ხატიაშვილი მთავარი პროკურორისგან ატესტატისა და დიპლომის წარმოდგენას მოითხოვს

ხატიაშვილი მთავარი პროკურორისგან ატესტატისა და დიპლომის წარმოდგენას მოითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საშუალო სკოლის ატესტატისა და უნივერსიტეტის დიპლომის წარმოდგენას სთხოვს. 

 როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქვეყნის პირველ პროკურორს უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაუმთავრებია.  

 „გუშინ შევედი პროკურატურის ვებ–გვერდზე და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. პროკურატურის გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი მას 1995 წელს, ე.ი., 19 წლის ასაკში დაუმთავრებია. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში. ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ, მოვუწოდებ მას, წარმოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრების, უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. არ შეიძლება, საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით“,– განაცხადა ხატიაშვილმა.