იმისთვის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დატოვოს საპრეზიდენტო რბოლა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭო.
სარედაქციო საბჭოს სტატიაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ და სამართლიანად განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული დემოკრატიის მომავალს ეხება“.
„დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ ის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს - მერყევი და ანგარებიანი პიროვნება, რომელიც არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას“, - ნათქვამია სტატიაში.
„ბაიდენმა განაცხადა, რომ ის კანდიდატია, რომელსაც ტირანიის ამ საფრთხის დაძლევისა და დამარცხების საუკეთესო შანსი აქვს. მისი [ბაიდენის] არგუმენტი ძირითადად ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მან 2020 წელს დაამარცხა ტრამპი. [თუმცა] ეს აღარ არის საკმარისი საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ბაიდენი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი წელს“, - ნათქვამია სტატიაში.
გავლენიანი ამერიკული გაზეთის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს გამართულ დებატებზე პრეზიდენტს სჭირდებოდა ამერიკელების დარწმუნება, რომ ის შეესაბამება იმ თანამდებობის უზარმაზარ მოთხოვნებს, რომლის დაკავებას კიდევ ერთი ვადით აპირებს.
„თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ ამომრჩევლები უგულებელყოფენ იმას, რაც აშკარა იყო: ბაიდენი არ არის ის ადამიანი, რომელიც ოთხი წლის წინ იყო“, - აღნიშნულია სტატიაში.
„ბაიდენი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა აყვავდა და მთელი რიგი გამოწვევების მოგვარება დაიწყო. მაგრამ ყველაზე დიდი საჯარო სამსახური, რომელიც ბაიდენს შეუძლია ახლა გასწიოს, იმის გამოცხადებაა, რომ ის არ გააგრძელებს არჩევნებში მონაწილეობას“, - წერს აზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭო.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „დემოკრატებს“ შორის არიან ლიდერები, რომლებიც უკეთ არიან მომზადებულნი ტრამპის მეორე პრეზიდენტობის საპირწონედ მკაფიო, მყარი და ენერგიული ალტერნატივების წარმოსაჩენად.
„არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ პარტიამ რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რათა ამომრჩევლები აიძულოს, არჩევანი გააკეთონ ტრამპისა და ბაიდენის ნაკლოვანებებს შორის. ბაიდენის არათანაბარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, აშშ-ს სჭირდება უფრო ძლიერი ოპონენტი „რესპუბლიკელების“ კანდიდატისთვის. [...] „დემოკრატებისთვის“ ტრამპის დამარცხების ყველაზე მკაფიო გზა იმის აღიარებაა, რომ ბაიდენს არ შეუძლია საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენა“, - ნათქვამია სტატიაში.