ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ხაზი, რომ ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესშიც.
„ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ჩვენ გვახსოვს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რას აკეთებდნენ, რა მეილებს უგზავნიდნენ ევროპარლამენტარებს. იგივე ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს როგორ დარბოდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, რომ პირდაპირ მოწოდებები იყო, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, იგივე არის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე დააზიანონ ქვეყნის ევროპული მომავალი და პირდაპირ ვიტყვი - ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ყველაფერი, თუკი რაიმე გაკეთებულა ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება 2012 წლიდან მოყოლებული. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელშესახები ცვლილება განხორციელებულია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად.
ახლა წარმოდგენილია მოლაპარაკების გახსნისთვის შესაბამისი დათქმები, რომელიც სრულდება და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება განცხადებები, რომ ყველაფერი იქნება შესრულებული და ევროპას დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გახსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაასაბუთებს, რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ევროპულ მომავალს. „შეიძლება, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა, თუ მოიძებნება ევროპაში ან საქართველოში, აგვიხსნას, რაში გამოიხატება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. ვინმემ ახსნას. თუ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შეგვეტანა ევროპული მომავალი, თუ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მიგვეღო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, სავაჭრო ურთიერთობები, როგორ შეიძლება ? ეს არის ჩვეულებრივად ფარისევლობა და ვერ წარმოადგენს ვერავინ ვერც ერთ არგუმენტს, რომ „ქართული ოცნება“ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აშორებს ევროპას და ევროპულ მომავალს, არ არსებობს ბუნებაში უბრალოდ.“- განაცხადა კალაძემ.