თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა.
მისივე თქმით, კიბერსარდლობის ორგანიზაციულ მოდელზე გადასვლის მიზნით, შემუშავდა კიბერსარდლობის ჩამოყალიბების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
„დელტა-ვებეს" მიერ დამზადდა და თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეს არის - სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის ახალი ბაზის მშენებლობა; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა, რომელიც 400 კადეტზე იქნება გათვლილი. გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარების მიზნით, სრულად რეაბილიტირდა კადეტთა საცხოვრებელი, განახლდა კომპიუტერული ტექნიკა და დასრულდა ლაზარეთის მშენებლობა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს საბინაო პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის ძალების უფროს ოფიცრებს მიეცათ უპროცენტო შიდა განვადებით ბინების აშენების საშუალება.
„5000-მდე მოქმედ თუ ყოფილ სამხედროს, სხვა კატეგორიის მოქალაქეებს დაუკანონდათ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები და მოუგვარდათ წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა. დასრულდა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა. ეს არის 39 შვიდსართულიანი კორპუსი, სადაც არის განთავსებული 1092 ბინა და განკუთვნილია სამხედრო მოსამსახურეებისთვის. სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ წარმატებით უმასპინძლა აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას − „AGILE SPIRIT 23-ს", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის 3100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ჩატარდა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2023". წელს საქართველომ უმასპინძლა სპეციალური ოპერაციების მრავალეროვნულ სწავლებას − „TROJAN FOOTPRINT 24-ს", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 1100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის ეტაპი, რომლის აღსრულება 2025 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი მრავალეროვნული სწავლების − „NOBLE PARTNER 24-ის" ჩასატარებლად. საზღვაო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო სანაპირო დაცვის ჯგუფით პირველად ჩაერთო ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახლდა პროექტი - „ჩვენი ჯარი", რომელმაც მოიცვა 628 საჯარო სკოლა, 24 ათასზე მეტი მოსწავლე და 2 300-მდე მასწავლებელი.