ერთი შეხვედრის ისტორია

ერთი შეხვედრის ისტორია

ჰოოო... ისე არ აეწყო ცხოვრება, როგორც წარმომედგინა. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა, როცა 30 წლის, ორდიპლომიან კაცს ჯიბეში მხოლოდ მეტროს ორი ჟეტონი, ორი კოლოფი სიგარეტი „ასტრა“ და სამი სანთლის ფული გაქვს...

16 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. კარგი სამსახური შოვნის შანსი გავუშვი ხელიდან, მაგრამ არასოდეს მინანია, არც ახლა ვნანობ. მახსენდება და მეცინება. ინსტიტუტის ყოფილი პარტკომი შემხვდა ეკლესიაში, ჩემი ყოფილი დეკანი...

თუმცა, თავიდან მოვყვები, ასე ჯობს.

*****

კოტე მახარაშვილის მამამ, ავთო ძიამ, ნიჩბისში კაი ასკილოიან ღორს სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანა - დაკვლა. რომ ჩავედით, განაჩენი უკვე სისრულეში იყო მოყვანილი. ამის გამო პროტესტი არავის გამოუთქვამს და სუფრას შემოვუსხედით. თბილისიდან ჩასული სტუმრები სულ ხუთნი ვიყავით - თემო, ვაჟა, ჯოჯო და მე. კოტე იქ დაგვხვდა და არც ეთქმოდა სტუმარი - ბოლო-ბოლო, ის ღორი ლამის მის თვალწინ იყო გაზრდილი და სულიც მის ხელში დალია.

გვარიანად მოვულხინეთ. შუაღამე იყო გადასული, როცა წამოვიშალეთ. სუფრას დავხედე (ასე გენერლები დაყურებენ რუკებს) - მწვადი ბევრი და კარგი, ღვინო ბევრი და კარგი. მიმოვიხედე - დიდებული მასპინძლები. გარეთ გავიხედე - ცვივა თოვლის ფანტელი...

მოკლედ, მე და ვაჟამ დარჩენა გადავწყვიტეთ. „მე არ გავალ ქუჩაშია, სანამ ღვინო შუშაშია“ - ვაჟას საყვარელი სიტყვებია და რომ ვთქვა, ეს სიტყვები მძულს-მეთქი, მაინც არავინ დამიჯერებს.

დავრჩით, და ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი დღე გადავაბით. მეოთხე დღეს როგორც იქნა (სინდისიც კაი საქონელია) გამოვემშვიდობეთ მასპინძლებს და თბილისისკენ დავიძარით გაქონილები, მოსუქებულები, გაუპარსავები, ღამენათევები, თმებში ბოლის სუნი აგვდიოდა, ბომჟებს ვგავდით. 19 დეკემბერი იყო, ნიკოლოზობა - ვაჟა ერაძის დაბადების დღე. ჩვენი სამეგობროსთვის 19 დეკემბერი ნიკოლოზობაც არის და ვაჟაობაც. ამ დღეს ყოველთვის ვაჟა ერაძის ოჯახში ვიკრიბებით.

მოვილაპარაკეთ, რომ საღამოსთვის მეტ-ნაკლებად ადამიანურ იერს მივიღებდით. მრავალფეროვნების გამო, თორემ, სიმართლე გითხრათ, ბომჟობამდე ბევრი არაფერი გვაკლდა.

მივედი სახლში, ვიბანავე, გავიპარსე, ვიპკურე ოდეკოლონი, ჩავიცვი კოსტუმი (შარვალ-კოსტუმსაც რომ ეძახიან), გავიკეთე ჰალსტუხი, შემოვიცვი ჩალისფერი დუბლიონკა, მოვიხვიე თეთრი შარფი, მოვირგე „რეიბანები“ და გავუდექი გზას.

მარშრუტი იყო ასეთი: ვაშლიჯვრიდან ფეხით მეტრო „დიდუბეში“, მერე, ასევე, ფეხით - მეტრო „მარჯანიშვილიდან“ ვარანცოვზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, უკანვე (კვლავ ფეხით) - „მარჯანიშვილში“, მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ (ფეხით, რა თქმა უნდა) - მუხიანში, ერაძეებთან.

როგორც იქნა, მივაღწიე ეკლესიამდე, დავანთე სანთლები. უკვე წამოსვლას ვაპირებ და, რას ხედავს ჩემი თვალები - წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატთან ჩემი ყოფილი დეკანი, ინსტიტუტის ყოფილი პარტკომი დგას, დაუკავებია დიდი კელაპტარი და ხატს შეცქერის. პარტკომი ხატს შეცქერის, მე პარტკომს ვათვალიერებ და ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი სტუდენტური ეპიზოდი მახსენდება, ის რომ პარტკომი იყო, ხოლო მე - ექსტრემისტი. მეთქი, მორჩება ლოცვას და ნიშნს მოვუგებ - „ჰა, შე გალსტუკიანო, გაგახსენდა ღმერთი?“ მაგრამ, ისე მოხდა, რომ ახლა ჰალსტუხით მე ვარ, იმას კი ჯინსის ქურთუკი აცვია და საწყლად გამოიყურება. არც ძალიან, ისე - საშუალოდ საწყლად.

ამ დროს შემამჩნია, მომესალმა, ხელით მანიშნა არ წახვიდეო, სანთელი შანდალში ჩაამაგრა და ჩემთან მოვიდა.

- გილოცავ - თან, ვხვდები, ჩემს სახელს იხსენებს.

- მეც გილოცავთ.

- როგორ ხარ, რას საქმიანობ?

აქ კი, ცოტათი შევყოვნდი. ეკლესიაში კი ვარ, მაგრამ ისეთი ვიღაცაა და ისეთ რაღაცას მეკითხება, რომ სიმართლის თქმა გამორიცხულია.

