლად ვიმუშავე, გავხდი მაჟორიტარი დეპუტატი, სხვათა შორის - არჩეული. 

- თქვენი აზრით, პროკურატურა დაიწყებს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გადახედვას?
- რა აზრი აქვს, არის რაიმე ახალი გარემოება? ის ხომ არა, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ვარ? პატიმრები ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ბუნებაში ამის საფუძველი არ არსებობს. ქექონ, რამდენიც უნდათ. ბარათელი, ბუნებრივია, რაღაცას მოიგონებს. მისთვის ხელსაყრელია, როცა დაზარალებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და რატომ უნდა გაჩუმდეს?! მას აქვს შანსი, ისპეკულანტოს და ამას ხელიდან რატომ გაუშვებს? ნაკლებად მგონია, ეს საქმე გადაიხედოს - როგორც წესი, ჭორების საფუძველზე საქმეების გადახედვა არ ხდება.