უნდა იცოდეს, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ სტრასბურგში მოითხოვა საქართველოს 25-წლიანი მუშაობის, წევრობის შეზღუდვა ევროსაბჭოში, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ როგორც წესი, მსგავს მოთხოვნებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აყენებენ ხოლმე.
„ქართველი ოპოზიციონერები რადიკალური ბანაკიდან აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც თავისი ქვეყნის წევრობის შეზღუდვის ინიციატივა დააყენეს. ამაზე დიდი მავნებლობა შენი ქვეყნის წინააღმდეგ რა უნდა იყოს? ამიტომ ვამბობთ, რომ ესენი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია კი არ არიან, უკვე დიდი ხანია გახდნენ საქართველოს, თავისი ქვეყნის ოპოზიცია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ასევე მოითხოვეს საკუთარი კოლეგების - ქართველი დეპუტატების დასანქცირება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.