26 წლისა უკვე დეკანის მოადგილე იყო, 27 წლისამ დეკანის კაბინეტი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ ინსტიტუტის პარტკომი გახდა, ცეკაში გადასვლას და რომელიმე სერიოზული განყოფილების (მაგ. იდეოლოგიის დარგში) ჩაბარებას, ალბათ, სადღაც 33 წლის ასაკში გეგმავდა. 33 წელი 1990 წელს შეუსრულდა და მისი პარტიული კარიერაც დასრულდა. სხვა კარიერა ვერც წარმოედგინა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა - 50 წლისას ოპერაში იუბილეს გადაუხდიდნენ, თეთრ ნაბადს მოასხამდნენ, ჭედილას აჩუქებდნენ და მერე, კიდევ 50 წლის შემდეგ, მასზე დაიწერებოდა ნეკროლოგი - „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“, „ამაგდარი“, „კვალი ნათელი“ და ა.შ.

არ დასცალდა, ეროვნულმა მოძრაობამ მოუსწრო, უფრო სწორად - მივუსწარით და პირად-მერკანტილური გეგმები ჩავუშალეთ.

ახლა, დგას და, როგორ ხარ, რას საქმიანობო - მეკითხება. ვიცი, რომ თვითონ უმუშევარია, რაღაც-რაღაც ბიზნესები კი აქვს, წილებსაც ფლობს, არ შია და არ წყურია, მაგრამ თანამდებობა, კაბინეტი, პირადი მძღოლი, მდივანი და დაცვა მაინც სულ სხვაა, სტატუსია და მის გარეშე საკუთარ წრეში სასურველი გონორი არ აქვს. ამიტომაც არის, საწყლად რომ გამოიყურება, თორემ ჯინსის ქურთუკი არაფერ შუაშია.

წამში გამიელვა: ახლა, ამას რომ ვუთხრა, რომ ვარ უმუშევარი, უპერსპექტივო, უფულო... ისეთი გაზმანული ვარ, მაინც არ დამიჯერებს და თუ მაინც დავაჯერებ, მასხარად ამიგდებს - ეგეც თქვენი ეროვნული მოძრაობა, ეგეც თქვენი მერაბ კოსტავა, ეგეც თქვენი დამოუკიდებლობა, ეგეც თქვენი „რედ ერმი გოუ ჰოუმ“!

ის ჯინსებშია, მე კი კოსტუმ-ჰალსტუხით და დუბლიონკით დავიბღინძები...

როგორ ხარ, რას საქმიანობო...

რა ვქნა? რა ვუთხრა?

და, დავიწყე. ვუთხარი, რომ საოფისე ფართები მაქვს გაქირავებული ვერაზე, ვაკეში და საბურთალოზე (უძრავი ქონება მაინც სულ სხვაა!), რამდენიმე უცხოური კომპანიისა და ერთ-ერთი მინისტრის მრჩეველი ვარ, არ არის გამორიცხული, მომავალ არჩევნებში პარლამენტის წევრიც გავხდე. რომელი პარტიიდან? რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირიდან. სხვა პარტიიდან რომ ვიყარო კენჭი, ბატონ ედუარდს ეწყინება.

დსთ-ს სამიტებიც გავიხსენე, რომელიღაც ქვეყნის პრემიერი სახელით მოვიხსენიე... გავუბერე და გავიჯეჯილე.

მისმინა, მისმინა და... ეჰო - ხელი ჩაიქნია და წავიდა. ეწყინა.

ცუდად გამომივიდა. ტყუილი რა საკადრისია, თანაც ეკლესიაში, ნიკოლოზობა დღეს! მაგრამ, სხვა გზაც რომ არ მქონდა?

იმისთვის აღარ მიკითხავს, როგორ ხარ მეთქი. ვიცოდი, რომ კარგად იყო და თავი ცუდად ეგონა.

სახლში გვიან დავბრუნდი. ნახევარ კოლოფი „ასტრა“ კიდევ მქონდა. მუნდშტუკიც.

მთავარი ახლა იწყება.

ორი თუ სამი თვის შემდეგ ჩემი ყოფილი დეკანი, ანუ ინსტიტუტის ყოფილი პარტკომი მინისტრად დაინიშნა. ბიოგრაფია გამოგვიცხადეს, ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებები ჩამოთვალეს... ყველაფერი ისევ იქით მიდიოდა - თეთრი ნაბადი, ჭედილა და კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

- მიდი, ნახე, იქნებ რამე სამსახური გიშოვნოს - რომანტიკოსი დედაჩემის რჩევები ყოველთვის საქმიანი და პრაქტიკულია.

რა მჭირს მაგასთან მისასვლელი - საოფისე ფართები მაქვს გაქირავებული ვერაზე, ვაკეში და საბურთალოზე (უძრავი ქონება მაინც სულ სხვაა!), რამდენიმე უცხოური კომპანიისა და ერთ-ერთი მინისტრის მრჩეველი ვარ. მომავალ არჩევნებში პარლამენტის წევრი უნდა გავხდე. რომელი პარტიიდან? რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირიდან. სხვა პარტიიდან რომ ვიყარო კენჭი, ბატონ ედუარდს ეწყინება...

ბევრი ვიცინეთ მე, დედაჩემმა და მამაჩემმა. სხვებიც ვაცინე და, ახლაც, რომ მახსენდება, სიცილს ვერ ვიკავებ.

P.S. რამდენიმე წლის შემდეგ ბატონ მინისტრს მეგობრის ქორწილში შევხვდი. აღარ მომიკითხა. რაში აინტერესებდა?