მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ახდა ისტორიული ოცნება და კინტოურის ფონზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, სავარაუდოა, რომ ამ ფაქტით აღტკინებული მასები, კოლექტიურად და ინდივიდუალურად ჩაებმებიან ამ 1000-გვერდიანი დოკუმენტის დეტალურ შესწავლაში. მავანნი იმასაც გვპირდებიან, რომ ამ ტექსტის ქართულ თარგმანსაც დაგვაწევენ.
რაც გვიყვარს, გვიყვარს - ეს კანონმდებლობათა გულდასმით კითხვა და ანალიზია. რადგანაც მოსახლეობამ და ხელისუფლებამ უკვე ღრმად შეისწავლა და გაითავისა ვაჭრობის მსოფლიო ორგნიზაციის (WTO) ფუძემდებლური დოკუმენტები და დადგა დრო, გადავერთოთ ევროკავშირის კანონმდებლობის ღრმა და ყოვლისმომცველ შესწავლაზე. ზამთრის სუსხიან საღამოებში, ამ 100 000-ზე მეტი სამართლებრივი აქტის გაცნობა დიდ ინტელექტუალურ სიამოვნებას მოგვანიჭებს.
და, ვიდრე ჩვენ კითხვით ვიქნებით გართულები, მოლდაველები, ევროკომისიის ვილნიუსის გადაწყვეტილების საფუძველზე, უვიზოდ მოეფინებიან შენგენის ზონის ქვეყნებს . ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო euobserver.com-მმა 21 ნოემბერს გამოაქვეყნა, შავ ფერებში აღწერილი, მოლდოვაში არსებული სიტუაცია, სათაურით: „მოლდოვა და ევროკავშირი - გრძელი გზა არსაით“.
როგორ მოახერხეს მოლდოველმა დიპლომატებმა და პირადად საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრმა, ქ-ნ ნ. გერმანმა ერთ კვირაში ევროკავშირელ პარტნიორთა აზრის და პოზიციის 180 გრადუსით შემობრუნება და არსაით მიმავალი გზით, შუაგულ პარიზში აღმოჩენა - აუხსნელ გამოცანად რჩება.
ჩვენ კი, ვილნიუსის სამიტზე საკითხავად და სავარაუდოდ, შესასრულებელი დოკუმენტების გადმოცემისთვის, მადლიერების ნიშნად, ისტორიული შანსი გვეძლევა, რათა სანაცვლოდ რაიმე ვაჩუქოთ ევროკავშირს.
ამ საკითხზე კონკრეტული წინადადება აქვს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს. იგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროკავშირს, ნატოსა და ევროსაბჭოს შესთავაზონ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში რომელიმე მათგანის რეგიონალური ცენტრი გახსნან.
ამგვარი საჩუქრის მიღებამ, შესაძლოა სულზე მიუსწროს ევროკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, ვინაიდან ამ ორგანიზაციაში უმწვავესად დგას საკითხი იმის თაობაზე, თუ სად უნდა მდებარეობდეს ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის პარლამენტი, რომელსაც ზედმეტ სახელად „ბაბილონის გოდოლ“, ხან კი „მოხეტიალე ცირკსაც“ უწოდებენ. ამ საკითხის გადაუჭრელობის გამო, მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები ევროკავშირიდან გასვლითაც კი იმუქრებიან.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ევროკავშირს და საქართველოს ანალოგიური საკითხები აწუხებთ - ორივესთვის პრობლემატურია, რა უყონ პარლამენტის შენობებს, საქართველომ - ქუთაისში, ევროკავშირმა - სტრასბურგში.
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს უთავბოლობასთან, უხარისხობასთან, თანხების მითვისებასა თუ უაზროდ გაფლანგვასთან.
„ძვირადღირებული სიგიჟე“ უწოდა მისი რეპორტაჟის სათაურში, CNN-ის კორესპონდენტმა შადბოლტმა, 2012 წლის ივლისში, ქუთაისში ახალგახსნილი პარლამენტის შენობას. მართლაცდა, ღარიბ და ელიტარულ კორუფციონერთა მიერ გამოღრღნილ ქვეყანაში 40 000 კვ.მ პარლამენტის მშენებლობაზე, თავდაპირველი მონაცემებით - 80, ბოლო მონაცემებით კი - 211 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ე.ი. კვადრატული მეტრის მშენებლობის ფასმა 5 275 დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 1999 წელს დასრულებული, სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობის ფართი 220 000 კვ/მეტრია. მისი აშენება 470 მილიონი ევრო დაჯდა, ე.ი. ერთი კვადრატული მეტრის მშენებლობის ფასი, იმ დროს, 2 136 დოლარს შეადგენდა.
