ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავა - არსებობს თუ არა შესაძლებლობა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ?!

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავა - არსებობს თუ არა შესაძლებლობა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ?!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევს ეწვია, მოსკოვში ჩავიდ. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან როგორც ვიცით, პირველ ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო უნგრეთი გახდა, ხოლო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაციონალისტი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსია. შესაბამისად, მედია სივრცეში აქტიურად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ევროკავშირი შესაძლოა, ერთგვარ ნიადა ამზადებდეს, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და ომი, გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, დროებით მაინც შეწყდეს.

უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელმაც ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია.

ევროპული საბჭო მკაფიოა: რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირ საუბრებს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი უკრაინის გარეშე, - დაწერა შარლ მიშელმა.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნგრეთის ლიდერი ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, სხვა მხრივ, მას უფლებამოსილება არ გააჩნია ერთგვარი შუამავლის როლი ითამაშოს ევროკავშირის სახელით. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შესაძლოა შედგეს, თუმცა ეს არ მოხდება უშუალოდ ვიქტორ ორბანის ორგანიზებით.

ეს რომც მოხდეს, ორბანის დონეზე არ მოხდება, არამედ ამერიკელების და ევროკავშირის ხელმძღვანელების დონეზე. ორბანი ახლა არის 6 თვით ფორმალური შემსრულებელი გარკვეული მოქმედებებისა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მკაფიოდ და ცალსახად განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს, ანუ უნგრეთს არანაირი მანდატი არ აქვს ევროკავშირის სახელი ელაპარაკოს რუსეთს. ორბანი მოსკოვში ჩადის როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და არა როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო.

2008 წელი რომ გავიხსენოთ, საქართველოში სიტუაცია მოაგვარა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, მაგრამ ის საქართველოში ჩამოვიდა არა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, არამედ როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო. მაშინ ევროკავშირმა სარკოზის უფლება მიანიჭა ევროკავშირის სახელით ესაუბრა და მოეგვარებინა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, თუმცა დღეს ორბანს არ აქვს ეს მანდატი, ის ჩადის როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ქულები ჩაიწეროს - ვიდრე დროებით აღმოჩნდა ამ სავარძელში, ეცდება მაქსიმალურად ჩაიწეროს ქულები მის ამომრჩეველთან და ულტრა-მემარჯვენეების ბანაკში, რომელიც ევროკავშირში ამ ბოლოდ დროს გაძლიერდა. შესაბამისად, მას აქვს წმინდა წყლის პოლიტიკური, კონიუნქტურული გათვლა და არავითარი საერთო არ აქვს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რა მდგომარეობაა დღეს ფრონტის ხაზზე და საინტერესოა, არსებობს თუ არა დღეს ის ვითარება, რაც მხარეებს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ? პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს პროცესი ერთ ადგილას არის გაყინული და რუსეთს არ შესწევს უნარი წინ წაიწიოს უკრაინასთან ომის პროცესში. მისივე შეფასებით, გადამწყვეტი 3 თვე გველოდება წინ - თუკი უკრაინას მორიგი კონტრ-შეტევა ისევ ჩაუფლავდება, ის იძულებული გახდება რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს.

პროცესი გაჭედილია, ვერც ერთი მხარე ვერ ახორციელებს შემტევით ღონისძიებებს წარმატებით, რუსეთი ჩაეფლო დონბასის ტალახში - ომის დასაწყისისთვის რა პოზიციებიც ჰქონდა, იმ პოზიციებზეა ძირითადად. ჯერ ვერც კი გაცდა მის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს.

რუსეთისთვის მინამალურ ამოცანებსაც კი ვერ აღწევს, რაც დაისახა 2022 წლის თებერვალში, როდესაც სამი პრიორიტეტი შესახებ განაცხადა: უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალა და იქ რუსული რეჟიმის შეექმნა, უკრაინა განეიარაღებინა და შეეჩერებინა ნატო- გაფართოება. თუმცა, აქედან ვერაფერი შეასრულა და წინ ვერ მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც უკრაინა ახორციელებს კონტრ-შეტევებს ეფექტურად და რუსეთის პოზიციების შევიწროებას - აქ პოზიციური ომები მიდის.

ალბათ, აგვისტო-სექტემბერი უკრაინის მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული მორიგი კონტრ-შეტევისთვის, რადგან იმ იარაღს იღებს, რაც მას უნდოდა. თუ სექტემბრის ბოლომდე ან ოქტომბრის დასაწყისისთვის უკრაინამ ვერ მიაღწია არსებით სამხედრო წარმატებას, ალბათ, ამერიკის არჩევნების წინ, დასავლური სამყარო უკრაინას დაუყენებს პირობას, რომ დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთთან შუალედურ ვარიანტზე - ამას ვეძახი ქართულ ვარიანტს: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული მსოფლიოს მიერ, რამდენიმე მარგინალური სახელმწიფოს გარდა, რომლებიც რუსულ ორბიტაზე არიან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჟენევაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რუსეთის მზად იყოს ამ მოლაპარაკებისთვის და უკრაინაც დაიყოლიონ, რომ შეწყდეს ცეცხლი, გაჩერდნენ იმ ხაზზე, სადაც დღეს სამხედროები დგანან და მოლაპარაკება დაიწყოს ჟენევაში - ეს აწყობს რუსეთსაც, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.