დემოკრატები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დებატებზე გამოსვლის გამო სასოწარკვეთილები არიან. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენს სცენაზე აზრების ბოლომდე მიყვანა უჭირდა და პოზიციები დათმო ისეთ საკითხებზეც კი, რომლებშიც დემოკრატებს უპირატესობა ჰქონდათ.
„როგორც ჩანს, დემოკრატებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმის გასააზრებლად, თუ რამდენად ცუდად არის ყველაფერი.
„ბაიდენი საშინლად გამოიყურება. აბნეულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა დემოკრატმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
„საშინელებაა“, - თქვა პარტიის სხვა წარმომადგენელმა.
ერთმა დემოკრატმა კი, რომელიც საარჩევნო კამპანიაზე მუშაობს, უბრალოდ თქვა: „დედა მოგვე***ა“, - წერს CNN-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პარტიაში სვამენ კითხვას: უნდა იყოს თუ არა ბაიდენი მათი პრეზიდენტობის კანდიდატი. ამასთან, ხაზი ესმება, რომ ეს ისტორიული დებატები იყო, რადგან არც ბაიდენი და არც მისი კონკურენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად თავიანთი პარტიების კანდიდატებად არ არიან წარდგენილები. დემოკრატების ეროვნული ყრილობა 19 აგვისტოს, ჩიკაგოში უნდა გაიმართოს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს პარტიაში კანდიდატობაზე კონკურენტი არ ჰყავდა. თუ ის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, დემოკრატებს ახალი კანდიდატის შერჩევა მოუწევთ.
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები 27 ივნისს, ატლანტაში გაიმართა.