სტრასბურგში მდებარე პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული პრობლემები შემდეგში მდგომარეობს: ევროპარლამენტს ორი ძირითადი შენობა გააჩნია - ერთი ბრიუსელში, მეორე კი სტრასბურგში. ამ ქალაქებს შორის მანძილი 430 კილომეტრია. ყოველ თვე 785 პარლამენტარი და პარლამენტის აპარატის 5 000 თანამშრომელი რვა უზარმაზარ სატვირთო მანქანაზე დატვირთულ დოკუმენტებთან ერთად მოგზაურობს ამ ორ ქალაქს შორის.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სტრასბურგში თვეში ერთხელ იმართება პარლამენტის 4-დღიანი სხდომა, რაც წელიწადში მხოლოდ 48 დღეს შეადგენს. დანარჩენი 300 დღეზე მეტი ეს შენობა ცარიელია, ვინაიდან პარლამენტარები და მათი აპარატის წევრები საქმიანობას ძირითადათ ბრიუსელში ახორციელებენ. ეს ყოველთვიური მოგზაურობა და შენობის შენახვა კი ევროპარლმენტს, წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი ევრო უჯდება. ცალკე, 12 მილიონი ჯდება წლიურად ამ ცარიელი შენობის შენახვა, კიდევ 10 მილიონი - ამ შენობის ქირავნობა ქალაქის მერიისაგან.
ქუთაისის პარლამენტის მსგავსად, რომელიც აშენებული არ იყო, რომ დაშლა და ნგრევა დაიწყო უხარისხო მშენებლობის გამო, რა პროცესიც დიდი ალბათობით კვლავაც გაგრძელდება, არც ევროპარლამენტის შენობები გამოირჩევიან მაღალი სიმტკიცით. 2008 წლის 7 აგვისტოს, უხარისხო მშენებლობის გამო ჩამოინგრა სტრასბურგის ცენტრალური, ლუის ვეისის სახელობის საპარლამენტო დარბაზის ჭერის 10%.
ბედის ირონიით, ჭერი დაემხო დარბაზის იმ სექტორს, რომელიც იმ ევროსკეპტიკოსი პარლამენტარებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც პარლამენტის სხდომების სტრასბურგში ჩატარების მოწინააღმდეგი არიან. 2012 წლის აგვისტოში, მნიშვნელოვანი დაზიანებები იქნა აღმოჩენილი ბრიუსელში მდებარე სპააკის სახელობის საპარლამენტო დარბაზის შენობაშიც, რის გამოც იგი 2014 წლამდე დაიკეტა სარემონტო სამუშაოებისათვის.
უხარისხო მშენებლობის გარდა, ქუთაისსა და სტრასბურგში მდებარე პარლამენტის შენობებს ერთნაირი, კორუფციული ბედი აკავშირებს. ქუთაისის შენობასთან მიმართებაში წრმოუდგენელია, რომ მისი ერთი კვადრატული მეტრის მშენებლობა 2- ჯერ მეტი დაჯდა, ვიდრე სტრასბურგის პარლამენტის 1 კვ. მეტრის აგება.
სავარაუდოდ, ეს საქმეც კოაბიტაციის ცოცხით ჩაიფარცხება იმავე წარმატებით, როგორც ჩაიფარცხა სტრასბურგის პარლამენტის ქირავნობასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის პარლამენტის ორი ძირითადი შენობა ჰოლანდიური საპენსიო კომპანიის SCI Erasme-ის საკუთრებაა, რომელიც ამ შენობებს აქირავებს სტრასბურგის მერიაზე, რომელიც, თავის მხრივ, 25%-იანი ფასნამატით შენობებს ევროკავშირზე აქირავებს, რაც კანონით დაუშვებელია.
ამ ფაქტს „დღემდე არნახული, საშინელი ევროკორუფცია“ უწოდა ევროპარლამენტარმა, ჯეფრი ტიტფორდმა. ევროპარლამენტარებმა ამ საქმის გამოძიება მექრთამეობის წინააღმდეგ მებრძოლ ევროპულ სააგენტო Olaf-ს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს გადასცეს. სტრასბურგის ქალაქის საბჭომ უარი განაცხადა ამ ორგანოებისთვის დოკუმენტაციის გადაცემაზე. გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.
