უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო 2024 ჩემპიონები ვართ. - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ესპანეთის ნაკრებს ბოლო 3 წელიწადში 4-ჯერ შევხვდით და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალინდელი თამაში სრულიად განსხვავებული იქნება. კარგად მახსოვს ის წაგებები. ერთი მატჩი 1:7-ით დავთმეთ და შეიძლება, აქ რომ ვართ, მაშინდელი მარცხის დამსახურებაც იყოს, რადგან წარუმატებლობიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ.
პორტუგალიასთან იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მინდა რომ ხვალინდელ თამაშზეც ასეთი სცენარი ვნახო, რადგან თუ მხოლოდ დაცვაზე იზრუნებ, შედეგს ვერ მიაღწევ“, - აღნიშნა მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.