თუ ბანკი დეპოზიტზე ამბობს უარს ეს ნიშნავს იმას, რომ მას ისედაც ჭარბი ლიკვიდურობა აქვს, მოზიდული აქვს ფული საზღვარგარეთიდან და ცდილობს რამენაირად კრედიტი აგაღებინონ, რომ ფული ექსპლუატაციაში გაუშვან, თუმცა, რეალურად ვერც ამას ახერხებენ.
ინტერვიუ ბიზნესმენ ირაკლი იაშვილთან
- 2013 წლის ბიუჯეტი ვერ სრულდება, ცალკეული ექსპერტების შეფასებით გარღვევა 700-800 მილიონი იქნება, არსებობს თუ არა იმის რეალური საფუძველი, რომ ამ მოცულობის გარღვევას ექნება ადგილი?
- 2013 წელს პროგნოზი იყო მშპ–ს 6%–იანი ზრდა და აქედან გამომიდინარე, იყო დაგეგმილი ხარჯები და შემოსავლებიც, როგორც ვხედავთ, სამინისტროს ამ პროგნოზმა უმტყუნა და 6–ის ნაცვლად მიიღეს 2%–იანი ზრდა, შეაბამისად შემოსავლებში გაჩნდა დეფიციტი იმ ნაწილში, რა ნაწილითაც ეკონომიკა არ გაზრდილა. მშპს ზრდა იყო დაგეგმილი როგორც შემოსავალი, შესაბამისად, სახელმწიფოს ფისკალური ეფექტი არ მიუღია და ეს თანხა ჩამოეკიდა ჰაერში.
როგორც წესი, ასეთ დროს სეკვესტრი ხდებოდა ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს სიტყვა სეკვესტრი ძალიან მძიმე გასახსენებელია. ამიტომ ეცადნენ, რომ სხვანაირი შემოვლითი მეთოდებით დაეფინანსებინათ ბიუჯეტის ყველა მუხლი. არ მესმის, როგორ უნდა დააფინანსო დაგეგმილი ხარჯი, როდესაც შემოსავლები არ გაქვს მიღებული. ამ შემთხვევაში ან ხარჯი უნდა შეამცირო, ან ფული ისესხო. მთავრობა ალბათ მეორე გზაზე წავა, არის მეორე ვარიანტიც, რომ გარკვეული თანხები ასათვისებელი იყო ინფრასტრუქტურის ნაწილში.
წლის დასაწყისში პირველი ორი კვარტალი გაწერილი იყო წინა მთავრობის მიერ, ტენდერები გამოცხადებული იყო მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეაჩერა ზოგიერთ კომპანიასთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ზოგი გამოცხადდა გაკოტრებულად, ზოგიც კრიმინალში მხილებულად.
მაგალითად რუსთავის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც შეჩერდა, დაიგეგმა შარშან და ამ წლის დასაწყისში უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი. თუმცა ეს ტენდერი არ გამოცხადებულა, ამ დროს კი პროექტით გათვალისწინებული თანხების ხარჯვა ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო. ვინაიდან არ მოხდა ამ თანხების დახარჯვა მთავრობას შეექმნა გარკვეული რეზერვები. ალბათ, ფინანსთა მინისტრი ასსეტ შემთხვევებს გულისხმობდა, როცა ამბობს, რომ ფულს არ ვსესხულობთ და უბრალოდ ერთი ხარჯის მეორე ხარჯით გადანაცვლება მოხდა.
რეალურად, ბიუჯეტს ფული მაინც დააკლდა, რადგან ასეთი პროექტების დაფინანსება მთავრობას მაინც მოუწევს. დაიხარჯა გზის ასაშენებელი ფული, თუმცა, ის გზა მომავალ წელს ხომ უნდა აშენდეს?! ანუ ჟარგონი რომ ვიხმაროთ, ამას ქვია გადაბალახება, მთავრობამ გადააბალახა ეს წელი და ვალდებულებები მომავალ წელზე გადაიტანა. იმედი აქვს, რომ მომავალ წელს ზრდა კარგი იქნება, ცოტა ფულსაც ვისესხებთ და ზრდას დააბალანსებს, თუმცა, მე მაინცდამაინც არა ვარ ასეთი მიდგომის მომხრე.
- 2014 წელს აღებული სახელმწიფო ვალიდან 200 მილიონის დეპოზიტის სახით ბაკებში განთავსებას რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ?
