ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც, გვერდს ყველაზე ოდიოზური და არაპოპულარული ადამიანები ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი უმშვენებდნენ. მათ, ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომით, მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი მიიღეს, ლაშა ნაცვლიშვილი ჯერ შს მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი გენპროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, გია ხუხაშვილი კი პრემიერ ივანიშვილის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში. მიუხედავად ყოფილი პრემიერის მრავალგზის მცდელობისა, დადებითად წარმოეჩინა ეს ადამიანები, უშედეგო აღმოჩნდა. ჟურნალისტებთან უხერხულობის გასაფანტავად, ხშირად პრემიერი მათ მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, გია ხუხაშვილს ძალიან ნიჭიერ და გონიერ ადამიანს, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილს ძალიან განათლებულსა და ნიჭიერს უწოდებდა. ამ ორი პიროვნების იმიჯს, ვერც ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებამ და ვერც დაკავებულმა თანამდებობებმა უშველა. მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი ემოცია და მუხტი გროვდებოდა. გამოიკვეთა, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი ნაციონალური მოძრაობის კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს ერთობლივად ლობირებდნენ, აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ამ ლობირების უკან ამ ორი ადამიანის ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა. ცოტა ხნის წინ კი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადადგა და გენერალურ პროკურატურაში მის მოღვაწეობას წერტილი დაესვა.
სად არის ამჟამად ლაშა ნაცვლიშვილი და რატომ დატოვა საქართველო?
„ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, ყოფილმა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ევროპას მიაშურა. მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა ქვეყანა დედის ავადმყოფობის გამო დატოვა. მან საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა, დედას თურქეთში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა, თუმცა, ამ ოპერაციას საქართველოშიც საკმაოდ პროფესიულ დონეზე აკეთებენ. უბრალოდ, როგორც ამას ჩვენი კონფიდენციალური წყარო აცხადებს, ლაშა ნაცვლიშვილმა დედის ავადმყოფობა სათავისოდ გამოიყენა და ქვეყნიდან გასვლის რეალური მიზეზი ამ ოპერაციით შეფუთა. ნაცვლიშვილი ოპერაციის შემდეგ ევროპაში, კონკრეტულად კი შვეიცარიაში გაფრინდა. ცნობილია, რომ გენერალური პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს შვეიცარიაში საკუთარი სახლი აქვს და ცოლ-შვილიც იქ ჰყავს. ნაცვლიშვილის ქალიშვილი შვეიცარიაში სწავლობს.
რა არის ლაშა ნაცვლიშვილის გამგზავრების მიზეზი და გაიქცა თუ არა ის საქართველოდან?
ცნობილია, რომ ლაშა ნაცვლიშვილის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეობის პერიოდში, პროკურატურა ორად იყო გაყოფილი არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის მომხრეებად. ნაცვლიშვილს ევალებოდა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და ფინანსური პოლიციის ზედამხედველობა. ფინანსურ პოლიციაზე ზედამხედველობა მას გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოერთვა, რადგანაც ლაშა ნაცვლიშვილსა და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან უშუალო მოლაპარაკებები ჰქონდათ საქმის „ჩაფარცხვაში” ვის რამდენი უნდა გადაეხადა. ამ საქმეების „გაპრავება“ ლაშა ნაცვლიშვილის ხელშეწყობით ხდებოდა. ეს „ვაჭრობა“ ნაციონალებთან იმდენად „გაბაზრდა“, რომ ყოვლისშემძლე ხუხაშვილმაც კი ვერაფერი უშველა პარტნიორ ნაცვლიშვილს მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან. თუმცა, ლაშა ნაცვლიშვილის ყველა გადაჭარბებული ქმედების შესახებ ცნობილი იყო ხუხაშვილისთვის, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით ჩხატარაშვილს არ ვიცნობდიო, ეს გახლავთ წმინდა წყლის სიცრუე. გია ხუხაშვილს ჩხატარაშვილი ლაშა ნაცვლიშვილმა დაახლოვა, თუმცა ისინი ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. ლაშა ნაცვლიშვილისა და ჩხატარაშვილის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია იყო, მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი დავით ჩხატარაშვილი. მას ზედამხედველობას ნაცვლიშვილი უწევდა. ნაცვლიშვილი-ჩხატრაშვილის ტანდემი უშიშროების სამინისტროში ცნობილი იყო და თბილისში მიმოფანტული ე.