დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ბევრი მიწა წაიღო ბუშის, ობამას და ბაიდენის პრეზიდენტობისას, მისი მმართველობის დროს კი მიწები არ დაუკავებია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ბევრი მიწა წაიღო ბუშის, ობამას და ბაიდენის პრეზიდენტობისას, მისი მმართველობის დროს კი მიწები არ დაუკავებია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ბევრი მიწა წაიღო ბუშის, ობამას და ბაიდენის პრეზიდნტობისას, მისი მმართველობის დროს კი მიწები არ დაუკავებია, – ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა.

„რუსეთმა წაართვა ბევრი მიწა ბუშს, წაართვეს ბევრი მიწა ობამას და ბაიდენს. ტრამპისთვის მათ არანაირი მიწა, არაფერი წაურთმევიათ. მან იცოდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, რომ ჩემთან თამაში არ გავიდოდა. მან ეს იცოდა. მე მას კარგად ვეწყობოდი, თუმცა მან იცოდა, რომ ჩემთან არ უნდა ეთამაშა. მას ჩემთვის არაფერი წაურთმევია. ახლა კი ეს აპირებს ამ კაცს ყველაფერი წაართვას. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. ის არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი. ის აპირებს უკრაინის აღებას. მან ჩვენ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, რადგან უკრაინა ომში ვერ იმარჯვებს. მათ სამხედროები ეწურებათ, მათ ბევრი ადამიანი დაკარგეს. ეს ისეთი სამწუხაროა. მათ დაკარგეს ამდენი ადამიანი და დაკარგეს ასეთი შესანიშნავი ქალაქები ოქროს გუმბათებით, რომლებიც ათას წელს ითვლიან, ყველაფერი მის გამო და სულელური გადაწყვეტილებების გამო. რუსეთი არასდროს დაესხმებოდა თავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინს თუ არ შეაჩერებენ, შესაძლოა, პოლონეთში, უნგრეთსა ან სხვა ქვეყნებში შეიჭრას.

„გინდათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება? მაშინ მიეცით მას გამარჯვების საშუალება და უთხარით პუტინს, გააკეთე, რაც გსურს. არსებობს ასეთი რამ, რასაც მეხუთე მუხლი ჰქვია – ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, არის ყველაზე თავდასხმა და საჭიროებს რეაგირებას. მე ვერ დავასახელებ ვერცერთ მსხვილ ლიდერს მსოფლიოში, რომელიც არ გაცვლიდა ადგილს ჩემთან, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი ერი. ჩვენ ვართ შესანიშნავი ქვეყანა ჩვენი ხალხისა და არა სახსრების გამო, სწორედ ამერიკელი ხალხის გამო, მათ ყველაფერი შეუძლიათ და ისინი მოქმედებენ, როდესაც ეს საჭიროა. სწორედ ახლა ჩვენ ვართ საჭირო. ჩვენ ვართ საჭირო მსოფლიოს დასაცავად, რადგან ჩვენი საკუთარი უსაფრთხოება სასწორზეა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ომი გინდათ, უბრალოდ მიეცით პუტინს წინსვლის და კიევის აღების საშუალება და შეხედეთ, რა მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და სხვა ადგილებში საზღვრის გასწვრივ, მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, – განაცხადა ბაიდენმა.