- ეს ვითომ კეთილშობილური მიზანია, რომ ბანკებს საკრედიტო რესურსს აძლევენ და თითქოს ეკონომიკას აძლევენ ფულს. თუმცა, მეორეს მხრივ, ბანკებს სხვა პრობლემა აქვთ, რეალურად ბანკები თითქმის უარს ამბობენ დეპოზიტების მიღებაზე, სადეპოზიტო სარგებელი ძალიან დაბალია. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 4-5%-ის დონეზეა, ეს ნიშნავს, რომ პირიქით დეპოზიტების გამოტანა დაიწყო მოსახლეობამ და ალტერნატიული დაბანდებების საშუალებებს ეძებენ. მაგალითად, ერთ და ორ ოთახიან ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, საშუალო ფასის უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა და დეპოზიტების შემცირება პირდაპირ კორელაციაშია, ანუ გამოაქვთ ბანკებიდან ფული და ყიდულობენ ბინას, ანუ თავიანთი ფულის უკეთეს განთავსებას ახდენენ.
თუ ბანკი დეპოზიტზე ამბობს უარს ეს ნიშნავს იმას, რომ მას ისედაც ჭარბი ლიკვიდურობა აქვს, მოზიდული აქვს ფული საზღვარგარეთიდან და ცდილობს რამენაირად კრედიტი აგაღებინონ, რომ ფული ექსპლუატაციაში გაუშვან, თუმცა, რეალურად ვერც ამას ახერხებენ.
თუ მოხდება სახელმწიფოს ძირითად კაპიტალში გრძელვადიანი ინვესტირება, რომელიც მიზნობრივი და პროგრამული იქნება და მაშინ სხვა საქმეა, თუმცა ასეთ მიდგომას და ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ეს ბანკებისთვის არის მოკლევადიანი რესურსი, რასაც მოკლევადიანი ეფექტი ექნება.
საქართველოში არ ხორციელდება ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, ეს არის ჩვენი პრობლემა, ამიტომ ვერ იქმნება სამუშაო ადგილები. ვაჭრობა და მშენებლობა სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის, განსაკუთრებით იმპორტი, ეს არის გამორიცხული. მხოლოდ ძირითად კაპიტალში ინვესტირება ქმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს. თუ ეს 200 მილიონი იქნება ე.წ. გრძელი ფული, მაშინ ამას აზრი აქვს, მოკლევადიანი ფულით ეკონომიკას წინ ვერ წაწევ.
- საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობისთვის მთავრობამ რამდენიმე კომპანიას 9 მილიონ ლარამდე პირგასამტეხლო აპატია, თქვენ როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
- სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ეს დოკუმენტი, რა ვალებზე იყო საუბარი, პირგასამტეხლო რატომ იყო და რა ვალდებულება ვერ შეასრულეს ამ კომპანიებმა, თუ შეასრულეს და მაინც ერიცხებოდათ გასაგებია, რომ უნდა მოეხსნათ.
თუ ვერ შეასრულეს სახელმწიფოსგან აღებული ვალდებულება, საინტერესოა, ძირითადად როდის დგებოდა ეს ვალდებულება? თუ კომპანიას ეს სანქციები ეკისრებოდა პრივატიზაციის პერიოდში, აუქციონზე გამოტანილ ქონებას რომ ყიდულობდნენ და გარკვეულ საპრივატიზაციო ვალდებულებას იღებდნენ, ამ ვალდებულებას შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმების პატიებას არ ვეთანხმები. თუ სანქციები დაერიცხათ იმიტომ, რომ ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ე.ი. მან როდესაც ხელი აწია აუქციეონზე და გაიმარჯვა, მან მოიპოვა უპირატესობა თავის კონკურენტთან, რომელიც დაჩაგრული გამოდის, ხომ შეეძლო ამ კონკურენტს ეს პირობა დაეკმაყოფილებინა.
თუ კომპანიამ აიღო ვალდებულება და ვერ ვერ შეასრულა, ასეთი სანქციის მოხსნა არ არის სამართლიანი. მაშინ მთლიანად ქვეყანაში გამოცხადდეს ამნისტია და ყველას ეპატიოს, შერჩევით რატომაა? 9 მილიონი საიდან მოვიდა? იქნებ 900 მილიონის პრობლემაა, ჩემთვის გაუგებარია მართალი გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კომპანიებს შესრულებულები აქვთ ვალდებულებები და მაინც ერიცხებათ მაშინ მივესალმები ამ ფაქტს.