წ. „ჯიხურებისგან“ აკრეფილ „ობშიაკს“ ერთად იყოფდნენ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, შევარდნაძისდროინდელ უშიშროებაში ჯიხურების წილების გამშიფრავი და გამპრავებელი დავით ჩხატარაშვილი, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველა ბოროტების ფუძემდებლად და მონსტრად აქცია. მის შემოქმედებაში ყველაზე „გენიალური“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით თანამდებობის პირთა დაშანტაჟება იყო. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა კი ბოროტებაში გაწვრთნილ ჩხატარაშვილს „ტვინი“ და „მეტრი“ უწოდა. არადა, ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, გარეწარი და გაიძვერა ჰქვია. ჩხატარაშვილს ახალ ხელისუფლებაში მფარველად მისი ყოფილი შეფი ლაშა ნაცვლიშვილი მოევლინა. ჰოდა, ვერაფერს იტყვი, ათიათასობით ადამიანის წამების, გაუპატიურებისა და ათასი სხვა სისასტიკის ავტორი ჩხატარაშვილი გენპროკურორის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა დაიცვა. მოხდა ის, რომ სამართლიანად გაბრაზდა ის ამომრჩეველი, რომელმაც ლაშა ნაცვლიშვილი და სხვებიც ხელისუფლებაში იმისთვის მოიყვანა, რომ დავით ჩხტარაშვილისნაირ მოძალადე მაღალჩინოსნებზე სამართლიანობა აღედგინათ. სინამდვილეში კი მოხდა პირიქით. დამნაშავე შეიფარა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა და პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა. პროკურატურაში ხუხაშვილი-ნაცვლიშვილი-ჩხატარაშვილის ტანდემი ერთი წლის განმავლობაში მძვინვარებდა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უამრავი სისხლის სამართლის საქმე დაკონსერვდა. ე.წ. „ტროიკას“ მოღვაწეობა გენერალურ პროკურატურაში კვლავაც გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომლის გაფუჭება და გაფარჩაკება ლაშა ნაცვლიშვილმა შეძლო.
რატომ დატოვა ქვეყანა ლაშა ნაცვლიშვილმა და რა კავშირი აქვს ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან?
ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება ზურაბ ჟვანიასმკვლელობის საქმეს გახსნიდა, მაგრამ ეს მთელი წლის განმავლობაში არ მოხდა. უამრავი სტატია იწერებოდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ, მაგრამ გენერალური პროკურატურა დუმდა. თუმცა, დაახლოებით 6 თვის წინ, პრესაში გაჩნდა ახალი ვერსია, თითქოს ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი ერთ-ერთ ბინაში ერთად მართლაც იყვნენ და სხვა გარემოებაში გარდაიცვალნენ, რომ ამ მკვლელობაში არაფერ შუაში არ იყო მიხეილ სააკაშვილი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო, მაშინ ინკოგნიტოდ დარჩა. ახლა კი გაირკვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი საჯაროდ ამბობდა ამ ყველაფერს. ამ ინფორმაციას ფარულად მასთან დაახლოებულ ჟურნალისტებს აძლევდა და ამ გზით ხდებოდა ინფორმაციის ტირაჟირება. ის გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, რის მკვლელობა, რა მკვლელობა, ერთი „.....” ტიპი იყოო. მოკლედ, ლაშა ნაცვლიშვილმა, არა როგორც ავყია კაცმა, არამედ როგორც პროკურორმა გააფუჭა ეს საქმე. ჰოდა, ლაშა ნაცვლიშვილის გაფუჭებული საქმეების ინვენტარიზაცია დაიწყო ახალმა პროკურორმა, პირველი გაფუჭებული საქმე სწორედ დავით ჩხატარაშვილის საქმე იყო, რასაც ჩხატარაშვილის დაპატიმრება მოჰყვა. მეორე და ძალზე მნიშვნელოვანი, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეა, იმედია, მკვლელობის საქმის გამფარჩაკებელი პროკურორები დაისჯებიან და პროკურატურა მოსახლეობას მკვლელობის მოტივსა და ჩამდენის ვინაობასაც განუცხადებს.
„ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ყოფილი პროკურორის პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გაფუჭებისა და მიხეილ სააკაშვილის მფარველობისთვის მოსთხოვს პასუხს, ასევე იმ პირთა და ბიზნესმენთა ლობირებაშიც დაადანაშაულებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტ ბიზნესმენებად იყვნენ ცნობილნი და მათი ეკონომიკური დანაშაულის მიჩქმალვას, ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი აწარმოებდა. ბიზნესმენთა ფინანსური მაქინაციების გაშიფვრაში კი ნაციონალების „ტვინი“ დავით ჩხატარაშვილი ეხმარებოდა. მოკლედ, ე.წ. „ტროიკა“ საქმეებს გარკვეული თანხის საფასურად აფუჭებდნენ. ჰოდა, ერთი „გამფუჭებელი“ დავით ჩხატარაშვილი პატიმრობაშია, მეორე ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაიქცა, მესამე გია ხუხაშვილი „ინტელექტუალური ანალიზით“ თავს იცავს და მტრებს იგერიებს. გენერალური პროკურატურა კი უახლოეს დღეებში ლაშა ნაცვლიშვილის დაკითხვას გეგმავს, თუმცა, უცნობია, რამდენად შეძლებს შვეიცარიიდან ჩვენების მიცემას.