1999 წელს, სტრასბურგში, პარლამენტის ახალი შენობის გახსნის დღიდან, ევროპარლამენტართა დიდი უმრავლესობა კატეგორიულად აპროტესტებს პარლამენტის სხდომების ორ ადგილას ჩატარებას და მოითხოვს სხდომების მხოლოდ ბრიუსელში ჩატარებას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ძირითადად ფრანგი დეპუტატები და სტრასბურგის მერია.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ საკითხს ბოლოს, 2013 წლის 20 ნოემბერს დაუჭირეს მხარი დიდი უმრავლესობით ( 483 ხმით 14-ის წინააღმდეგ ) მოხსენებას, რომელშიც დაყენებულია საკითხი იმის თაობაზე, რომ თავად პარლამენტარებს მიეცეთ უფლება გადაწყვიტონ, თუ სად ჩაატარონ სხდომები. ამჟამად, სხდომები სტრასბურგში ევროკავშირის ლიდერთა ედინბურგის 1992 წლის სამიტის შეთანხმების საფუძველზე იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ „მოხეტიალე ცირკის“ წინააღმდეგ ევროკავშირის მილიონზე მეტმა მოქალაქემ, რომლებსაც მათ მიერ გადახდილი გადასახადაბის ბედი აწუხებთ, მოაწერა ხელი პეტიციას, საქმე ადგილიდან არ იძვრის.
ბიუროკრატიას ყველგან ერთი ძირითადი სენი სჭირს - იგი თვითგამრავლებისკენაა მიდრეკილი. ამჟამად ევროკავშირი სამუშაო ფართის გაზრდის მიზნით, აპირებს ბრიუსელში კიდევ ორი შენობის დაქირავებას, რომელთაგანაც ერთში 91.3 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს 12 წელიწადში, მეორეში კი - 114.6 მილიონი ევრო.
დღეს ევროკავშირის პარლამენტის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 6 200 სამოქალაქო მოსამსახურეს და პარლამენტართა 1 525 თანშემწეს შეადგენს. საერთოდ, ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის მიერ დაკავებული სამსახურებრივი შენობების ფართი 2 მილიონ კვ.მეტრს შეადგენს, რაც მონაკოს ტერიტორიის ტოლია. ყველა ადმინისტრაციულ შენობათა დაქირავება ევროკავშირს წლიურად, საშუალოდ ერთი მილიარდი, ადმინისტრაციის შენახვა კი - 9 მილიარდი ევრო უჯდება.
მოეღბა თუ არა ბოლო სტრასბურგისა და ქუთაისის პარლამენტთა მფლანგველურ ისტორიებს, ამას დრო გვიჩვენებს.
ცდა დიდხანს არ მოგვიწევს. უკვე მომავალი წლის მაისში უნდა შედგეს ევროპარლამენტის არჩევნები, რომელშიც დიდი ალბათობით ევროსკეპტიკოსები მოიპოვებენ უპირატესობას. სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტის ახალი, ალბათ გერმანელი თავჯდომარე, ევროკავშირის გაფართოების შეზღუდვისა და ევროკავშირის ბიუჯეტის ყაირათიანად ხარჯვის მომხრე იქნება, რაც ევროს არსებობა-არარსებობის საკითხსაც მოხსნის დღის წესრიგიდან.
საქართველოში გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებიც, იმედია, გარკვეულ ბიძგს მისცემს ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული მარაზმის დასრულებას.
ქართველ ნაცხროველთა ბოდვა იმის თაობაზე, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით ამ ქალაქის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, კრიტიკას ვერ უძლებს. პარლამენტის უაზრო შენობის აშენებაზე დახარჯული 360 მილიონი ლარის გარდა, ყოველწლიურად მილიონობით ლარი არის და იქნება საჭირო შენობის მოსავლელად და პარლამენტართა, თუ აპარატის მუშაკთა ტრანსპორტირებისა და საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად. ბოლო მონაცემით, ეს თანხა წლიურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული 360 მილიონი ლარი რომ გრძელვადიანი სესხის სახით გაცემულიყო ქუთაისელებზე, შესაძლებელი იქნებოდა 50 000 ლარიანი ბიუჯეტის, მცირე 7 200, ან 100 000-ლარიანი ბიუჯეტის 3 600 საშუალო საწარმოს ან ობიექტის გახსნა. პირველ შემთხვევაში, თითო ობიექტში 5 ადამიანიც რომ დასაქმებულიყო, მათი რაოდენობა 36 000 შეადგენდა. ამ საკითხზე ფანტაზირება კიდევ დიდხანს შეიძლება, რეალობა კი, სამწუხაროდ, უფრო რთულია.
ამ პირობებში ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ ბ-ნ ცაგარეიშვილის რჩევას და 360-მილიონიანი საჩუქრი გადავცეთ ევროკავშირის, რითაც ბრიუსელ-სტრასბურგის კონფლიქტსაც ამოვწურავთ და ქუთაისის პარლამენტსაც გაუჩნდება პატრონი. საჩუქრის მოცულობით კი, გინენსის წიგნშიც შეიძლება ამოვყოთ თავი და ქვეყანას, უვიზო მიმოსვლის ნაცვლად, ამ ეტაპზე, ევროპელთა დიდი მადლობაც შერჩება.