გაიშიფრნენ თუ არა არასამთავრობოები და მოიშორეს თუ არა მგლებმა ცხვრის ქურქი, ამის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს. ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ თვითონ სახელწოდება „თავისუფლების მოედანი“ შემთხვევითი არ არის და პოლიტიკაში გადანაცვლებული არასამთავრობოები ქვეცნობიერად ამაშიც ამჟღავნებენ თავიანთ განზრახვას, რომ ქუჩის აქციებისთვის, პროტესტისთვის, რევოლუციისთვის ემზადებიან.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ აერთიანებს „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანებს, მათ შორის, ლევან ცუცქირიძეს, ბაკურ კვაშილავას და სხვებს.
საქართველოში მიაჩნიათ, რომ არასამთავრო ორგანიზაციების ნაწილი ყოველთვის პოლიტიკაში იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი ნჯო-ს შირმას ამოეფარებოდნენ, თუ ღიად დააფიქსირებდნენ, რომ პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ. ამჯერად უკვე ნჯო-ები საწყის მდგომარეობას უბრუნდებიან და პოლიტიკაში ინაცვლებენ, იმ პოლიტიკაში, საიდანაც არც არასდროს წასულან.
„კარგია, როცა თვითლუსტრაციას მიმართავენ“, - ასეთნაირად ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო სექტორის პოლიტიკაში გადაბარგებას.
ქადაგიშვილის აზრით, არასამთავრობოთა უმრავლესობა იყო პოლიტიკური პროცესის ჩვეულებრივი დანამატი და კარგია, რომ ამ პროცესის ოფიციალური მონაწილეები გახდნენ. ქადაგიშვილის თქმით, არასამთავრობოებმა დაინახეს, რომ ჩრდილიდან პოლიტიკის წარმართვა არაეფექტურია, სრულიად გაშიფრულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციაში მათი ყოფნა კი იყო ცხვრის ქურქში გახვეული მგელი.
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძეც ეხმაურება არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნას და ამბობს, რომ არსებულ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარ ამომრჩევლებშიც კი ნეგატიური იმიჯი აქვთ, ამის გამო მათ უცხოელი დამკვეთები გაუბრაზდნენ და მათ აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, რადგან შემოდგომაზე არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ.
სამომავლოდ, გამჭვირვალობის კანონის კვალდაკვალ, მოსალოდნელია თუ არა არასამთავრობოები პოლიტიკურ ორგანიზაციებად ტრანსფორმირდნენ, ანუ დაუბრუნდნენ იმ მოცემულობას, რაშიც ერთხელ უკვე იყვნენ, სანამ არასამთავრობოდ შეინიღბებოდნენ?!
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციად ნჯო-ების გარდაქმნა ნამდვილად გაშიფვრაა იმ არასამთავრობო სექტორის, რომელიც საქართველოში მოქმედებს. პეტრე მამრაძის თქმით, თავის დროზე უცხოელი მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ ამ ტიპის ნჯო-ები იყვნენ ინსტრუმენტები სააკაშვილის რეჟიმის ხელში, ამით ხდებოდა იმიტაცია, თითქოს ისინი წარმოადგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო მათ განცხადებებს და მათგან წამოსულ ინიციატივებს არაფერი საერთო არ ჰქონდათ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებსა და პრობლემებთან. ასე რომ, ეს არ არის გასაკვირი, როცა არასამთავრობოები ღიად აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე გადადიან.
„რეალურად, ე.წ. ნჯო-ები წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მანამ, სანამ არასამთავრობოებად გადაიქცეოდნენ. მათ უამრავი არასწორი ნაბიჯი გადადგეს. მათ შორის, ევროკავშირის მოთხოვნებზე, ამ ტყუილზე როცა მოაწერა 70-მა ნჯო-მ ხელი, ამან გამოიწვია მძაფრი უარყოფითი რეაქცია. ასევე, გვახსოვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ყალბი საუბარი 2020 წელს, რომელიც სრული კრახით დამთავრდა კონკრეტული ნჯო-სთვის. ყველა შემთხვევაში, ეს ნჯო-ები მოქმედებდნენ, როგორც ნამდვილი პოლიტიკური ინსტრუმენტები და არა ობიექტური, ჭეშმარიტების მაძიებელი სტრუქტურები“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს არასამთავრობო სექტორის გაპოლიტიზებასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი ახსენდება, ჭიჭიკია რომ ემალება ბიჭიკიას, ნაზიკია კი დაინახავს და ჭიჭიკიას დაუძახებს, გიცანი-გიცანიო.
„ანალოგიური სიტუაციაა ახლაც, დიდი ხანია, ესენი შეიცნო ქართულმა საზოგადოებამ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ბღავილი - „არა რუსულ კანონს“. ეს ადამიანები ორი თვის მანძილზე იდგნენ რუსთაველის პროსპექტზე, ხან პოლიციელებს წვავდნენ ცოცხლად, ხან სამთავრობო შენობებს უტევდნენ, ხან პარლამენტს უკიდებდნენ ცეცხლს და ჭყიოდნენ, ხელისუფლება არასამთავრობოებს გვიკეტავს დაფინანსებას, ამიტომ ჩვენ ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ სამოქალაქო საზოგადოების გათავისუფლებასო. ახლა კი ნათლად გამოჩნდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ერთად არიან ყველანი შეკრებილნი, ამჯერად პოლიტიკას ამოეფარნენ და შემთხვევითი არ არის მათი ორგანიზაციის დასახელებაც - „თავისუფლების მოედანი“. თუ ეს ადამიანები მოიწვევენ და სათავეში ჩაიყენებენ იმ ორჯერ განათხოვარ მიხაილ როთს და ჩაანაცვლებენ თაბაგარს, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათი გაშიფვრის თვალსაზრისით. მაშინ პირდაპირ ვიტყვით, რომ „მეფე შიშველია“. მიხაილ როთით სათავეში ესენი ნაღდი სახით წარდგებიან საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისი აზრით, რადაც არ უნდა გარდაიქმნან არასამთავრობოები და რასაც არ უნდა ამოეფარონ, ესენი არიან გველები. დიდ ქართველ რომანტიკოს პოეტს - ალექსანდრე ჭავჭავაძეს ასეთი სიტყვები აქვს - „გველივე შთება გველად“, გველი ტყავს იცვლის, მაგრამ მისი ზნე და ბუნება არ იცვლება. ამათაც ვითომც გამოიცვალეს კანი, სინამდვილეში, ისეთებად დარჩნენ, რაც იყვნენ.
ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, რაც მეტი არასამთავრობო გამომჟღავნდება, მით უკეთესი. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოხდება მათი კლასტერიზაცია, თუ ვინ არიან ესენი. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის მათი რაობა ისედაც ცნობილია. მათ ახლა დავალება მისცეს გაღმიდან, შესაბამისად, კაჟაია ბულავამ აწია ფარდა და გამოუშვა პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი ბაღნები, რომლებიც ამ დრომდე არასამთავრობოთა ქურქში ჰყავდა გახვეული.