სომხეთს ორი მხრიდან უტევს მტერი: სამხრეთის საზღვრებს ოსმალეთის ჯარი მოაწვა გენერალ კიაზამ-ფაშას ხელმძღვანელობით. ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევა დაიწყეს რუსების წითელ-არმიელებმა. სომხეთის რესპუბლიკას არავითარი საბაბი მიუცია მტრებისათვის ასეთ მოულოდნელ თავდასხმისათვის...
მაშ რამ აახმაურა ოსმალეთ-რუსეთის ბლოკი?
რუსეთის კომუნისტებისა და ოსმალეთის ნაციონალისტების პოლიტიკური განზრახვები დიდი ხანია გამოაშკარავებულია ჩვენთვის.
ერთიცა და მეორენიც არსებითად იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე აღადგინონ ძველებური დიდება და სამხედრო ძლიერება დაუნდობელ ისტორიულ პროცესის მიერ განწირულ იმპერიალისტურ სახელმწიფოებისა.
თუმცა მოსკოვის საბჭოთა მთავრობაც და ოსმალეთის უკიდურეს ნაციონალისტთა ნაციონალისტთა მეთაური ქემალ-ფაშაც გაბრიყვებულ ხალხს არწმუნებენ, რომ მათ პოლიტიკურ და სოციალურ იდეას შეადგენს დამონავებულ აღმოსავლეთის ერების განთავისუფლება ევროპის კაპიტალისტების ბრჭყალებისაგან, მაგრამ მყვირალა ფრაზეოლოგიას დღეს იმდენი გასავალი აღარ აქვს და ჩვენი დროის უკუღმართობით გასკეპტიკებული ხალხი მოითხოვს, რომ საქმენი გამომდინარეობდნენ ლამაზ სიტყვებიდან, გამამხნევებელ დაპირებიდან.
რუსეთისა და ოსმალეთის „საქმენი“ კი ცხადჰყოფდნენ ჩვენთვის, რომ ორივ სახელმწიფოს მახვილი მიმართულია პირველ ყოვლისა იმ მცირე ერთა წინააღმდეგ, რომელთაც აღარ მოისურვეს მონობის მძიმე უღლის ტარება და შეურყეველი გადაწყვეტილებით შეუდგნენ პოლიტიკურ დამოუკიდებლობის დაცვასა და განმტკიცებას: მაშასადამე, მცირე ერთა პირდაპირ ინტერესს უნდა შეადგენდეს განთავისუფლება სწორედ ამ ისტორიულ მჩაგვრელებისაგან.
ეხლახან დაიხურა ბაქოში „აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობა“. მოსკოვის კომუნიზმი გამოვიდა ჭაღარა აღმოსავლეთის ემანსიპატორის როლში. ლენინ-ტროცკის აგენტ ზინოვიევმა აკურთხა ეს ყრილობა და მოუწოდა მას „საღვთო ომი“ გამოეცხადებია ევროპის იმპერიალიზმისათვის. ფრაზები-ერთი მეორეზე მქუხარე და ამაღელვებელი, შეზავებული აღმოსავლეთური რიტუალით და ტემპერამენტით მეტეორივით გადადიოდა ერთი მეორეზე.
ზოგიერთ უძლიერეს მომენტში დამსწრენი ჰიპნოტიურ ტრანსში ებმებოდნენ და რუსის „ხლისტებისებრ“ სხეულის აფექტიურ მოძრაობით გამოსთქვამდნენ სულიერ ღელვისა.
ეს კრება დამთავრდა და არ გასულა ერთი კვირაც, რომ აღმოსავლეთის „ემანსიპატორების“ ზარბაზანმაც ჭექა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ევროპის იმპერიალიზმის შემუსვრის ნაცვლად სომხეთის მშვიდობიანი მშრომელი მასსა იღუპება.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას