ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას.
„თებერვლის მოხსენების დროს, მე ვისაუბრე კორუფციაზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ამ თვეების განმავლობაში, რომელიც უკვე დადებითად აისახა ამ კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რაზეც ვისაუბრე თებერვალში. ჩვენ გვინდა, რომ ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის. დღესაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ასევე ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას ამ შესაბამისი მაჩვენებლებით საერთაშორისო ინდექსების თანახმად, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა, დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს არის რთული ამოცანა, თუმცა სწორი მიმართულება გვაქვს აღებული, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელდა გასული ოთხნახევარი თვის განმავლობაში. განხორციელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც და უკვე მომავალი წლისთვის გვექნება ფუნდამენტური სხვაობა ამ თვალსაზრისით. ამაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ ამ ოთხთვენახევრის განმავლობაში გარდა იმისა, რომ გრძელდებოდა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, შევქმენით საფუძვლები ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის და ეს ყველაფერი აისახება ოთხწლიან საარჩევნო პროგრამაში, რომელიც მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, გადაითარგმნება უკვე ოთხწლიან სამთავრობო პროგრამაში. ყველა პრიორიტეტს მოიცავს ეს პროგრამა ყველა მიმართულებით იქნება გაწული განსაკუთრებული ძალისხმევა. რაც მთავარია, ჩვენ კვლავაც ვიზურნებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.