რა წაიკითხეს ქართველებმა ბოლოს?

რა წაიკითხეს ქართველებმა ბოლოს?

ქართველებზე ხშირად ამბობენ, რომ წიგნიერი ერია და ეს გარკვეულწილად ასეც არის. ლიტერატურის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ წიგნი საქართველოში მხოლოდ ინტერიერის გასალამაზებელი საგანია, რომელშიც არასოდეს იხედებიან, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე.

ბიბლიოთეკების გადაჭედილი სამკითხველო დარბაზები, მომრავლებული წიგნის მაღაზიები, გამომცემლობები იმაზე მეტყველებს, რომ ამ მხრივ ცუდად სულაც არ გვაქვს საქმე. რას კითხულობს ჩვენი საზოგადოება, ხშირად ყიდულობენ თუ არა წიგნებს და რა წაიკითხეს ბოლოს - ამ კითხვებით ჩვენს უცნობ რესპონდენტებს მივმართეთ.

ბაჩო, 24 წლის:

- დღეს ვიყიდე ვიქტორ ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის". 5 ლარი მივეცი. ვიცი, რომ ეს ერთ–ერთი ის წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო. "საბრალონი" მოვიკითხე და 25 ლარად გავყიდეო, მიპასუხეს. არ ვიცოდი, ასე ძვირი თუ ღირდა. წიგნებს ხშირად არ ვყიდულობ.

ლია, 45 წლის:

- სამი შვილი მყავს და მათ სახელმძღვანელოებს ისეთი გაჭირვებით ვყიდულობ, იმდენი ფული აღარ მრჩება, მხატვრული ლიტერატურაც შევიძინო.

მარინა, 57 წლის:

- ბოლოს ერთ–ერთ გადამყიდველთან ოთარ ჭილაძის "100 ლექსი" ვიყიდე სადღაც 5–6 ლარად. ეს წიგნი დავკარგე და, რადგან ჩემი უსაყვარლესი პოეტია, მინდოდა, აუცილებლად მქონოდა სახლში.

მაკა, 36 წლის:

- ახლახან რამდენიმე წიგნი ერთად ვიყიდე, ზოგი - ჩემთვის, ზოგი - ჩემი შვილისთვის. თომას მანის "ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება", "ანა ფრანკის დღიური", აგატა კრისტის რამდენიმე დეტექტიური რომანი, მაო ძე დუნი. აი, ეს უკანასკნელი რატომ ვიყიდე, დღესაც არ ვიცი. ეს სიამოვნება სულ 35 ლარი დამიჯდა.

ბაკური, 51 წლის:

- ბიბლიოთეკების წყალობით, აღარც მახსოვს, ბოლოს წიგნი როდის ვიყიდე. ხალხს წიგნის კი არა, პურის ფული არ აქვს. ასეთ დროს ბიბლიოთეკა კარგი გამოსავალია.

მარინა, 34 წლის:

- ბოლოს ნიკა აგიაშვილის "სერვანტესი" წავიკითხე. ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. თავის თანამედროვე ქართველ მწერლებზე საოცრად წერს, მაგრამ სხვა ეპოქის უცხო მწერალზეც ასე თუ შეეძლო დაეწერა, ვერ წარმოვიდგენდი. ნიკა აგიაშვილმა სერვანტესი თავიდან აღმომაჩენინა!

ნატა, 32 წლის:

- წიგნებს უფრო ფესტივალზე ვყიდულობ, ამ დროს ძალიან იაფია. ბოლოს ვიყიდე უელბეკის "ელემენტარული ნაწილაკები", "პლატფორმა", "ბრძოლის ველის განვრცობა", სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", კავაბატას "ათასფრთიანი წერო" და ეს ყველაფერი სულ - 60 ლარად.

ბექა, 21 წლის:

- სად მაქვს წიგნის ფული! სასწავლო ლიტერატურას რაც შეეხება, სასწავლებლის ბიბლიოთეკებით ან ქსეროასლებით ვსარგებლობ. თუ დამაინტერესა რომელიმე ავტორის მხატვრულმა ნაწარმოებმა, ინტერნეტბიბლიოთეკებს ვიყენებ.

ნანა, 48 წლის:

- ბოლოს ვიყიდე თომას მანის "ჯადოსნური მთა", რომელშიც 15 ლარი გადავიხადე და თანამედროვე, ცნობილი მწერლის, მიშელ უელბეკის "ელემენტარული ნაწილაკები" 17 ლარად, რადგან დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ მწერლის შემოქმედების ირგვლივ. კარგი იქნება, თუ წიგნების ფასს დაბლა დასწევენ. ეს მკითხველის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

დიტო, 29 წლის:

- ადრე წიგნებს ბუკინისტებთან ვყიდულობდი, 3 ლარადაც მიყიდია. ახლა ბუკინისტები კი ჰქვიათ და ისე გატყავებენ, გამომცემლობებზე ძვირად ყიდიან წიგნებს. ბოლოს ერთ–ერთ ბუკინისტთან ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი" შევიძინე 6 ლარად.

პატაა, 43 წლის:

- კავაბატა ვიყიდე ბუკინისტურ წიგნებში და მერე აღმოვაჩინე, რომ ერთ–ერთ მაღაზიაში უფრო იაფი ყოფილა.

გელა, 50 წლის:

- ბოლოს ჩემი ორი შვილის სასკოლო სახელმძღვანელოები ვიყიდე და იმდენი დავხარჯე, მერე წიგნი აღარც მიყიდია.

ნინო, 40 წლის:

- ვყიდულობ თანამედროვე მწერლების შემოქმედებას, განსაკუთრებით - ქართველ ავტორებს. ბოლოს თამთა მელაშვილის "ომობანა" ვიყიდე 6 ლარად.

რეზო, 22 წლის:

- ბოლოს ვიყიდე ჭეჭელაშვილის "სანივთო და ვალდებულებითი", ლილუაშვილის "საერთაშორისო კერძო სამართალი", სისხლის სამართლის კოდექსი, კანონი სააღსრულებო საქმიანობის შესახებ და 80 ლარი დამიჯდა. სასწავლო სახელმძღვანელოებს მიაქვს მთელი ჩემი ბიუჯეტი.

რამაზი, 34 წლის:

- ბოლოს ვიყიდე კნუტ ჰამსუნის "განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში" 8 ლარად, რომენ როლანის "მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენის ცხოვრება" 9 ლარად, ჰერმან ჰესეს "ნარცისი და გოლდმუნდი" 14 ლარად, ნოდარ ტაბიძის "სული ლაჟვარდზე უსპეტაკესი" 6 ლარად.

მერაბი, 63 წლის:

- ბოლოს ტერენტი გრანელის ლექსები ვიყიდე 5 ლარად და სტალინის "მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები" 1 ლარად. ასე ხშირად მიმართლებს და ძალიან იაფად ვყიდულობ ჩემთვის სასურველ წიგნებს.