ვერა და ვერ გვასწავლა ჭკუა ჩვენმა ისტორიამ, ვერც დროით დაშორებულმა და ვერც ახალმა. დროა ვიცოდეთ, რომ დეკლარაციებითა და მოწოდებებით ერის ერთიანობა არ მიიღწევა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც. თუ რატომ, მოდით ვცადოთ მიზეზებში გარკვევა...
დავიწყოთ საუბარი იმ ისტორიულ პიროვნებასთან დაკავშირებული ეპიზოდის გახსენებით, რომლის იდეებსაც თანამედროვე კომუნიზმი ეფუძნება.
1883 წლის 14 მარტს კარლ მარქსის დაკრძალვისას, ლონდონში, ჰაიგეიტის სასაფლაოზე გამართულ გამოსათხოვარ მიტინგზე სიტყვით გამომსვლელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს მისი მარადიული და უღალატო მეგობრის, ფრიდრიხ ენგელსის გამოჩენა იწვევდა. ცნობისწადილი მართლაც დიდი იყო. ყველას აინტერესებდა, გაეგო მისგან უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი სიტყვა და აი ისიც: “ყველაზე დიდი აღმოჩენა - თქვა ენგელსმა - რომელიც მარქსმა გააკეთა, იყო ის, რომ იმისათვის, რათა ადამიანებმა შექმნან მატერიალური დოვლათი, კულტურა, ხელოვნება, აწარმოონ პოლიტიკა, მათ პირველ რიგში უნდა დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება ბინაზე, ტანსაცმელზე, საკვებზე”.
რაც არ უნდა გაოცებას იწვევდეს ენგელსის მიერ მარქსის საკაცობრიო აღმოჩენად გაცხადებული სიტყვები, ეს ელემენტარული, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება დღესაც საფუძვლად უდევს და განსაზღვრავს არაერთი თაობის და მათ შორის ჩვენს ცხოვრებას.
საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ისტორიამ შემოგვინახა საქართველოს განათლების კომისრის სახელზე გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაწერილი განცხადება, აი ისიც: „რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაცმელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა... გამეხსნას კრედიტი... ტანისამოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. პატივისცემით: გალაკტიონ ტაბიძე, 1924 წლის 24 მარტი“.
განკარგულება: „უ ა რ ი ე თ ქ ვ ა ს!“
ეპოქაში, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა, ტკბილი ცხოვრება დაბრკოლებების გარეშე მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ დაბრკოლებებს შეღავათების მაგიური ძალა დაგაძლევინებდა. ასეთი ძალა კი იყო, თუ შეხვიდოდი კომუნისტურ პარტიაში, თუ მოხვდებოდი პარტოკრატიაში, ან თუ იყავი ლოიალური არსებული ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ მაშინ მიიღებდი მატერიალურ კეთილდღეობას. სამაგიეროდ კი საჭირო შემთხვევაში გათქმევინებდნენ, გაგაკეთებინებდნენ იმას, რაც შენი ერის ღალატს უდრიდა. პოტენციურად იგულისხმებოდა, რომ შენ შენი ერის სამტრო პოზიციაზე უნდა მდგარიყავი.
გალაკტიონიც, ისე როგორც სხვა მრავალი მისი კოლეგა, იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერს პოეტურ ციკლებს: „ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.
მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი მაინც ხშირად განიცდიდა სულიერ ტკივილს, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდანაც, რამაც საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა კიდეც. თავად კი, უწინარეს ყოვლისა, ,,ლურჯა ცხენების,“ ,,სილაჟვარდის,“ ,,ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტის,“ ,,პოემა ვეფხვისა,“ ,,ეფემერას,“ ,,კოსმიური ორკესტრისა“ და ,,ნიკორწმინდას“ ავტორად - დროისა და სივრცის უსასრულობაში მოხეტიალე ჯადოსნად წარსდგა შთამომავლობის წინაშე.
არადა ჯერ კიდევ მარქსამდე ვოლტერი ამბობდა: ,,ადამიანი მატერიალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, თავისუფალი აზრების გამოთქმა რომ შეძლოსო.“ მაგრამ საბჭოური ცხოვრების ჩვენი სამოცდაათწლიანი გამოცდილება სულ სხვას გვეუბნება, რომ ტოტალიტარული მმართველობისთვის ,,მატერიალურად უზრუნველყოფილნი“ თავისუფალი აზრის გამოთქმით თავს ნამდვილად არავის აწუხებდნენ, რადგანაც დუმილს ამჯობინებდნენ, რომ ვინმეს, არ შეეხსენებინა მათთვის ნაქურდალი. ეს რომ ასე იყო, უფროსი თაობის ხალხს ალბათ, ემახსოვრება მუხრან მაჭავარიანის მიერ თქმული ეს სიტყვებიც:
“უბედურება რა გინდა მეტი?! / რომ დაიძახო: "ქურდს ქუდი ეწვის!" / არ მეგულება მაძღრებში ერთიც / რომ არ იტაცოს მყის ქუდზე ხელი! / უბედურება რა გინდა მეტი?!
