სპორტში გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები, არა მხოლოდ გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და ამ მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.
„სპორტზე უკვე ბევრი ვისაუბრე, გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები. არა მხოლოდ გუნდურ სახეობებში, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ტურნირს. შარშან ზაფხულში ვუმასპინძლეთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ძალიან დიდი წარმატებით და მადლობა ამისათვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე ფეხბურთის ფედერაციას. თებერვალში ვუმასპინძლეთ კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კარატეში. მარტში მესტიამ უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. 300 მლნ-ზე მეტი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს ამ ტურნირს, რომელიც გაიმართა მესტიაში. აპრილში გუდაურმა უმასპინძლა სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალისხმევა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო 2026 წელს უმასპინძლებს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს და ამასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე დამტკიცებულია.
„ჩვენ 2026 წელს ვუმასპინძლებთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი და უკვე დამტკიცდა ჩვენი განაცხადი. ქართული ძიუდო ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება საქართველოში. ასევე განაცხადი გვაქვს წარდგენილი 2025 და 2026 წლებში რაგბის 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩვენს ამ განაცხადს მოიწონებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს.
განხორციელდა ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის რეფორმა; სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-იდან 70%-მდე გაიზარდა, ხოლო მწვრთნელებისა და ექიმების − 35%-იდან 50%-მდე.
დაიწყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში", - განაცხადა პრემიერმა.