საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და დღითიდღე უფრო მრავალფეროვნდება. გლობალიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებ, თუმცა ქვეყანაში სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარება შესაძლებელია. უქმნის თუ არა საფრთხეს ლიბერალური სავიზო რეჟიმი საფრთხეს ჩვენს მოქალაქეებს?
ამ კითხვაზე პასუხს 19 დეკემბერს მომხდარი ფაქტი სცემს. 25 წლამდე ერაყელი ქალბატონი, რომელიც სულ ოთხი დღის შემოსული იყო ქვეყანაში, ქუჩაში დარბოდა და გამვლელებისთვის გაუგებარ ენაზე ხმამაღლა ყვიროდა, შემდეგ კი ოთხ მოქალაქეს ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები.საქართველოში ხმაური და ჩხუბი არავის უკვირს, თუმცა საბედნიეროდ ხშირად არ გვაქვს ფაქტები, როცა მოქალაქე ქუჩაში მოდის და ყოველგვარი განსჯის გარეშე დანით ასახიჩრებს მოქალაქეებს. თვითმხილველებმა "კვირის პალიტრას" უამბეს, რეალურად რა მოხდა იმ დღეს აღმაშენებლის გამზირზე.
მარი, თვითმხილველი:
- ქუჩაში მოვდიოდი, უკან ხმაური მომესმა, ქალის ხმა იყო, ჩემთვის გაუგებარ ენაზე გაჰყვიროდა. მოვიხედე და ვიღაც უცხოელი, აზიურ ტანსაცმელში გახვეული ქალი შემრჩა ხელში, რომელიც ხან ვის მივარდებოდა და ხან ვის. წინ მოხუცი ქალი ედგა, რომ მოუახლოვდა, სახეში ხელი დარტყა და შეაფურთხა, მისთვის მეტი არაფერი დაუშავებია. სიმართლე გითხრათ, შემეშინდა და გზიდან გადავედი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემგან, რამდენიმე მეტრში კაცი დაჭრა, თავში დანა ჩაარტყა და გაიქცა.
გოგი, იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველი:
- ყველა გიჟი და გადარეული ამ ქვეყანაში ჩამოდის, ჩვენი გიჟები არ გვეყოფა?!ქალმა უდანაშაულო ხალხი დაჩეხა. ქუჩაში დარბოდა და ვისაც მისწვდა, ყველა დააზიანა. მოხუც ქალს სახეში დაარტყა და შეაფურთხა, მერე წინ ჩაიარა და აქ ერთი "სტაიანშიკი" მუშაობს, საწყალი ფულს ითვლიდა და თავი ჰქონდა ჩაღუნული, რომ გაუარა, თავში ჩაარტყა. თავიდან მეგონა, რომ ხელი დაარტყა, სისხლი და ჭრილობა რომ ვნახე, მაღაზიაში ჟალუზის ჩამოსაწევი რკინა მქონდა, ავიღე და ქალს გამოვეკიდე. გზის მეორე მხარეს გადავიდა და საცინლად ამიგდო. შუა თითი მიჩვენა, მერე ინგლისურად შემომაგინა და გაიქცა.
- იქნებ ფსიქიკური აშლილობის ბრალი იყო ეს ყველაფერი. მაგ დროს შეიძლება ყველა უკონტროლო გახდეს, რა მნიშვნელობა აქვს ეთნიკურ კუთვნილებას?!
- განა არ მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ აქ რომ ყოფილიყავდით, ასე აღარ იტყოდით. როცა პოლიცია მოვიდა და ეს ქალი დაიჭირეს, მანქანაში მშვიდად იყო და კითხვებსაც სცემდა პასუხს. ფსიქიკური აშლილობა კი არა, ჩვენი სიძულვილი სჭირდა და შეგნებულად იქცეოდა.
ზურაბ ბერულავა, თვითმხილველი:
"მაღაზიაში ვიყავი, როცა ხმაური შემომესმა, გარეთ გამოვედი. შევხედე, 25 წლამდე, სათვალიანი ქალი ყვირილით გამორბოდა, პატარა დასაკეცი დანა ეჭირა და ხელები გასისხლიანებული ჰქონდა. გზის მეორე მხარეს "სტაიანშიკი" რომ დაჭრა, ჩემსკენ გადმოვიდა და აჩქარებული გაუყვა ფეხით სავალ ნაწილს. უკან გამოვყევი, დანა ჯიბეში ჩაიდო, დრო ვიხელთე, დავეწიე და დავიჭირე. მალე პატრულიც მოვიდა და წაიყვანეს.
- დაკითხვაზე თქვენ არ დაგიბარათ პოლიციამ?
- როგორ არ დაგვიბარეს, ყველა დაზარალებული იქ იყო, თავი ჰოსპიტალში გეგონებოდათ. "სტაიანშიკს" დანა თავში ჰქონდა ჩარტყმული, მეორე ქალისთვის, რომელიც 75 წლამდე იქნებოდა, ქვა დაურტყამს, საწყალს გასიებული ჰქონდა თავი ისე, რომ თვალები აღარ უჩანდა. ერთი იყო, კისერში ჰქონდა დანა ჩარტყმული.
- ქუჩაში რომ მოდიოდა ეს ქალი და ხალხს აზიანებდა, მითუმეტეს ხელში დანა თუ ეჭირა და გასისხლიანებული იყო, რატომ არავინ სცადა მისი შეჩერება?
- არავის უცდია მისი შეჩერება, სეირის საყურებლად იყო ხალხი გარეთ გამოსული. სამარცხვინოა ის, რაც ვნახე, სხვების პრობლემა არავის აინტერესებდა. ყველა ცდილობდა გზიდან გადასულიყო და სეირი ეყურებინა. რა არის, საქართველოში დანიანი შაჰიდები გამოჩნდნენ?!დარწმუნებით გეტყვი, მას, რომ ასაფეთქებელზე ჰქონოდა წვდომა, მაშინაც არ დაფიქრდებოდა და უბედურებას დაატრიალებდა ახალი წლის წინ საქართველოში!!"