საქართველოს დსთ-ში შესვლით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა. თითოეული ქართველი, რომლისთვისაც „სულერთი“ არ არის ქვეყნის ბედი, გრძნობს, რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, რის შესახებაც ალბათ ათწლეულებისა და საუკუნეთა განმავლობაში იმსჯელებს შთამომავლობა.
ფაქტობრივად, თანამეგობრობაში შესვლით, საქართველო კვლავ თავისი ნებით შევიდა იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომლიდან თავის დაღწევასაც ესოდენ თავგანწირულად ცდილობდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
თითქოსდა, პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს ისტორიაში და ამიტომ განსაკუთრებულ შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს - აკი შევედით ამ სივრცეში 1801 წელს, შემდეგ კვლავ დავბრუნდით მასში 1921 წელს. ასე რომ, კვლავაც შეიძლება ვიყოთ ისტორიული ქარბორბალის იმედით, რომელსაც არაერთგზის შეუცვლია ჩვენი სვე-ბედი.
მაგრამ დღევანდელი მოვლენა წინა ისტორიული აქტებისაგან ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ჩვენთვის საბედისწერო ნიშნით განსხვავდება: როგორც 1801 წელს, ასევე 1921 წელსაც საქართველო შევიდა ტოტალიტარული რუსეთის სივრცეში. ანუ, მაშინ რუსეთი ემყარებოდა ისტორიულად რეგრესულ, უპერსპექტივო და აშკარად განწირულ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემას.
ამიტომ, საქართველოს ყოველთვის რჩებოდა ამ სივრციდან თავის დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი მას შემდეგ, რაც ეს მოძველებული სისტემები დაიმსხვრეოდნენ და იმპერიაც ბუნებრივად დაიშლებოდა.
დღეს კი, საქართველო ნებაყოფლობით შედის „დემოკრატიული“, მზარდი, აღმავლობის გზაზე შემდგარი რუსეთის გავლენის სფეროში. ახალი რუსეთი უკვე სულ სხვა, პროგრესულ საფუძველზე შენდება და ამ საფუძველს ვერასდროს ვერაფერი შეარყევს.
მთავარი კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური შინაარსისა, რუსეთი იყო, არის და იქნება იმპერია - ის აზრი, თითქოს პროგრესულ საფუძველზე აგებული ეკონომიკა და პიროვნული, მოქალაქეობრივი უფლებების პატივისცემა აღარ გვაძლევს უფლებას ამგვარი კვალიფიკაცია მივცეთ ველიკორუსულ სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ გულუბრყვილობაა, რადგან რუსეთს, განურჩევლად იმისა, ტოტალიტარული იქნება იგი თუ დემოკრატიული, როგორც ჩანს, სამარადჟამოდ შერჩება იმპერიის უმთავრესი ნიშანი: იგი ვერ აიტანს, არ დაუშვებს თავის გეოპოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოების არსებობას და ყველანაირად შეეცდება ისინი დათრგუნოს, დაასუსტოს, დაამციროს, მოსპოს, გაანადგუროს და საბოლოო ჯამში ტერიტორიულად მიიერთოს კიდეც. რამდენად შეძლებს და მოახერხებს ამას – სხვა საკითხია.
ჩვენს საზოგადოებაში გამეფებულ სტერეოტიპთაგან ერთ-ერთი ყველაზე ურყევის თანახმად, რაკი რუსეთი მზადაა, პატივი სცეს პიროვნების უფლებებს - განურჩევლად მისი ეროვნებისა, - იგი შესაძლოა, გარდაიქმნას ჩვეულებრივ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ და ამრიგად, მის გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნა არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
სინამდვილეში, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება ყოველთვის როდია „ერთი მედლის ორი მხარე“, - როგორც ეს ჩვენში ჰგონიათ, - ხოლო პიროვნების უფლებათა პატივისცემა, მისი ეროვნების განურჩევლად, სრულიადაც არ გულისხმობს ამა თუ იმ ერის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისწრაფებათა პატივისცემას.
რუსეთი დიდი და მძლავრი სახელმწიფოა. მას უეჭველად აქვს სასიცოცხლო ინტერესები ევრაზიის კონტინენტზე, მათ შორის კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოს მიმართ და რაც უფრო პროგრესულ სოციალურ- ეკონომიკურ სისტემებზე იქნება აგებული რუსული სახელმწიფო, მით უფრო ძლიერი იქნება იგი და მით მეტი წარმატებით შეძლებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას პატარა და უმწეო მეზობლების მიმართ.
იმათ, ვინც იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს და ესოდენ ბრწყინვალედ განახორციელეს კიდეც, ეს ყოველივე შესანიშნავად ესმოდათ. ამჟამად კი პროცესი თავის ლოგიკურ შედეგს უახლოვდება.
ის, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება, თვალნათელია ყველასათვის. მაგრამ ამჯერად სხვა, ბევრად უფრო საჭირბოროტო კითხვა დგას დღის წესრიგში: იყო თუ არა სხვა გამოსავალი?
ჩემი აზრით, მდგომარეობის განსაკუთრებული ტრაგიზმი სწორედ ისაა რომ სხვა გამოსავალი არ იყო. სახელმწიფოს მეთაურმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა შექმნილი ვითარებისა და გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გააფთრებით ცდილობდა, გაეცურა დინების საპირისპიროდ. ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა, რადგან ჩვენ საქმე გვქონდა არათუ მხოლოდ ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში წარმოშობილ პროცესთან, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ტალღასთან.
იმპერიის მეორედ მოდერნიზების გეგმა წარმატებით განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ ევრაზიაში ერთიანი ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობით მთელი მსოფლიო იყო და არის დაინტერესებული.
ეს არის „ზესახელმწიფოთა“ დიდი გარიგების შედეგი და თუ საქართველო ამ პროცესს წინ აღუდგება, თუ წინააღმდეგობას გაბედავს, მას უბრალოდ მოკლავენ: დაგლეჯენ მის ეროვნულ სხეულს, დაანაწევრებენ ტერიტორიულად და, თუნდაც განქართველებულს, ამ ტერიტორიებს მაინც მიუერთებენ იმპერიის სივრცეს.
არსებობს „ცუდი“ და არსებობს „უარესი“. ისევე როგორც ორასი წლის წინ, დღესაც საქართველომ „უარესს“ – „ცუდი“ არჩია.
მომხდარს მრავალი ასპექტი აქვს. შეიძლება გაიმართოს მსჯელობა ისტორიული, ფილოსოფიური თუ სხვა კუთხით. მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ დიდი პოლიტიკის მოთხოვნა ბედისწერის ნიშანს ატარებს. ბედისწერას კი ვერავინ გაექცევა.