„პრემიერის ანგარიში იყო სიმართლის მიწოდება მოსახლეობისთვის, თავისი პოზიტივებით და პრობლემებით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ მაშინ როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხთან გულწრფელია, მის მიმართ ნდობაც მაღალია.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყალბი პოლიტიკის შედეგს ოქტომბერში მიიღებს.
„პიარ-ტექნოლოგიების ზეობის ხანაში, მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის უდიდესმა ნაწილმა რეალური სახე დაკარგა და მოსახლეობის წინაშე ყალბი იმიჯით წარდგებიან. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ხალხი არჩევანში შეცდომას უშვებს. პოლიტიკური კრიზისიც სწორედ აქედან იწყება.
დღეს მსოფლიო პოლიტიკა ავთენტურობის კრიზისს განიცდის, ჩვენი პრემიერისთვის და მთლიანად ხელისუფლებისთვის კი ეს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რაც დღესაც გამოჩნდა. პრემიერის ანგარიში იყო სიმართლის მიწოდება მოსახლეობისთვის, თავისი პოზიტივებით და პრობლემებით. როდესაც ხელისუფლება გულწრფელია საკუთარ ხალხთან, მის მიმართ სანდოობა მაღალია, რაც საბოლოოდ რეიტინგზე აისახება.
დღეს უცხო ქვეყნის ელჩები პირადად ესწრებოდნენ პრემიერის გამოსვლას პარლამენტში და მჯერა, უკუშედეგიც შესაბამისი იქნება. ფაქტებით და არგუმენტებით გაჯერებული ანგარიში შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციისთვის არ იყოს „დამაჯერებელი“, რადგან მათი მიზანია, მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელება და ამით ხმების მოპოვება საარჩევნოდ. თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ, გულწრფელობას ხალხში ნდობის მოსაპოვებლად ალტერნატივა არ აქვს. საკუთარი ყალბი პოლიტიკის შედეგს ისინი ოქტომბერში მიიღებენ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.