– ბატონო კოკა, საქართველოში მას შემდეგ გამოჩნდით, თან საჯარო პირად, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა. სად იყავით და რატომ წახვედით?
– სააკაშვილის და მისი სისხლისმსმელი რეჟიმის გამო წავედი საქართველოდან, არც ისე ბევრი წელი ვიყავი და ჩამოვედი. ძალიან რთულია სამშობლოდან რომ მიდიხარ და სხვაგან ცხოვრობ იმის გამო, რომ პოლიტიკურ დევნაში ხარ. სააკაშვილმა მთელი ჩემი ცხოვრება მოიპარა. მე ვიყავი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, ჟურნალისტი, პროდიუსერი, მქონდა ჩემი სტუდია და ვაკეთებდი საქმეს. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი გაქრა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის მე ვიყავი მტერი.
– თქვენი ეკრანიდან გაქრობის ერთ–ერთ მიზეზად ითვლებოდა ის, რომ შევარდნაძის კარის ჟურნალისტს გიწოდებდნენ და დღემდე ასე ახსოვხართ ტელემაყურებელს.
– იმ "შევარდნაძის ჟურნალისტს" ყველა უყურებდა. სხვა "შევარდნაძის ჟურნალისტებს" ყველა არ უყურებდა და ამიტომ ვიყავი მე მტერი. ჯერ ერთი, შევარდნაძის ჟურნალისტი არ ვყოფილვარ. ეს სააკაშვილის პიარის შედეგია. შევარდნაძის ჟურნალისტები იმდენად არ მახსოვს და სააკაშვილის ჟურნალისტები კი მახსოვს ბევრი. დღესაც არიან ასეთები.
– შევარდნაძის ეპოქაში "პირველ არხზე" არავინ გამუშავებდათ, თუ მაშინდელი მთავრობის მომხრე არ იყავით.
– არ იყო ასე. მგონია, რომ "პირველ არხზე" გადაცემა "რა ხდება?!" ყველაზე პოპულარული იყო და არ მგონია, რომ ის ხელისუფლებას ემსახურებოდა. გადაცემას, რომელიც ხელისუფლებას ემსახურება, არავინ უყურებს და არავის უყვარს. "რა ხდება?!" მხოლოდ 7 თვე მიმყავდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ყველას ახსოვს. რატომ ახსოვთ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ემსახურებოდა?! ესენი ასე ადებდნენ იარლიყებს – "შენ ხარ ფაშისტი", "შენ ხარ აგენტი", "შენ ხარ გათახსირებული", "შენ ხარ შევარდენაძისტი" და ა.შ. შევარდნაძესთან ერთად გამოვლილი მაქვს ცხოვრების დიდი ნაწილი. ეს კაცი ნანახი მყავს, როცა დანგრეულ საქართველოში ჩამოვიდა და მახსოვს, როგორი საქართველო დაუტოვა სააკაშვილს. ახლაც ვხედავ, როგორი საქართველო დატოვა უკვე სააკაშვილმა. ჩემთვის შევარდნაძის ეპოქის წლები მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. შევარდნაძესთან ერთად ომში ვარ ნამყოფი და ის არსად ფორთხავდა. როცა სოხუმი იბომბებოდა, შევარდნაძე მე–11 სართულზე იყო და დაცვამ ვერ ჩაიყვანა სარდაფში, არ ჩავიდა. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ არ მგონია, რომტალახი უნდა ვესროლოთ და გადავუაროთ, ისევე როგორც მიშას, რომელმაც ასევე ბევრი რამ გააკეთა. ადმინისტრაციული მენეჯმენტი უფრო საინტერესო გახდა ქვეყანაში და ა.შ. არც ეს უნდა დავივიწყოთ.
– ვარდების რევოლუციამდე მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდით. შემდეგ რატომ იქცა თქვენს პირად მტრად?
– იმიტომ, რომ მე არ გავყევი იმაში, რაც შემომთავაზა.
– რა შემოგთავაზათ?
– მედიის კონტროლი. უარი ვუთხარი და ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ამის შემდეგ ყველა ტელევიზიას და მედიასაშუალებას აკრძალული ჰქონდა ჩემთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. მხოლოდ თანამშრომლობა კი არა, ინტერვიუს დონეზეც დაბლოკილი ვიყავი, პრესის ზოგიერთი გამოცემის გარდა.
