ევროპის ქვეყნებმა უკრაინისთვის ერთობლივად 100 მილიარდი ან მეტი გაიღეს. ჩვენზე ნაკლები. რატომ არ მოუწოდა ჯო ბაიდენმა მათ, იმდენივე გაეღოთ, რამდენიც ამერიკამ, როგორც მე მოვიქეცი ნატო-სთან?! მე მათ ასობით მილიარდი დოლარი ჩავადებინე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პრობლემაა ის, რომ მთელ თანხას ამერიკა ხარჯავს.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ტრამპმა შეასრულა ყველაზე შესანიშნავი სამუშაო. ჩვენ ვიღებდით ხარჯების თითქმის 100-ვე პროცენტს. მას არაფერი გაუკეთებია. ის ბერდება. უნდა გეთქვა ამ ხალხისთვის, თანხა გაეღოთ. ჩვენ 100 მილიარდით მეტს ვიხდით და ამას დიდი გავლენა აქვს მათზე, ადგილმდებარეობის გამო, რადგან ჩვენს შორის ოკეანეა. პრობლემა ისაა, რომ მთელ თანხას ჩვენ ვხარჯავთ. მე შესანიშნავი სავაჭრო გარიგებები მქონდა ევროპულ ქვეყნებთან. ერთიანად თუ ავიღებთ, ისინი იმავე მოცულობის არიან ეკონომიკურად, როგორც აშშ და მათ არ სურთ არც მანქანები, არაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ მათი ავტომობილები, საკვები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ყველაფერი. მე შევცვალე ეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შევცვალე ისაა, რომ მათ გადახდა არ სურდათ. ახლა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას [ბაიდენს] ნატო-სთან თამაში შეუძლია, ის არის, რომ მე ვაიძულე ისინი, ჩაედოთ ასობით მილიარდი დოლარი და ის მართალია, როცა ამბობს, რომ „მხარს არ დავუჭერ ნატო-ს, თუ არ გადაიხდიან“. მათ მე დამისვეს კითხვა, დავიცავდი თუ არა მათ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ჯერ კიდევ 28 წევრი სახელმწიფოს ძალიან საიდუმლო შეხვედრაზე და მე განვაცხადე, რომ არა, თუ არ გადაიხდით, ამას არ გავაკეთებ და იცით, რა მოხდა?! მომდევნო თვიდანვე მილიარდობით დოლარის შედინება დაიწყო [ნატოს ბიუჯეტში] მაგრამ ახლა, იმავე სიტუაციაში ვართ. ყველას ხარჯებს ჩვენ ვიხდით“, – განაცხადა ტრამპმა.