რუსეთში სიტუაცია დღითი-დღე იძაბება. 17 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ისტერია ჩაცხრა. ამ ისტერიას დიდწილად ხელოვნური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან, რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო (სახელმწიფო სათათბირო) დეკორატიული ორგანოა, რომელსაც არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნია.
ნამდვილი არჩევნები რუსეთში ჩატარდება 1996 წლის 16 ივნისს, როდესაც რუსეთის მოსახლეობა თავისი ქვეყნის მეორე პრეზიდენტს აირჩევს. დღეისათვის თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ მომავალ არჩევნებში გაიმართება გააფთრებული ბრძოლა ე.წ. „დემოკრატებსა“ და „კომუნისტებს“ შორის. ჯერჯერობით, ამ ბრძოლას კომუნისტები იგებენ, უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პირველ ადგილზეა გენადი ზიუგანოვი, მეორეზე - გრიგორი იავლინსკი, მესამეზე - ვლადიმერ ჟირინოვსკი, მეოთხეზე - ალექსანდრე ლებედი და მხოლოდ მეხუთეზე - ბორის ელცინი.
მიუხედავად ამგვარი განლაგებისა, ელცინი და მისი გუნდი „ძალაუფლების ტექნოლოგიისა“ და სხვა ხერხების თუ მეთოდების გამოყენებით ალბათ შეძლებენ ნაწილობრივი წარმატების მიღწევას - მეორე ტურში გასვლას. ანუ ძირითადი, გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტსა და კომუნისტების ლიდერ ზიუგანოვს შორის.
მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნება ამ არჩევნებში სწორედ ზიუგანოვის გამარჯვება, ვიდრე ელცინისა.
ქართველი „ელცინისტები“ საწინააღმდეგო აზრს ასე ასაბუთებენ: თუ რუსეთის პრეზიდენტი ზიუგანოვი გახდა, ეს ნამდვილი უბედურება იქნება საქართველოსთვის, რადგან იგი დაიწყებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, საბოლოოდ წაგვართმევს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, დაგვახრჩობს ეკონომიკურად და ა.შ... ანუ, „კეთილი“ ელცინისაგან განსხვავებით, „ბოროტი“ ზიუგანოვი საქართველოსადმი „დაუნდობელი“ იქნება.
ეს სტერეოტიპი თავიდან ბოლომდე მცდარ პოსტულატებზეა აგებული. სინამდვილეში, გენადი ზიუგანოვი იოტისოდენადაც არ შეცვლის რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რადგან ეს პოლიტიკა არ ეყრდნობა სუბიექტურ ფაქტორს, - იგი რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და თვით პოლიტიკის ტექნოლოგიური შინაარსიდან გამომდინარეობს.
გენადი ზიუგანოვი არც ისე უტვინოა, რომ ვერ მიხვდეს: ძალით საქართველოს დაპყრობა (პოლიტიკური მიზეზების გამო) რუსეთს არ შეუძლია, ვერც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ წაგვართმევს აშკარად, ვინაიდან ამას მსოფლიოს სხვა დიდი სახელმწიფოები არ დაუშვებენ საშიში პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად.
რაც ეეხება ეკონომიკურ ბლოკადას, ალბათ ყველას გახსოვთ, რამდენ ხანს აწვალა ელცინმა საქართველოს ხელისუფლება რაღაც საცოდავი ოცი მილიარდი რუბლის გამო, რომელიც საბოლოოდ არც იქნა გამოყოფილი.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთისაგან არ მიუღია არც ერთი გრამი ხორბალი, არც ერთი ლიტრი საწვავი, ხოლო თუ რაიმე შემოაქვთ ბიზნესმენებს „კერძო“ გზითა და საშუალებებით, მხოლოდ და მხოლოდ „მსოფლიო“ ფასებში.
თუ ელცინი თბილისი-ვლადიკავკაზის ტრასას „ჩრდილოეთ ოსეთის“ საზღვართან არ კეტავს და საქართველოს სრულ ეკონომიკური ბლოკადას არ უცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ შედის მისი სტრატეგიული მოკავშირის - სომხეთის ინტერესებში, რომლისთვისაც ხსენებული ტრასა რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია.