– თუ გახსოვთ, ამ ზოგიერთ გამოცემაში შედიოდა დამოუკიდებელი ჟურნალი "სარკეც". კონკრეტულად როგორ შემოგთავაზათ მედიის კონტროლი?
– რესტორან "ტაილანდურში" დამპატიჟა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალამდე და მითხრა, ტელევიზია გააკონტროლეო. ამაში გულისხმობდა იმას, რომ, რის გამოც "რა ხდება?!" დავხურე, ის პოლიტიკა უნდა გამეტარებინა ყველგან. გადაცემა დავხურე იმის გამო, რომ ერთადერთი, რაც არ მომწონდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს, იყო ის, რომ ვიღაცეების მოწვევა ხელმძღვანელობასთან უნდა შეგეთანხმებინა. ეს გავაპროტესტე და დავხურე გადაცემა. სააკაშვილს ვუთხარი, შენ პრეზიდენტი ხდები, ზურა ჟვანია – პრემიერ–მინისტრი, ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ მე უნდა "მაპახაოთ" და სიგიჟეები მაკეთებინოთ?! მე მგონია, რომ ყველაფერი უნდა გათავისუფლდეს და შენ მეუბნები, რომ ყველაფერი ვაკონტროლო–მეთქი. ვუთხარი, მე კუბაში მივდივარ–მეთქი და წავედი.
წლების შემდეგ დაბრუნდით და დაახლოებით იმ თანამდებობაზე მოგვევლინეთ, რასაც თურმე, სააკაშვილი ადრე გთავაზობდათ. თქვენზე ამბობენ, რომ სწორედ მედიის კონტროლით ხართ დაკავებული.
– ვინ ამბობს ამას, ვინ?! მიშა, ანდრო ბარნოვი, გივი თარგამაძე... საერთოდ არ მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, ვისაც მიაჩნია, რომ მე ვინმეს ჟურნალისტი ვიყავი. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ დავიბადე. ვიცხოვრე ხან ცუდად, ხან კარგად. ახლაც ვცხოვრობ, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ. უფრო თავისუფალი მედია საქართველოში ჯერ არასდროს ყოფილა. თუ სადმე ნახავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლია, მერე დამისვით ეს კითხვა.
წლების განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდით. დაბრუნდით და ჩაგაბარეს საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. თქვენი აზრით, თქვენ რატომ შეგარჩიეს ამ თანამდებობისთვის?
– 2013 წელს არ დავბადებულვარ, 1970 წელს დავიბადე და ყველა მიცნობს. ეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა.
– იცნობდით მას?
– კი, ადრიდან ვიცნობდი.
– სად გაიცანით?
– არ ვაპირებ ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარს.
– ეს პირადი ცხოვრება არ არის, საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილმა როგორ და რატომ შეაჩერა თქვენზე არჩევანი?
– ეს პირადი ურთიერთობაა და არა ჩემს საქმეზე საუბარი. დამნიშნა ივანიშვილმა. არ მაქვს უფლება, ვიჭორაო, ივანიშვილი როგორ და სად გავიცანი. ივანიშვილი მე არ მიყურებს ისე, როგორც ვიღაც ახლობელს. მე მისთვის ვარ თანამშრომელი, რომელიც კარგად მუშაობს. მხოლოდ ამის გამო ვმუშაობ აქ. სენტიმენტების და ლამაზი თვალების გულისთვის ივანიშვილი არსად არავის ნიშნავს. ძალიან მკაცრია, მაგრამ რადიკალური არ არის.
– ივანიშვილის ურთიერთობის სტილი მასმედიასთან ყოველთვის ხდება კრიტიკის საგანი. ამბობენ, რომ მას ამ საკითხში რჩევებს თქვენ აძლევდით.
– ისეთ საინტერესო ადამიანთან, როგორიც ივანიშვილია, არასოდეს მიმუშავია. ვინ რას მაბრალებს, არავისთვის არის საინტერესო. საინტერესოა, რას ვაკეთებ და ეს კარგად ჩანს. თუ ვინმე რამეს მაბრალებს, ეს სააკაშვილია. სააკაშვილის ბინძური გუნდი მოვიდა, ყველას ყველაფერი დააბრალა, 10 წელი ყველა ჩარეცხა და ახლა არის ის დრო, როცა ყველაფერი ნათდება, ყველა ყველაფერს ხედავს.