- საზოგადოებაში ერთგვარი პანიკის საფუძველი გახდა ლარის კურსის მცირეოდენი გაუფასურება, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, არის თუ არა რეალურად პანიკის საფუძველი, რას უნდა ველოდოთ?
- მესმის, რომ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, თუმცა, მე ვერ ვხედავ პანიკის საფუძველს, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლარი ევროსთან ხან დაეცა, ხან გამყარდა. ეროვნულ ბანკს რეზერვები აქვს და ინტერვენციებს არც აკეთებს, რომ იყოს საგანგაშო მდგომარეობა, ინტერვენციებს განახორციელებდა. შესაბამისად, ეს ჩვეულებრივი პროცესია, მოთხოვნა დოლარზე საახალწლოდ უფრო მეტია, ვიანიდან ვაჭრობა უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, ანუ მოთხოვნა-მიწოდება გადაბალანსდა. აქამდე ბალანსი იყო დოლარსა და ლარს შორის, ეს ბალანსი ახლა ცოტათი დაირღვა. საახალწლოდ, წლის ბოლოს კონცენტრირებულად ხდება იმპორტის შემოტანა, შეაბამსიად მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ბალანსი შეიცვალა დოლარის სასარგებლოდ, ვნახოთ პირველ კვარტალში რა მოხდება.
- მიაღწიეთ თუ არა რაიმე შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროსთან, ვგულისხმობ თქვენს გახმაურებულ დავას გაფორმების ეკონომიკურ ზონებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რა პრობლემებს აწყდებით?
- საქმე გვაქვს კონკრეტულ მონოპოლიასთან.
კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენ არის სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც აქვს თავის საზღვაო ხაზი - უზარმაზარი, მსოფლიოში სიდიდით მესამე. ეს ფრანგული საზღვაო ხაზია, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი. ჩვენი კომპანია ემსახურება მთელს კავკასიას და აზიის ქვეყნებს, ძალიან დიდი ბრუნვებია, ჩვენს ჯგუფს მთელი იუნდუსტრია აქვს შექმნილი, 15 წელია ამ საქმეში ვართ, დაწყებული საზღვაო ხაზით, გემებით, საკუთარი კონტეინერებით, საკუთარი საკონტეინერო ტერმინალით, საკუთარი ოფისებით, გაყიდვებით,.. ეს საქმე მუშაობდა 2011 წლამდე, 2011 წელს მოდის ფინანსთა სამინისტრო, გიორგი ცხაკაიას სახით, ალბათ გახსოვთ, ეს იყო ცნობილი მანიაკი, რომელსაც უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებდა კომპანიების წვალება. კაცს ბოროტების კეთება სიამოვნებდა, მის ზურგს უკან იდგა ადეიშვილი და რაც სურდა იმას აკეთებდა.
მაშინ არაბებმა იყიდეს ფოთის პორტი. საკონტეინერო ინდუსტრია ასეა მოწყობილი, რომ ყველას თავისი ხაზი აქვს და თავიანთი კონტრაქტორები ტერმინალის სახით, ანუ მიდის კონკურენცია. კონკურენცია საბოლოოდ ქმნის ტარიფს, ჩემი ინფრასტრუქტურა ქმნის ჩემს ტარიფს და ამ ტარიფებით ვკონკურირებთ ერთმანეთში.
ცხაკაია შემოიჭრა ამ სისტემაში და განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის ტვირთების მიღება მხოლოდ გარკვეული ტიპის ტერმინალებს შეეძლოთ. ანუ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი გემით და ჩემი კონტეინერით ჩამოტანილი ტვირთის შენახვა ჩემს ტერმინალში არ შემეძლო. შესაბამისად, ეს მომსახურება უნდა შემეძინა სხვისგან, ვისაც ისევ ცხაკაიას ინიციატივით, მიენიჭა ტვირთების მიღების ექსკლუზიური, მონოპოლიური უფლება. დღეის მდგომარეობით^ცხაკაიას მიერ შექმნილი მოდელი ისევ მუშაობს, ახალმა ხელისუფლებამ სიტუაციის შეცვლის ნება არ გამოხატა.
ირკვევა, რომ არცერთი ნორმატიული აქტი არ არსებობს რომელიც ამ სიტუაციას არეგულირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ აქტს გავასაჩივრებდით, თუმცა ეს მხოლოდ ვერბალური ბრძანებაა, რომელიც ისევ მუშაობს. რომ შეიტანო ტვირთი შენს ტერმინალში, მებაჟე არ მოვა და არ მოგემსახურება, რის საფუძველზე გაუგებარია. ვერ გაასაჩივრებ აქტს იმიტომ, რომ აქტი არ არსებობს.