ახლა ვნახოთ იმავე საბჭოთა ეპოქაში, თუ როგორ ცხოვრობდა ე.წ. უბრალო ხალხი, ძირითადი მასა მოსახლეობისა. ერთხელ თურმე ვიღაცამ უთხრა ბრეჟნევს, დაბალხელფასიან ხალხს უჭირსო ცხოვრება. მას უპასუხია: “თქვენ არ იცნობთ ცხოვრებას. ხელფასით არავინ ცხოვრობს. მახსოვს, ახალგაზრდობაში, როდესაც ტექნიკუმში ვსწავლობდი, ვაგონებს ვცლიდით და იმით ვიმართავდით ხელს. რასა ვშვრებოდით? რასა და, სამი ტომარა - იქით, ერთი, საკუთრად - აქეთ. ყველა ასე ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში“.
ე.ი. თუ თავად სახელმწიფოს ხელმძღვანელი ნორმალურად მიიჩნევდა ჩრდილოვან ეკონომიკასაც, მომსახურების სფეროში ჯიბგირობასაც, ჩინოვნიკების მექრთამეობასაც, გამოდის, რომ ყოველივე ეს ქვეყანაში ცხოვრების თითქმის საზოგადოებრივ ნორმად ყოფილა ქცეული. რა იყო ეს უპასუხისმგებლობის შედეგი თუ გარკვეული მიზნით ნებას მიშვებული დანაშაული? რა თქმა უნდა, ეს იყო გამიზნული პოლიტიკა, რაზეც იდგა მთელი სისტემა.
მართალია, რობერტ პენ უორენი გვეუბნება “ადამიანი ცოდვაში ჩაისახა და სიბინძურეში დაიბადა, ცხოვრებას აქოთებულ ჩვრებში იწყებს და მყრალ სუდარაში ამთავრებს, ამიტომ ყოველთვის აღმოაჩნდება დასადანაშაულებლად რაღაც“, მაგრამ, თუ ამ ბუნებრივ, ჩვენგან დამოუკიდებლად ჩადენილ „რაღაც ცოდვას“ ემატებოდა კიდევ სხვა ცოდვებიც, მაშინ პასუხი არსებულ საზოგადოების ცხოვრების წესში უნდა ვეძებოთ.
ყველამ, ვინც კი საბჭოური ცხოვრების წლები გამოვიარეთ შესანიშნავად ვიცოდით, რომ არსებული ფასების პირობებში, ხელფასი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ უმნიშვნელოდაც კი ვერ უზრუნველყოფდა ოჯახს, ადამიანთა ჩვეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. დანარჩენი საიდან უნდა შეევსო მოქალაქეს? აქ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო: ან უნდა ეთმინა და სიღატაკეში ამოხდენოდა სული, ან შემოსავლის სხვა, დამატებითი წყარო მოეძებნა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც, უწინარესად მისადმი მინდობილი საქმით რომ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი.
პირველ გზას ირჩევდა უდიდესი ტანჯვის ფასად მტკიცე ნებისყოფის კრისტალური პატიოსნების ადამიანი - პიროვნება, რომლისთვისაც ყოფიერება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა განმსაზღვრელი ცნობიერების. მეორე გზას კი, რომელსაც ირჩევდა ადამიანთა უმეტესი ნაწილი იყო მოლიპული: მექრთამეობა, ქურდობა, გამოძალვა და სხვა სახის დანაშაული ხდებოდა დამატებითი შემოსავლის წყარო.
აი, ასეთ პირობებში ყალიბდებოდა მასობრივი დანაშაული. ვინაიდან ტოტალიტარული მმართველობისთვის მატერიალურად უზრუნველყოფილი ქურდი, მექრთამე და გამომძალველი კი არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, არამედ ყოფით, კერძო პრობლემებზე მაღლა მდგომი, სულ სხვა კატეგორიებით მოაზროვნე თავისუფალი პიროვნება, რომელთა რაოდენობაც ძალზე ცოტა იყო მთელს დუნიაზე. ამ ფონზე საზოგადოების ცხოვრების ნორმად ქცეული მატერიალური სიღატაკეც ნოყიერი ნიადაგი იყო მასობრივი დანაშაულობებისთვის, რომელთა გამჟღავნების შიში აიოლებდა სახელმწიფო აპარატის მიერ ხალხის უსიტყვო მორჩილებას.
