ტრამპი უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით  პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს?

ტრამპი უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს?

საერთაშიროს გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან გარიგებას გეგმავს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი საქართველო და უკრაინა იქნება.

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ტრამპი პუტინს პირდება, რომ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ ვერც ერთი ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება.

როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპიასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

„ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ ჩინოვნიკებთან და თავდაცვის ექსპერტებთან ინტერვიუების მიხედვით, რომლებიც, სავარაუდოდ, ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მასთან იმუშავებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი დაუყოვნებლივ დატოვებს ნატოს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ის ოფიციალურად არ დატოვებს ორგანიზაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატოში ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ყველაფერი უცვლელად ადრჩება“, - წერს გავლენიანი გამოცემა წყაროზე დარყდნობით.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საქართველოზე დამოკიდებული არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება თავად გაერთიანების ნებას ეფუძნება.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე, ან/და ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ არსებობს.

„ევროატლანტიკური თანამშრომლობის საკითხი არ არის მხოლოდ დამოკიდებული საქართველოზე, პირველ რიგში, დამოკიდებულია ევროატლანტიკურ საბჭოზე და გაერთიანებაზე, ანუ - ნატოზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ჯერჯერობით ვუყურებთ, მათ შორის, ივლისის სამიტთან დაკავშირებით, ნატოში გაწევრიანებაზე ან სამოქმედო გეგმის გადაცემაზე საუბარი არ არის. თუ დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ დონალდ ტრამპთან, როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, გვექნება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობა დასამყარებელი. ამიტომ ეგ რიტორიკული კითხვები არის რიტორიკული კითხვა და არ გაგცემთ რიტორიკულ პასუხს“, - ამბობს ქადაგიშვილი.

სამხედრო „ჟურნალ არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ტრამპი პეზიდენტი გახდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დაპირებას შეასრულებს, რაზეც წინასაარჩევნოდ ლაპარაკობს. ალადაშვილის თქმით, ამის მაგალითი უკვე არსებობს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა და მანამდე რა დაპირებებიც გასცა, არ შეასრულა.

„ტრამპი საკმაოდ ექსცენტრიული პოლიტიკოსია და საკუთარ დაპირებებში არათანმიმდევრულია. ჯერ ამბობდა, რომ უკრაინის ომს რამდენიმე საათში დავასრულებო. ამას აპირებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ნატოსთან დაკავშირებით გარიგებას აპირებს. საქართველოს და უკრაინას თუ არ მიიღებენ ალიანსში, მაშინ პუტინს ომის დასრულებაზე მოურიგდება.

თავად ნატოსთან დაკავშირებითაც ვიცით რაც ხდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის ბუქარესტის დაპირება დაპირებად დარჩა და შემდეგ ამ დაპირებამ ჩვენს ქვეყანას როგორი დათვური სამსახური გაუწია. დასავლეთის ამ დაპირებამ 2008 წლის ომი მოგვიტანა, შემდეგ კი უკრაინის ომი 2014 წელს და ახლა 2022 წლის ომი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. გასაგებია, რომ დასავლეთს არც მაშინ ომში მყოფი საქართველოს მიღება უნდოდა და არც ახლა უკრაინის მიღება უნდა. მაშინ გამოვა, რომ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ თავისი წევრი ქვეყნები დაიცვას. ამიტომაც ნატოს სამიტზე 9-11 ივლისს უკრაინის გაწევრიანების თემა განხილული არ იქნება. საქართველოზე ხომ საუბარი აღარ არის“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ომი მესამე წელია მიდის და უკრაინა დაბრუნების მაგივრად ტერიტორიებს უფრო კარგავს. ალადაშვილი ამბობს, რომ რუსები ყოველდღიურად მეტრობით წინ მიიწევენ.

