ამერიკაში არიან ადამიანები, რომლებიც ხისტ ტონალობას ირჩევენ საქართველოსთან სასაუბროდ, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც გაცილებით მეტ დიპლომატიურობას ავლენენ.
შესაბამისად, საქართველოში მოთმინებით ელიან, ამერიკაში როდის მიხვდებიან, რომ სანქციებზე მეტად დიპლომატიური ენა ჭრის ქართველებთან მიმართებით და ასეთი დიპლომატიური ურთიერთობის გამოვლენის შემდეგ დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკა-საქართველოს შორის.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოკლედ მოჭრა სათქმელი, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგოდ მათ მიიღეს ზომები და ბლინკენი დაემუქრა საქართველოს ხელისუფლებას, „კიდევ მეტსაც ნახავთო“, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება“.
ენტონი ბლინკენისგან განსხვავებით, შედარებით რბილ ტონალობას ირჩევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამერიკამ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გააგრძელოს, რადგან „საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს, ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“.
უნდა დაიწყოს თუ არა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა დიპლომატიური ტონის გამოყენებით, რადგან ჩვენ არ ვართ ვასალები?!
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დიპლომატიურ ტონზე გადასვლა საქართველოსთან მიმართებით დადებითის მეტს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერს მოუტანს, ვინაიდან აშშ-ის დღევანდელმა ბაიდენის ადმინისტრაციამ მთელ მსოფლიოში მოიჭრა თავი. წინათ ამერიკა ცნობილი იყო თავისი დემოკრატიით, მიღწევებით, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ამერიკამ, განსაკუთრებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნორმიდან გადაუხვია. ედიშერ გვენეტაძის მოსაზრებით, მათი ქმედება არც ერთ ნორმაში არ ჯდება, გვემუქრებიან, გვტუქსავენ პატარა ბავშვებივით. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი და ამისთვის გვსჯიან სანქციებით. ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ეუბნებიან, ამერიკაში არ ჩამოგიშვებთო. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს.
„ამერიკა დიდი ქვეყანაა და დიდი ბიუროკრატიაც ჰყავს. საბედნიეროდ, იმ ბიუროკრატიაში აღმოჩნდნენ გონიერი ადამიანები. ბაიდენის ადმინისტრაციაშიც არის გონიერები ხალხი, როგორიცაა ვედანტ პატელი. როგორც ჩანს, მილერის მოადგილე ყოფილა კაცი, რომელმაც მიიღო, გადაამუშავა, გააანალიზა ინფორმაციები და თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ. ამერიკასთან თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველ ხალხთან მეგობრულ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ აქვს. ვერავინ ვერ ასწავლის ქართველ კაცს მოყვრისა და მტრის გარჩევას, რუსთაველმა ჯერ კიდევ როდის თქვა, „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“, მგლის ქურქში გახვევა მოყვარეს არ სჭირდება. კარგია, რომ გამოჩნდა ასეთი პიროვნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც ობიექტურად აზროვნებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტნი გამოჩნდებიან და მიხვდებიან, რამხელა საბედისწერო შეცდომებს ჩადიან თავად ამერიკისთვის, როცა მკაცრ პოლიტიკას აწარმოებენ საქართველოსთან მიმართებით“,-აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ბლინკენის ხისტ ტონს, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბლინკენის საუბრის მანერას საქართველოსთან მიმართებით შეცვლის 5 ნოემბრის არჩევნები. ფაქტობრივად, ბლინკენი უზარმაზარი იმპერიის მეორე კაცია, მაგრამ როგორ შეიძლება მასზე სერიოზულად საუბარი მას შემდეგ, რაც მან თქვა, ქალს ქალი არ დაუძახოთ, კაცს-კაციო.
„აბა, რა დავუძახოთ? ქალკაცა? კაცქალა? ეს ადამიანები გასულები არიან მომსახურების სფეროდან. ძალიან საშიშად მიმაჩნია არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არჩევნებამდე დარჩენილი 4-5 თვე, რადგან ასეთმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ბაიდენი, ბლინკენი, მილერი დიდი საფრთხე არ შეამთხვიონ მსოფლიოს“, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას აქვს კონტაქტი ზოგიერთ ამერიკელ კოლეგასთან და კერძო საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ახლა ამერიკაში შეიქმნა უკიდურესად რთული შიდა ვითარება, არნახული პოლარიზაციაა ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ, მიმდინარეობს იმ ინსტიტუტების და ფასეულობების სრული მსხვრევა, რაზეც ამერიკა იდგა. ამერიკელი ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, როცა ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანის ძალისხმევაა საჭირო ქვეყნის შენარჩუნებისათვის. ასეთ მძიმე დროს კი ამერიკაში ვიღაცები იცლიან იმისთვის, რომ საქართველოში თურმე რაღაც კანონს ღებულობენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ აბსურდის გაგრძელება, რაც ხდება ამერიკაში.
„რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ წარსულს ჩაბარდა ის ეპოქა, როდესაც ამერიკა თუნდაც კეთილი განზრახვით ეწეოდა სოციალურ ინჟინერიას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცდილობდა ზუსტად თავისი ასლის შექმნას, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა არ ღებულობდა და ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. ერთ ქვეყანაში კრახით რომ დამთავრდებოდა და ჩავარდებოდა ამერიკული პროექტი, მეორე დღეს ამერიკელები სხვა ქვეყანაში იწყებდნენ იმავეს კეთებას. წიგნიც გამოვიდა ახლახანს - „კეთილი განზრახვების ჯოჯოხეთი“. ამერიკელებმა ასეთი მცდარი პოლიტიკა აწარმოეს ვიეტნამში, ირანში, ერაყში, ლიბანში, ავღანეთში. ეს ყველაფერი დამთავრდა კატასტროფით, ხოლო მსოფლიოს ხალხებს შორის ამერიკის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. სხვათა შორის, ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ ბაიდენმა გამოაცხადა კიდეც, ამერიკელებმა უნდა გავიგოთ, რომ სხვა ადამიანების ნაცვლად მათი საქმეების კეთება არ არის შედეგიანი და კონტრპროდუქტიულია. ამიტომ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის გაზომვით, შიგნით როგორი რეჟიმია და როგორაა დაცული სექსუალური უმცირესობების უფლებები. დასავლეთში ეს უკვე ძირითადი მოთხოვნა გახდა, ეს არის ერთგვარი საშვი, თუ გინდა ჩვენს კლუბში შემოსვლა, მაშინ მითხარი, იზიარებ თუ არა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება მისაღებია?! ეს უნდა დამთავრდეს, ამაზე ლაპარაკობენ ამერიკელი ანალიტიკოსები და ეს ტენდენცია ნამდვილად იგრძნობა“.