ამავე მიზეზით არ „იკეტება“ ფოთისა და ბათუმის პორტებიც - ელცინს რომ ეს გაეკეთებინა, მისი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ „მეტისმეტად“ აშკარა გახდებოდა. რაც შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ამ რეგიონებში რუსეთმა მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა არსებული საერთაშორისო-პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით - მოუწყო ეთნოწმენდა, იურიდიულად დააკანონა თავისი სამხედრო „ყოფნა“ ამ რეგიონებში და საერთაშორისო საზოგადოების თვალში „მოლაპარაკებებზე“ მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების გარანტირების უფლება მოიპოვა. ამაზე მეტს რუსეთი ვერ მიაღწევდა.
თუ დღეს ელცინი ეკონომიკურ სანქციებს (ანუ ეკონომიკური სანქციების იმიტაციას) ახორციელებს აფხაზეთის წინააღმდეგ, ამას აკეთებს არა შევარდნაძისადმი ან საქართველოსადმი „სიყვარულის“ გამო, არამედ ისევ და ისევ პოლიტიკური მოსაზრებებით: რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ელცინი საქართველოს ევაჭრება, მას სურს მიიღოს სამხედრო ბაზები, დააკანონოს ისინი იურიდიულად; ოღონდ, ამავე დროს, არც აფხაზეთში შეცვალოს რაიმე.
ეს არის მორიგი თამაში, მორიგი ბლეფი, რომელსაც საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მოჰყვება და არც შეიძლება მოჰყვეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ელცინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს დაკნინებას, მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ეკონომიკური სისტემის მოშლას და ა.შ.
ამ დროს კი, ელცინი ცდილობს „საქართველოს გულმხურვალე მეგობრად“ მოგვაჩვენოს თავი. ეს პოლიტიკური ტექნოლოგიისათვის აუცილებელი ხერხია და სხვა არაფერი. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მიმართ გაატარებს აგრესიულ პოლიტიკას, - შინაარსობრივად დღევანდელზე უფრო აგრესიული პოლიტიკის წარმოდგენა შეუძლებელია.
ბორის ელცინს ძალიან სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს აღდგენა რომელსაც, რასაკვირველია, „საბჭოთა კავშირი“ აღარ ერქმევა.
ეს მისი ოცნებაა, სწორედ ამაში ხედავს იგი თავის ისტორიულ მისიას და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ელცინი ამ მიზნის მისაღწევად აკეთებს ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია არსებული საერთაშორისო პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით. ამაზე მეტს ვერც ვერავინ გააკეთებს.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გენადი ზიუგანოვი გახდა, იგი საქართველოს მიმართ გაატარებს ისეთივე პოლიტიკას, როგორსაც ელცინი ატარებდა და თუ რაიმეს შეცვლის კიდეც ამ პოლიტიკაში, - მით უარესი რუსეთისთვის, რადგან (კვლავ ვიმეორებ), ელცინის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ერთადერთი შესაძლებელი პოლიტიკა არსებული რეალიების გათვალისწინებით. უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკა უკვე აშკარა ინტერვენცია და ოკუპაციაა, რასაც, იმავე რეალიებიდან გამომდინარე, ელცინი უბრალოდ ვერ გააკეთებს.
მაგრამ იმას, რასაც ელცინი ვერ გააკეთებდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვერც ზიუგანოვი გააკეთებს, სხვა შემთხვევაში იგი დაარღვევს პოლიტიკურ ტექნოლოგიას. მაგალითად: ვერც ზიუგანოვი იტყვის აშკარად, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველო არ არის, ვერც ზიუგანოვი ცნობს ამ ტერიტორიების გამოყოფას საქართველოსგან, ვერც ზიუგანოვი გადაკეტავს ყველა სატრანსპორტო მაგისტრალს (ზემოთმოყვანილი მიზეზის გამო), ვერც ზიუგანოვი დაიწყებს აშკარა ომს საქართველოს წინააღმდეგ.
ანუ, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ზიუგანოვის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იოტისოდენადაც არ შეიცვლება, უფრო მეტად აგრესიული, უფრო მეტად ანტიქართული, ვიდრე ელცინის დროს, ეს პოლიტიკა უბრალოდ ვერ გახდება, რადგან ამ პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მიზანშეუწონელია პოლიტიკური ტექნოლოგიისა და საერთაშორისო რეაქციის თვალსაზრისით. ასე რომ, ამ მხრივ, რუსეთისათვის არაფერი იცვლება, მაგრამ ძალიან ბევრი რამ (შინაარსობრივად) შეიძლება შეიცვალოს საქართველოსათვის.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გენადი ზიუგანოვი გახდა, საქართველო მიიღებს კოზირს, რომელიც მას ადრე არ გააჩნდა და ეს კოზირი, შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მისი შემდგომი ბედისათვის.
