ბევრი საუბრობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. საინტერესოა, ვინ არის ამ წოდების მოცილე დღეს ოპოზიციაში და ზოგადად, ვის აქვს პერსპექტივა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც უდიდესი ხმების მქონე ოპოზიციური პარტია, ჩაანაცვლოს?! გულწრფელად რომ ითქვას, ამ ეტაპზე, რთულია ერთი კონკრეტული პარტია დასახელდეს, თუმცა ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ერთგვარი გაერთიანების შედეგად და საერთო ფრონტის შექმნის საფუძეველზე, ამის სამომავლო შესაძლებლობას „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ერთად იძლევიან.
თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ამის რეალური შანსი მაშინ გაქრა, როდესაც „ლელო“ შეუერთდა „ერთიანობის დეკლარაციასა“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“, რასაც თავის მხრივ, გიორგი გახარიას პარტია გაეიმჯნა და არც ქარტიასა და არც დეკლარაციას ხელი არ მოაწერა. გახარიას პარტიაში აღნიშნულის შესახებ განმარტავენ, რომ ამ დეკლარაციაში მათი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს. მათივე თქმით, მათთვის კოალიცია მიუღებელია, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს“ დიდი ფინანსური რესურსი აქვს, ეს პარტია ადამიანური რესურსის დეფიციტს განიცდის. რაც შეეხება „გახარია - საქართველოსთვის“, მას აქვს შანსი იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. უშუალოდ, ამ ორი პარტიის შესაძლო გაერთიანების შესახებ საუბრისას, ანჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს ამის შესაძლებლობა მცირეა იმის ფონზე, რომ „ლელომ“ „ერთიანობის დეკლარაციას“ ხელი მოაწერა, რასაც გახარიას პარტია არ შეურთდა.
„ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ამ პარტიას ჰქონდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჯერჯერობით მაინც რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად, თუმცა ის, დიდწილად, დასუსტებულია იმ პროცესების გამო, რაც პარტიაში განვითარდა. შესაბამისად, მას სულ უფრო და უფრო გაუჭირდება პრეტენზია განაცხადოს, რომ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს საამისო რესურსები.
ვინ შეიძლება იყოს მისი მოცილე, ანუ ნომერ მეორე ოპოზიციური ძალა, ვფიქრობ, რომ გარკვეული შანსები აქვს „ლელოს“ და გახარიას პარტიას. „ლელოს“ აქვს საკმაოდ მძლავრი, ფინანსური რესურსი, თუმცა, მისი პრობლემა არის ადამიანური რესურსი - მას არ ჰყავს ისეთი ლიდერები, რომელსაც საზოგადოება ენდობა, გაჰყვება და ა.შ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მიუხედავად მათ მიერ დაშვებული შეცდომებისა, მაინც აქვს ძალიან მცირე, მაგრამ მაინც შანსი, რომ მიახლოვდეს 5%-იან ბარიერს, თუმცა ამის იქით მისი შანსები არ მიდის, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად მცდარ და წამგებიან საინფორმაციო პოლიტიკას ეწევა პირადად გახარია საჯარო სივრცეში და ასევე, მისი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები.
ვიდრე „ლელო“ ხელს მოაწერდა ბრიუსელის ერთიანობის დეკლარაციას, რასაც ხელი არ მოაწერა გახარიას პარტიამ, კიდევ არსებობდა თეორიული შანსი, რომ ეს პარტიები მოახერხებდნენ პირადი წყენის გადალახვას და დროებით ალიანსს ჩამოაყალიბებდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ლელომ“ ხელი მოაწერა „ერთიანობის დეკლარაციას“ და გახარიას პარტია განზე გადგა, მათი გაერთიანების შანსი შემცირდა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ჩვენ ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თავი მხრივ, ოპოზიციის გამარჯვების შანსებს გაზრდის. მისი შეფასებით, დღეს არსებულ ვითარებაში სხვა გამოსავალი ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს. რაც შეეხება ერთიანი სიების შესაძლო ფორმირების საკითხს, ძაბირაძე ეწინააღმდეგება აღნიშნულს, რადგან მისი თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიცია არჩევნებს წააგებს.
„ყველაზე სწორი იქნება სწორედ ამ ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება და თუკი ეს მოხერხდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ სერიოზული პრობლემები უჩნდებათ არა მხოლოდ ამ პოლიტიკურ ძალებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ყველა პოლიტიკურ ძალასა და ამომრჩეველს.
ვიზუალურადაც კარგად ჩანს, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია - სხვა გამოსავალი მას, უბრალოდ, არ აქვს. ერთიანი სიის შემთხვევაში ოპოზიცია, დიდი ალბათობით, წააგებს არჩევნებს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საუბრობს, - ვფიქრობ, ეს მცდარი მოწოდება და შეხედულებაა, რადგან ერთიანი სია ხეირს არავის მოუტანს.
ყველაზე კარგი გადაჯგუფება იქნებოდა: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ ის წვრილი პარტიები, რომლებიც სწორედ ამ პარტიიდან არიან - „გირჩი“, „დროა“, „ახალი“. ყველაზე კარგი კი იქნება „ლელოსა“ და გახარიას გაერთიანება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს წაიღებენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
მესამე ძალა? რატომ მეორე არა? მეცოცხეები რეალურად ოცნებისთვის პრობლემის შემქმნელი აღარაა! ამ მოცემულობით ოპოზიციურ ველზე წარსულით და პოზიციით ერთადერთი სწორი ზალა გახარიაა, თუმცა ის 20 ან მეტი %-ის ამღები არაა /როგორც სხვა რომელიმე/ ამიტომ თქმა იმისა, რომ ოპო პარტიები ჯამში აიღებენ ხმათა ნახევარზე მეტს, არასერიოზულია; თეოტიულადაც გამორიცხულია, რომ მათ ნახევარზე მეტიც რომ აიღონ, მერე მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ! უფრო ახლოსა რეალობასთან, რომ ოცნებას რამოდენიმე მანდატი დააკლდეს და იძულებული გახდეს ვინმე შეიამხანაგოს, თუმცა ესეც არაა რეალური - ოცნება სულ მცირე ხმათა 45%-ს აიღებს, ამას დაემატება უპატრონო მანდატები და 80-85 მანდატს (ანმეტს) იოლად აიღებს ... და დაიწყება უსაფუძვლო და უაზრო წივილ-კივილი