ბატონო კოკა, ივანიშვილის ურთიერთობის ფორმა ჟურნალისტებთან მოგწონდათ? ბატონ ბიძინას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო.
– დიახ, მომწონდა! უამრავ ადამიანს ჰქვია ჟურნალისტი და მათ ამ სფეროზე წარმოდგენა არ აქვთ. ივანიშვილი რეალისტი და იდეალისტია. მესმის, ვაი–ჟურნალისტისთვის როგორი რთულია მასთან დიალოგი, კონტაქტი და ა.შ. ივანიშვილი ყველაფერს თავის სახელს არქმევს მოკრძალებულ ფორმაში. ჟურნალისტმა, რომელმაც იმ შეხვედრაზე ბოლომდე გაიტანა ეგ საკითხი, უნამუსოდ მოიქცა.
– ვახო სანაიაზე ამბობთ?
– სახელს და გვარს არ ვასახელებ, მაგრამ ის, ვისაც თქვენ წინა კითხვაში გულისხმობდით, ცრუობდა, იტყუებოდა!
– გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ცრუობდა?
– არ გადამიმოწმებია. ჩვენთან მთელი დეპარტამენტია, რომელიც მუშაობს და იცის, რა და როგორ არის. ჩვენთან ჟურნალისტიკის ძირითადი ნაწილი გოიმურია. სრულ სიქაჯეში ვართ! არ მინდა გამოვიდეს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ ყველა ჟურნალისტს და არც ყველას ვგულისხმობ, მაგრამ ბევრი, ვისაც ჟურნალისტი ჰქვია, არ არის ჟურნალისტი. ისევე, როგორც ბევრს ჰქვია პოლიტიკოსი თუ ექიმი და არ არიან ნორმალური პოლიტიკოსები თუ ექიმები. ქართულ ჟურნალისტიკას დიდი მომავალი აქვს. აქამდე ჟურნალისტიკა ხელოვნურად იკვებებოდა, ორიენტირებული იყო არა ბაზარზე, არამედ დამფინანსებლის კეთილგანწყობაზე. დღეს აღარ ჰყავს დამფინანსებელი – მთავრობა თუ ბიზნესმენები და მედია მთლიანად გადაეწყობა, გახდება ბაზარზე ორიენტირებული, ცუდი გაიცხრილება, ვეღარც ტყუილზე ორიენტირებული იქნება.
– არ ვიჭორაოთ, ისე მითხარით, რატომ გეჩვენებათ ივანიშვილი ყველაზე საინტერესო ადამიანად?
– რაც მასთან ერთად ვმუშაობ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მის რომელიმე გადაწყვეტილებას შინაგანად არ ვეთანხმებოდი. რა თემაზეც უნდა იყოს საუბარი, მისი ხედვა ძალიან საინტერესოა. როგორც ვხედავ, მას აქვს ცოდნა არა მხოლოდ ამა თუ იმ თემაზე, არამედ ინფორმაციასაც ფლობს თემის გარშემო. აქვს უნიკალური ანალიზის უნარი და გასავლელი ნაბიჯების ზუსტად გათვლა ეხერხება. მე თუ შემიძლია, გავითვალო 2–3 ნაბიჯი, ამ კაცს 10–15 ნაბიჯის გათვლა შეუძლია. ის მასშტაბები, რითიც ის ცხოვრობს, ჩემთვის იმდენად შორს არის, რომ არც ვიცი, როგორ შევაფასო. მასთან თითოეული შეხვედრა არის გაკვეთილი. მისგან ბევრს ვსწავლობ და ვიზრდები. ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა ხედავ, შენი განვითარება კი არ გაჩერდა, გრძელდება.
შევარდნაძეს პატივს ვცემდი და მასზე ბევრი ქვეყნის პირველ პირთან მისაუბრია, მაგრამ შევარდნაძე რაღაცაზე რომ გეტყოდა, კიო, სულაც არ ნიშნავდა კის. სულ მკითხაობაში ვიყავით. ივანიშვილთან ეს ბევრად ადვილია, არ იტყუება. ეს არის მისი პოზიცია და ასე მუშაობა ძალიან მაგარია. მგონია, რომ დანდობა შეუძლია და იმათ ინდობს, ვინც სულაც არ არის დასანდობი.
– მაგალითად, სააკაშვილს ინდობს, თქვენ კი არ დაინდობდით?