როდესაც თბილისში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა და ქართველი პატრიოტები ცდილობდნენ დასავლეთის ყურადღება მიეპყროთ კრემლის პოლიტიკაზე, ფრანგი, ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი, იტალიელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ერთგვარი გაგულისებით პასუხობდნენ: თქვენ, ქართველები, რატომ ებრძვით მიხეილ გორბაჩოვს?! რატომ არ უჭერთ მხარს „პერესტროიკას?“ - ის, ხომ დემოკრატია, კეთილი ინებეთ და გამონახეთ საერთო ენა რუსულ დემოკრატიასთან!!!
როდესაც აფხაზეთის ომის პერიოდში, საქართველო დასავლეთს მიმართავდა შველისა და დახმარებისათვის (ნურავინ იტყვის, თითქოს შევარდნაძეს ამგვარი თხოვნით, ქარაგმულად თუ პირდაპირ, არავისთვის მიუმართავს) პასუხი იყო იგივე: რუსეთში ძალაუფლება დემოკრატების ხელშია, - კეთილი ინებეთ და გამონახეთ საერთო ენა რუს დემოკრატებთან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 1993 წელს, სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა ამის თაობაზე, რომლითაც ფაქტობრივად იგივე გვითხრა: „დაიმოკლეთ ენა, - მოელაპარაკეთ ელცინს - ის დემოკრატიაა, მას ამერიკა ენდობა ანუ თქვენც უნდა ენდოთ“. არავითარი საბუთი და კონტრარგუმენტი არ ჭრიდა! რა თქმა უნდა, დასავლეთში შესანიშნავად ხედავდნენ, რა პოლიტიკას აწარმოებდა ელცინი, მაგრამ რაკი ეს ფიგურა მათთვის მისაღები იყო, თვალს ხუჭავდნენ ყველაფერზე, რასაც „დემოკრატი“ ელცინი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ჩადიოდა!
საქმეც ის გახლავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტად გენადი ზიუგანოვის არჩევის შემთხვევაში დასავლეთის პოზიცია რადიკალურად შეიცვლება. თავად ზიუგანოვი არ შეცვლის პოლიტიკას დასავლეთის მიმართ, ის არ დაიწყებს მსოფლიო ომს, დაიცავს ყველა ადრე მიღწეულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მაგრამ მისი ფიგურა დასავლეთისათვის მაინც მიუღებელი იქნება, ვინაიდან, ზიუგანოვი, სოციალური ბაზის დაკარგვის შიშით, ნამდვილად გახდება იძულებული, შეცვალოს ელცინის ეკონომიკური პოლიტიკა - შეაჩეროს პრივატიზება, გააძლიეროს სახელმწიფოს სექტორი და ა.შ.
ზიუგანოვის არჩევის შემთხვევაში, დასავლეთი შეწყვეტს ყოველგვარ ინვესტირებას რუსეთის ეკონომიკაში, უმალვე შეწყდება საუბარი „ევრაზიული დერეფნის“ რუსეთზე გატარების შესახებ და გაიზრდება ამ მხრივ საქართველოს შანსები, დასავლეთი იძულებული გახდება უფრო მეტად გაითვალისწინოს ყოფილი „მოკავშირე რესპუბლიკების“ ინტერესები, უფრო აქტიურად დაუჭიროს მათ მხარი; მოისპობა კრემლის, როგორც „ახალი დემოკრატიის“ იმიჯი და მას ძველი იმიჯი დაუბრუნდება, - პირსისხლიანი დათვისა. სტერეოტიპს კი, დასავლეთის საზოგადოებრივ აზროვნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამრიგად, რუსებს თუ ჭკუა აქვთ, თავისი „დერჟავის“ აღდგენა -განმტკიცებისათვის მათ სწორედ ელცინს უნდა დაუჭირონ მხარი და არა ზიუგანოვს, ვინაიდან, ბორის ელცინი იგივე პოლიტიკას უფრო ჭკვიანურად, უფრო ეშმაკურად, ანუ უფრო წარმატებით განახორციელებს.
გენადი ზიუგანოვის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საქართველო მიიღებს საშუალებას, მოახდინოს პირდაპირი და წარმატებული აპელირება დასავლეთისადმი იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც კრემლი, უკვე მერამდენე წელია, ატარებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.