რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.
„აქაც ვიზიტების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ ბრიუსელის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტები განვახორციელე სწორედ მეზობელ ქვეყნებში, იყო ვიზიტი ბაქოში, ერევანში, ანკარაში, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ის ტრადიციული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს.
ასევე ჩვენ ვართ მზად ხელი შევუწყოთ მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც არის, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის ინტერესებში.
წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლიდან 2023 წლამდე.
ინდოეთთან ვითარდებოდა აქტიურად ჩვენი ურთიერთობები. ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინდურმა ავიაკომპანია „IndiGo-მ" დაიწყო პირდაპირი ფრენების შესრულება დელი-თბილისი-დელის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით.
ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, ჩვენ განვაგრძობთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ დიპლომატს ამ ყველაფერში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა პირადად მინისტრს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების დაცვა, ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
მინდა აღვნიშნო ცალკე, რომ 7 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", სადაც დაფიქსირდა რეკორდულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, 103 ხმა მიიღო ამ რეზოლუციამ და ამისათვის კიდევ ერთხელ პირადად მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ ჩართულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე. იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დავის მოგება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი, სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი ჯარის ღირსება და რა თქმა უნდა, მომავალშიც მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთკენ", - განაცხადა პრემიერმა.