სიცოცხლე და სიმღერა

სიცოცხლე და სიმღერა

(იბეჭდება შემოკლებით)

არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით არა მარტო შემოგვინახეს ქართული სასიმღერო კულტურა, არამედ განუმეორებელი ხმითა და უბადლო საშემსრულებლო მანერით წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამა თუ იმ სიმღერას.

ყველა თაობას ჰყავდა თავისი გამოჩენილი მომღერლები, რომლებიც ხვეწდნენ და ალამაზებდნენ ხალხურ ჰანგებს. ჰქმნიდნენ სიმღერათა ახალ ვარიანტებს და ასე გადასცემდნენ მომავალ თაობას. სიმღერის მოვლა-პატრონობა ოდითგანვე მამაპაპური საქმე იყო. ასეთი მოღვაწეები სათუთად და გულისყურით ეპყრობოდნენ სიმღერის იშვიათ ნიმუშებს. ისინი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და სახალხო გმირების სიმაღლეზე ადიოდნენ. მათი წყალობით ხალხურმა სიმღერამ საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ხალხის ხსოვნაში ცოცხლობდეს მათი საუკეთესო შემსრულებლების სახელები.

ასეთი შემსრულებელი ხშირად რამდენიმე თაობის შემდეგ გამოჩნდება.

ნოკო ხურციას შემდეგ ვერავინ ბედავს მეგრული „ჰარირას“ შესრულებას, უდიდესი ოსტატი უნდა იყო ეს სიმღერა ნოკო ხურციას დონემდე მიიყვანო და ხალხის ყურადღება მიიქციო. წავიდა ნოკო ხურცია და თან წაიღო „ჰარირას“ განუმეორებელი შესრულება, დაგვიტოვა მხოლოდ ამ სიმღერის იშვიათი ჩანაწერი და თანამედროვეთა მღელვარე მოგონება.

უსმენ ნოკო ხურციას ჩანაწერებს და მასთან ერთად განიცდი იმ დიდ სიხარულსა და სიამოვნებას, რასაც მას ხალხური ჰანგის სიმღერა ანიჭებდა.

ნოკო ხურცია დაიბადა 1905 წლის 15 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ მენჯში (ახლანდელი ცხაკაიას რაიონი), ძველი მომღერლების ტრადიციულ ოჯახში. სიმღერა პატარაობიდანვე შეისწავლა. 16 წლის ნოკოს სოფელმა ხუჭუჭი ჭალების მაფშალია (ბულბული) შეარქვა. ამის შემდეგ ყველამ დაივიწყა მისი ნამდვილი სახელი.

16 წლის ნოკო ხურცია ცნობილმა ლოტბარმა რემა შელეგიამ  მიიწვია თავის გუნდში, აქედან დაიწყო მისი საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწა.

შემდეგ მღეროდა ძუკუ ლოლუას ეთნოგრაფიულ გუნდში. ძუკუ ლოლუას გარდაცვალების შემდეგ გუნდს სათავეში ჩაუდგა კირილე პაჭკორია, რომლის აზრით: „ნოკო მოვლენა იყო ქართულ სიმღერაში, მისი მსგავსი ტალანტები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მისი ბადალი მომღერალი საქართველოს სახელმწიფო ანსამბლს არ ყოლია და ალბათ წლები დასჭირდება მსგავსის გამოვლენას“.

აღსანიშნავია ნოკო ხურციას ღვაწლი მეგრული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში. ამას იგი აკეთებდა ღრმა ცოდნით, დიდი გემოვნებითა და ტაქტით. მან აღადგინა „უტუს ლაშქრული“, „აბა დარუჯან“, „ოდოიას“ უცნობი ვარიანტი, „ჰარირა“ და სხვა.

ნოკო აფორმებდა სპექტაკლებსა და კინოფილმებს. მისი ხმა აღბეჭდილია კინოფილმში „ფიცი“, „დავით გურამიშვილი“, „ჯურღაის ფარი“, „ნარინჯის ველი“, „ტარიელ გოლუა“ და სხვა. იგი თხზავდა ლექსებსა და ამუშავებდა სიმღერებს, სამამულო ომის დროს პოპულარობა მოიხვეჭა მისმა სიმღერებმა: „მფრინავ წურწუმიაზე“, „სტალინგრადზე“, „სამშობლოზე“ და სხვა.

1936 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ნოკო ხურცია იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის წამყვანი სოლისტი და ხელმძღვანელის მოადგილე.

ნოკო ხურციას რეპერტუარი მოიცავდა საქართველოს ყველა კუთხის ხალხურ სიმღერებს, რომლებსაც დამახასიათებელი კოლორიტით ასრულებდა. ჯანო ბაგრატიონის გადმოცემით: „ნოკო იყო ენაწყლიანი მოსაუბრე, თავმდაბალი და სამართლიანი, სამაგალითო მეგობრობა იცოდა. მის ლამაზ ხმას ფიზიკური გარეგნობაც ამშვენებდა - მხარბეჭიან ვაჟკაცს უხდებოდა თეთრი ჩოხა. მის დიდრონ თვალებში ცეცხლოვანი ტემპერამენტი და შინაგანი ნათელი ბრჭყინავდა. დაუშრეტელი ენერგიით აღსავსეს ყველგან სიცოცხლე და სიხალისე შეჰქონდა“.

ნოკო ხურცია 1949 წელს გარდაიცვალა. რა დიდი ხელოვანი უნდა იყო, როგორ უნდა უყვარდე შენს ერს, რომ ასეთი სიტყვები ათქმევინო: „ნოკო ხურციას ჯადოსნური ყელი ჰქონდა, მისი წამოწყებული სიმღერა მთელ საქართველოს ესმოდა“. (გაზეთი „სამშობლო“).

ვინ იცის, კიდევ რამდენი დრო გავა, სანამ ნოკოსებურად ახმიანდება მეგრული „ჰარირა“, რომელიც ახლა დუმს და ახალ მაფშალიებს ელოდება.

მანამდე კი ფირმა „მელოდია“ გამოუშვებს საიუბილეო ფირფიტას, რომელშიც ნოკო ხურციას ნამღერი მრავალი სიმღერა შევა. ეს ფირფიტა რელიქვიად გადაიქცევა, მასზე თაობები აღიზრდებიან, ნოკო ხურციას სიმღერა საუკუნეებს გადასწვდება, მისი სახელი იცოცხლებს ხალხურ სიმღერებთან ერთად.

ანზორ ერქომაიშვილი