„ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. “რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა - „ქართული ოცნების„ დამსახურებით საქართველოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოპოვებული კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატების შესახებ განაცხადა.
მისი შეფასებით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოში დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირს უთხრის.
„მთავარ პრობლემად „რუსული კანონი“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები იყო დასახელებული. პირდაპირ ამბობენ ამერიკელები და ევროპელები, რომ ეს კანონი ძირს უთხრის დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში. ეს მათთვის პრობლემა არ არის, რომ „რუსული კანონის“ მიღების გამო, ფაქტობრივად, საქართველოს სერიოზული სანქციები ემუქრება. ძალიან კარგად მოიქცნენ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო არ დაასანქცირეს, საქართველომ რა დააშავა? იმ ხალხს დაუწესდეს სანქცია, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეღობება. რა დააშავა საქართველომ და ქართველმა ხალხმა?
ყველა ლაპარაკობს ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გარდა, რომ „რუსული კანონით“ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში ოპერირება შეეზღუდებათ.
ლაპარაკი იყო, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, კერძოდ ევროპასთან ინტეგრაციის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვამ დაჩქარებული წესით მოლაპარაკებები დაიწყო, „ქართული ოცნების„ დამსახურებით საქართველოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოპოვებული კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.