ჩვენ, ჩვენი საზოგადოება ვიღვიძებთ ისევ საქართველოში, თბილისში, რომელიც წლიდან წლამდე არის ბევრად უკეთესი, მაგრამ ჩვენი ოპონენტები სად იღვიძებენ, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ეს არის უხილავი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დარბაზში არ ჩანს, მაგრამ სადაც ჩანან და ჩნდებიან, ყველაფერზე ტოქსიკურ გავლენას ახდენენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რისი ინდიკატორია საპარლამენტო უმრავლესობისთვის პარლამენტში პრემიერის გამოსვლის დროს ოპოზიციის თითქმის ცარიელი ფლანგი.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საქმიანი, საინტერესო ანგარიშ. ისაუბრა გაწეულ სამუშაოზე, მაგრამ, რაც მთავარია, ისაუბრა მომავალზე. ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, ეროვნულ ამოცანებს შეეხო ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში. ყველაფერზე რა თქმა უნდა, ვერ ისაუბრა. გაცილებით მეტია გაკეთებული. მინდა პარლამენტის სახელითაც მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, ვისი დიდი შრომაც დგას ამ წარმატების და გაწეული სამუშაოს უკან. პრემიერმა კიდევ ერთხელ თქვა ის მთავარი პროგნოზი, რომ საქართველო 2030 წლისთვის უკვე იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ მომზადებული და პროგრესირებული ქვეყანა, მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის.
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. ამ წლების განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობა იყო, ზეწოლა. ფულსაც კი იხდიდნენ ჩვენი ოპონენტები საზღვარგარეთ, რომ შეცდომაში შეეყვანათ საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს უხატავდნენ ისე, თითქოს ჩამოიშალა ეკონომიკა, ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის, თითქოს ევროპას დავშორდით და ვიღვიძებთ სხვადასხვა ქალაქში ყოველდღე, არადა ჩვენ, ჩვენი საზოგადოება ვიღვიძებთ ისევ საქართველოში, თბილისში, რომელიც წლიდან წლამდე არის ბევრად უკეთესი, ბევრად ევროპული, თავისუფალი და თანამედროვე, მაგრამ ჩვენი ოპონენტები სად იღვიძებენ, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ეს არის უხილავი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დარბაზში არ ჩანს, მაგრამ სადაც ჩანან და სადაც ჩნდებიან, ყველაფერზე ტოქსიკურ გავლენას ახდენენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.