მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა. მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება

მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა. მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლების დახმარებით ქვეყანაში სპორტი განვითარდა. დეპუტატმა საქართველოს პრემიერ- მინისტრს ჰკითხა, აუცილებელია თუ არა სპორტის მიმართულებით ახალი, გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა იმ წარმატების ფონზე, რაც საქართველომ მოიპოვა.

„მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრობისთვის, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში სპორტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არაერთხელ გვქონია ერთობლივი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს ესპანეთთან მატჩში. საოცარი დღეებია და გრძელდება ეს პროცესი.

არ შემიძლია არ გავიხსენო წინა წლები, მე პირადად სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა. მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება და საბედნიეროდ 2012 წლიდან ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლამდე დიდი რეგრესი იყო ფეხბურთის მიმართულებით.  დაახლოებით 4-5 ათასით ნაკლები რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო წლების მანძილზე. 2012 წელს რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობა 12 ათასამდე გაიზარდა. ალბათ იკითხავს  საზოგადოება, დღეს რამდენია. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ფედერაციაში, მას შემდეგ დაიწყო ფეხბურთმა პროგრესი და დღეს უკვე 40 ათასამდე რეგისტრირებული ფეხბურთელია. ამ ფონზე, რა მოთხოვნაც არის ფეხბურთთან დაკავშირებით, კიდევ გაორმაგდება. არაერთხელ გვისაუბრია სპორტსმენების რაოდენობის ზრდასა და საერთოდ სპორტის მნიშვნელობაზე თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში.

ამ წარმატებების ფონზე, მათ შორის სხვა სახეობებშიც, ხომ არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია სპორტის  ახალი, გრძელვადიანი სტრატეგიისა და გეგმის შექმნა? თამამად შეგვიძლია ამ განვითარების პროცესში  წარმატებები და  განვითარებაზე ვიფიქროთ. გავწეროთ, რა მნიშვნელობა ექნება სპორტს ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკისა თუ კრიმინოგენური სიტუაციების მხრივ.“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და გარკვეული შედარება გააკეთა წინა და მოქმედი ხელისუფლებების პირობებში საქართველოში სპორტის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მიხეილ ყაველაშვილმა სპორტთან დაკავშირებით გარკვეული სტატისტიკური მონაცემები გააჟღერა. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მიდგომა იყო სპორტის მიმართ აქამდე და როგორია - ახლა. სწორედ ამ მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია ის მიღწევები, რომელიც სპორტის მიმართულებით გვაქვს. რაც შეეხება სპორტის სტრატეგიას, სისტემური მიდგომის დანერგვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს, ერთად უნდა ავსახოთ მომდევნო ექვსწლიანი გეგმის ჩარჩოში.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.