ასე რომ, ხანგძლივი დროის განმავლობაში გაუკუღმართებული ცხოვრების გამო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ყოფითმა მომენტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვა ადამიანთა შეგნებაზე. ამან კი შედეგად ის დაგვიტოვა, რომ საქართველოში, ზოგჯერ თვით მტრისგანაც დაფასებული, რაინდული სული ჩაკლა უღმერთობის, კორუფციისა და მომხვეჭელობის საშინელმა ჭირმა, რომელიც ავთვისებიანი სენივით მოედო ჩვენივე საზოგადოების სხეულს.
სწორედ ამ სენმა მოუდუნა და როგორც კორუმპირებულებთ, მიუხედავად მათი ცოდნისა და გამოცდილებისა, წაართვა კიდეც ქვეყნის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვის უფლება ჩვენს საზოგადოებაში ადამიანთა დიდ მასას. მათ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას საქართველოს ბედის მიმართ იმთავითვე უპირისპირდებოდა ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელსაც ქვეყნის სამსახურისთვის პირადი კეთილდღეობა არაერთგზის ჰქონდა მიტანილი ერის სამსხვერპლოზე.
ასეთმა დაპირისპირებამ კი ჩვენი ერთიანობის შეგნებას მძიმე დაღი დაასვა. აი, რატომ ვერ შევძელით ბალტიისპირელების მსგავსად ვყოფილიყავით კონსოლიდირებულნი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში. ამის მიზეზი კი ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მასობრივ დანაშაულობებში მონაწილეობა იყო, რომელთა გამჟღავნების შიში განაპირობებდა ხალხის უსიტყვო მორჩილებას.
ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ არა ე.წ. ,,პერესტროიკა“ ნებადართული უფლება აზრის გამოთქმის და ბოლოს 9 აპრილი, რომელმაც როგორც უდიდესმა ტკივილმა დროებით გააერთიანა ქართველობა, ჩვენს ორგანიზებულ დუმილს საერთოდ თუ დაარღვევდა რამე?
მაგრამ ეს იყო გუშინ, ვნახოთ რა ხდება დღეს? რა განაპირობებს საზოგადოების მორჩილებას.
ცნობილია, რომ როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად, მაგრამ სურს უკეთ იცხოვროს და ამ დროს ვიღაც არწმუნებს თუ რატომ არ ხდება ასე, იწყება აჯანყება. მაგრამ როდესაც ხალხი ცხოვრობს ცუდად, ისინი უბრალოდ არ ჯანყდებიან, ეძებენ შესაძლებლობებს გადარჩენისთვის.
დღეს, ისე, როგორც ოცი წლის წინ, საქართველოში ძალიან ბევრს შია, ზოგსაც ტანჯვით უხდება ლუკმაპურის შოვნა, ბევრიც გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში კარგავს ღირსებას და სინდის-ნამუსს. ამ ყოფაში ჩაფლულ საზოგადოების დიდ ნაწილს ისიც კი არ ახსოვს, რომ ქვეყანას დაკარგული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. თვით, დასაქმებულებიც კი, სიმწრით ნაშოვნი სამსახურის დაკარგვის შიშით, რადგან ყოველთვის ვიღაცაზე არიან დამოკიდებულნი, დუმილით თანხმდებიან მორჩილებაზე, რის გამოც ხშირად თვალს ხუჭავენ დიდ უსამართლობებზეც კი. ისინი არაფერს აპროტესტებენ, რადგანაც სხვა შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს და თავს ვერ გადაირჩენენ. ათასი დამცირების ფასად ეძებენ შესაძლებლობებს არსებობისთვის, ისიც არა იმიტომ, რომ იცხოვრონ, არამედ ამქვეყნიური ყოფა კიდევ ერთი დღით გაიხანგძლივონ. ასეთი ცხოვრების საფასურს კი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დუმილით იხდის.
გსურთ გავაგრძელოთ ასე ცხოვრება? თუ არ გნებავთ მაშინ გამოსავალზე ყველამ ერთად ვიფიქროთ როგორ დავიხსნათ ამ მოჯადოებული წრიდან ადამიანები, სხვა შემთხვევაში ჩვენი დუმილითა და გულგრილობით მონების არმიას გავზრდით. ქვეყანას თავისუფალი მოქალაქეები სჭირდება, ნეპოტიზმსა და ვოლუნტარიზმზე დამყარებული საზოგადოება ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობას ვერ დაამკვიდრებს. მისი შექმნა მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც კონკურენტუნარიანი გარემო ბადებს.