– კი, მე მაქვს მის მიმართ ეს გრძნობა. ივანიშვილი მასზე არანაკლებ გაბრაზებულია და ხედავს, რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქის მიმართ, მაგრამ მას არ აქვს იგივე განცდა, რაც მე. ბევრ რამეზე თვალი დახუჭა, რასაც მე არ და ვერ ვიზამდი. მე რომ მქონდეს საშუალება, სააკაშვილს გავუსწორდე, სერიოზულად გავუსწორდებოდი და ვანანებდი მთელ დარჩენილ ცხოვრებას.
– სცემდით?
– კი, სიამოვნებით ვცემდი მაგრად.
– როგორ გგონიათ, ფიზიკურად მოერეოდით?
– კი, ის ისეთი თხლეა, რომ ვაჯობებდი. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში მიშას მიმართ სამართლიანობა არ დამდგარა და ეს უნდა დადგეს. უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ქვეყანაში გააკეთა. ჯერ გული არ მომიფხანია.
– მთავრობის ახალი მეთაური გვყავს. თქვენ ისევ დარჩებით ამ სამსახურში?
– არ ვიცი. ამას ახალი პრემიერ–მინისტრი გადაწყვეტს. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი და კომპეტენტური კაცია, მობილიზებული და მოწესრიგებული. ფიცხია.
– სიფიცხე კარგია?
– შეიძლება, მისი ასაკისთვის კარგია. არ მახსოვს, როგორი ვიყავი 11–12 წლის წინ, მაგრამ ალბათ, მეც ფიცხი ვიქნებოდი. მომწონს ეს სიფიცხე. ბოროტი არ არის. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია. ახალი თაობის პოლიტიკოსი გვყავს და მგონია, რომ ყველაფერი გამოუვა.
– მისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით იცით? თქვენი გულის მოფხანას მოახერხებს?
– არ მისაუბრია ამაზე. მე, რა თქმა უნდა, მიშას ასე ზემოთ–ქვემოთ არ ვასეირნებდი. ეს ჩემი, კოკა ყანდიაშვილის პოზიციაა და გაძლევთ პირობას, რომ მიშას მაინც ამოვთხრი!
– ეს წლები აქამდე სულ კუბაში გაატარეთ?
– არა, კუბაში 2003 წლის ახალ წელს წავედი და იმიტომ ვუთხარი მიშას ასე. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით – ეგვიპტე, იემენი... სხვა კონტინენტია, სხვა ენა, სხვა კულტურა და საინტერესოა, ენები ვიცი და ჩემთვის ადვილი იყო მუშაობა, მაგრამ ვერ გეტყვით, ბედნიერი წლები იყო–მეთქი. ვერ ვნახულობდი ჩემს ოჯახს, შვილებს, საყვარელ ადამიანებს.
– ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდით. შეიძინეთ სახლი?
– არა, ახლაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. არ მაქვს არც ბინა, არც მანქანა... ჩემი კომპიუტერი მაქვს და კბილის ჯაგრისი. დანარჩენი, რაც მანამდე მქონდა, სააკაშვილმა წამართვა.
– როგორ წაგართვათ?
– ჩვეულებრივად. შემიქმნა ისეთი პირობები, რომ რაც გამაჩნდა, ყველაფერი დავკარგე. ჩემი შექმნილი სტუდია "აუდიენცია" რომ აღარ არსებობს, როგორ გგონიათ, რატომ?
– ვარდების რევოლუციამდე თურმე. აბანოშიც კი ერთად დადიოდით.
– ერთად არ დავდიოდით. აღმოჩნდა, რომ ნამყოფი არ იყო გოგირდის აბანოებში. არ იცოდა, რა არის ქისა და ა.შ. ჩვენი წინაპრები დადიოდნენ და ეს მამაკაცებისთვის ერთგვარი ტრადიცია იყო. მე წავიყვანე ზუსტად რევოლუციის წინ. ვმეგობრობდით, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ სააკაშვილმა მთელი ერი მოატყუა. ძალიან ბოროტი ადამიანია. 2003 წლამდე მიშა სულ სხვა იყო და მერე – სულ სხვა. ცხონებული ჟვანია ამბობდა, გახდება ეს დორბლიანი პრეზიდენტი და მერე ნახავთ, რეებს იზამსო. მართალი აღმოჩნდა.