„ჩვენ გვახსოვს ტრამპის პარტიამ და მისმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა რა არ გააკეთეს იმისთვის, რომ ამერიკის დახმარება ჩაეგდოთ. ნახევარი წელი გაწელეს, რომ დახმარების პაკეტი არ დამტკიცებულიყო. მართალია, უკრაინამ მაინც მიიღო ეს დახმარება, მაგრამ ეს დრო რუსეთმა გამოიყენა. ამან ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცუდი მოლოდინი არსებობს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავინ იცის, რა იქნება ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება თუ ის პრეზიდენტი გახდა“, - ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპისგან გასაკვირი არაფერია, რადგან მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს. მაისაია ამბობს, რომ ამას ის არც მალავს და ღიად არაერთხელ უსაუბრია. ამიტომ მსგავს გარიგებაზე საუბარი და გეგმა რომ ტრამპს ჰქონდეს, რელობასთან ახლოს არის.

„არ არის გამორიცხული, ტრამპი მსგავს ფარულ ალიანსს ქმნიდეს და ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. ტრამპსა და პუტინს შორის, როგორც ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, გარკვეული კავშირები არსებობს. პუტინი დღემდე ტრამპს „ბალეშჩიკობს“ და გვახსოვს სკანდალი, როდესაც 2016 წლის არჩევნებში ტრამპის გაპრეზიდენტებაში რუსების ხელიც ერია. ტრამპი საერთოდ ნატოდან გამოსვლის წინაპირობასაც კი აყენებს, რაც ფაქტია, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა. სავსებით რეალურია ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება და არავინ არ იცის ექსტრავაგანტული პოლიტიკოსი ტრამპი რას და როდის გააკეთებს. მისი პროგნოზირება ძალიან რთულია. ის ამასთანავე საკმაოდ ძლიერი სტრატეგოს-ანალიტიკოსია და შორს ძალიან კარგად იხედება“, - ამბობს მაისაი.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის საკითხს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ რა პოლიტიკური ზიანი შესაძლოა ქვეყნებმა მიიღონ, მაისაი ამბობს, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, ნატოში გაწევრიანების კუთხით არანაირ ნაბიჯს არ დგამს არც საქართველო და არც ნატო. არც ერთ არ არის მზად იმისთვის, რომ რამე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოხდეს. ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით, ცალსახად ითქვა, რომ სანამ ომი მიდის, მისი გაწევრიანების შანსი არ არსებობს.

„დღევანდელი „ქართული ოცნება“ ანტინატოს რიტორიკას უფრო ავითარებს, ვიდრე ნატოსკენ რაიმე ნაბიჯებს დგამს, მით უმეტეს ამერიკასთან და ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ნატოსგან არაფერს უნდა ველოდოთ. ნატოს სამიტზე საქრათველოს საკითხი ისედაც ჩაფარცხულია და არც არავინ ელის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ჩვენთან დაკავშირებით რამე შეიცვლება. პირიქით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, მე მაქვს მოლოდინი, რომ ის კიდევ უფრო ხისტი იქნება საქართველოსთან მიმართებაში და საერთოდ, გულგრილ დამოკიდებულებას გამოიჩენს.

რაც შეეხება უკრაინის თემას, ტრამპი, როგორც ვთქვი, საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკოსია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ უკრაინას ომის დასრულება სხვადასხვა სცენარით განიხილოს. უკრაინა დილემის წინაშე დგას, მან რომ საომარი მოქმედებები შეწყვიტოს, მაშინ ამ ოთხი რეგიონის გასხვისებას ხელს აწერს. ტრამპის პოზიციები ბაიდენისგან განსხვავებული იქნება და მას უკრაინის ეროვნული ინტერესები ნაკლებად აინტერესებს. მისთვის მთავარია ამერიკისთვის რა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, თუ მსგავსი გარიგება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის ინტერესებს ძალიან დააზიანებს და სიტუაციას ჩიხში შეიყვანს“, - ამბობს მაისაია.

 

მერაბ.g ასეა, ხურდაში გვაყოლებს "სტრატეგიული პარტნიორი"
4 თვის უკან
ლაზი ტრამპი ნამდვილად შორს იხედება, მაგრამ არა მარტო წინ, არამედ უკანაც. თუ ის აშშ-ს ნატოდან გამოიყვანს, ეს ნატოს დაშლის ტოლფასი იქნება, რითაც შერულდება თავის დროზე რუსეთისთვის მიცემული პირობა. ამით დასრულდება მსოფლიოში არსებული ძიძგილაობა. ნატო დღეს, კორიდის წითელი ნაჭერივითაა - მხოლოდ აღიზიანებს და საბაბს აძლევს.
4 თვის უკან