ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან პოზიტიური გარემოა, ძალიან დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით. მიუხედავად ძალიან რთული მეტოქისა, ყველამ კარგად ვიცით ესპანეთის ნაკრები რამხელა ძალას წარმოადგენს, ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ერთად გავიარეთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.