პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეზღუდვას გულისხმობდა.
„ეს იყო ერთ-ერთი უარესი დღე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ცხოვრებაში. ისინი ჩავიდნენ სტრასბურგში და გააკეთეს ის, რაც აბსოლუტურად ანტიქართული და ანტიევროპულიც გახლავთ. მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დროს რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საკუთარი ქვეყანა და ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ახლა გააკეთეს ის, რომ ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით, საქართველოს 25 წლიანი წევრობა და თანამშრომლობა შეიზღუდოს ევროსაბჭოში. პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში. ეს მიუთითებს, რა მორალის ხალხთან, როგორ ანტიქართულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.