- თქვენი აზრით, რა არის ამის რეალური მიზეზი, შეიძლება თუ არა ისევ იყოს დაშინების ფაქტორი?
- არა, ასეთი ბრძანება იყო გაცემული ცხაკაიას მიერ და ახლაც აგრძელებენ ამ ვერბალური ბრძანების შესრულებას. ამ ბრძანების თანახმად, ავტომობილები მხოლოდ კონკრეტულ „გეზში“ უნდა მიიღონ. ჩვენი კომპანიის შემოსავლების 40% მოდიოდა ავტომობილების გადაზიდვებზე. ამ ბრძანების თანახმად, ჩემს მიერ ჩამოტანილი ავტომობილები უნდა გადავიტანო სხვის ტერმინალში, ესე იგი, ჩემი შემოსავლები მისცეს სხვას. წარმოიდგინეთ, შემოსავალის 40% ხელოვნურად დამაკარგინეს.
2013 წელი იყო კიდევ უფრო კატასტროფული, რომელმაც უბრალოდ გაანახევრა შემოსავლების ის დარჩენილი 60%–იც, რადგან ეკონომიკა იყო სრულ დეპრესიაში. დღეს ჩემი ტვირთი მიდის სხვაგან, ჩემ კონკურენტთან. ამ ტვირთებს ახლავს საბუთები, ინვოისები, სადაც მითითებულია გამგზავნი, გამომგზავნი, ეს არის ინფორმაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი ხასიათის მატარებელი და რომელზეც ჩვენი კონკურენტებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. ჩვენი მუშაობის წარმატება კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, მათთვის კი მთელი ჩვენი კლიენტურა და ჩვენი მუშაობის მეთოდები ცნობილია. უბრალოდ წარმოუდგენელია საქმის ასე კეთება.
ასე გრძელდება უკვე ერთი წელია, წერილებზე არ მპასუხობენ, არც ერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია, ერთი წლის განმავლობაში დაწერილი მაქვს ალბათ 30 წერილი და არც ერთი პასუხი არ მაქვს მიღებული.
შევხვდი ფინანსთა მინისტრს და პირველ პირებს. მითხრეს, მოაგვარებენ ამ პრობლემას, გადის 4 თვე და არაფერი იცვლება, მათ საქციელს ჰქვია ტყუილი ქართულ ენაზე.
როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, თუ სახელმწიფომ ხელოვნურად წამართვა შემოსავლები? სახელმწიფოს მეტი საქმე არა აქვს, რომ ეს კონტეინერი იმ ტერმინალში შევიდეს თუ ამ ტერმინალში, ამით უნდა იყოს დაკავებული სახელმწიფო? 800 მილიონიანი გარღვევა რომ აქვს სამინისტროს, ამაზე უნდა ფიქრობდეს?
ვითხოვ, დაბრუნდეს საბაზრო ეკონომიკა და მოიხსნას ხელოვნური მონოპილია. ვითხოვ კონკურენტულ გარემოში დაბრუნებას, თუ არ ივარგებს ჩემი სერვისი, კლიენტი არ მოვა, არ შემიკვეთავს, ეს ჩემი რისკია. მე არ ვითხოვ, რომ სხვა გააუქმონ და მხოლოდ მე მამუშაონ, მე ვითხოვ კონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამ მთავრობის პირობებში ამას ვერ მივაღწიე, ვერ ვხდები ამ მთავრობას რისი გაკეთება უნდა.
ერთადერთი რაც კარგი მოხდა ამ წელს, ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ აგრარულ სექტორში თვისობრივად კარგი ნაბიჯები გადაიდგა წინ, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობაში სესხების სისტემას, ფონდს და რთველის ჩატარებას. მე ვისარგებლე ამ ფონდით და თელავში ღვინის ქარხანა ავაშენე, ეს პროცედურები გავლილი მაქვს და მინდა გითხრათ კარგად იმუშავა, მინდა ჩემი საქებარი სიტყვები შეუთვალო ბატონ შალვა ფიფიას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან გააზრებულად მუშაობს. ანუ არის ახალ მთვარობაში მსგავსი გამონათებებიც, ობიექტურობა მოითხოვს, რომ ყველას შრომა სათანადოდ იყოს შეფასებული.