მივცეთ ერთი დღე იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ბოლო ბოლო, რა უნდათ, საით არიან და იქნებ, ხვალ მაინც დააფიქსირონ პოზიცია ან მოსვლით, ან შემოგვითვალონ, ან განცხადება გააკეთონ, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ბატონო შალვა, თქვენთან და პარლამენტთან მაქვს ერთი პროცედურული შემოთავაზება. დღეს, ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა იმის შესახებ თუ რასთან გვაქვს საქმე. რა აწუხებდათ ამდენი ხნის განმავლობაში, მათ გვითხრეს, რომ 2017 წლის ჩანაწერიც კი უნდა ამოვშალოთ საქართველოს კონსტიტუციიდან, ეს არის ღირებულებებთან დაკავშირებით უპრინციპულესი საკითხი და ყველას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საით მხარეს დგას ღირებულებათა ამ შეფასების სისტემაში, აინტერესებს ქართული ოპოზიციის პოზიციაც. ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება, ჩვენი შეფასებით და შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ, ნიშნავს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ.
ასევე, ჩვენ კენჭსაყრელი გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებული და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ, მე გთავაზობთ, საქმეც რომ არ გავაფუჭოთ, კენჭი ვუყაროთ დღეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომელსაც განვიხილავთ დაჩქარებული წესით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით გადავდოთ ხვალისთვის კენჭისყრა და ქართულმა ოპოზიციამ, ყველამ უკლებლივ, შევთავაზოთ, ვთხოვოთ, მოვთხოვოთ თუ გნებავთ, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ან კენჭისყრით, ან ზეპირად, ვერბალური ან რაიმე ფორმით და თქვან, საით არიან ისინი, რომელ მხარეს იჭერენ და ჩვენი ეჭვი რამდენად ლეგიტიმურია, აგერ გამოვთქვამთ ეჭვს, ვაბრალებთ თუ გნებავთ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ბევრი რაღაც გაიშიფრა დღეს. ბევრი რაღაც გაშიშვლდა დღეს, რომ ის ამბავი, რაც მოყვა კანადურ, ფრანგულ, ამერიკულ ვერსიებს და უფრო რბილ ვერსიას, უფრო სწორად, ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი კანონის სახით, თურმე მერე თან უნდა მოჰყოლოდა ამასთან დაკავშირებული დარტყმები ვენეციის კომისიისგან, რომელზეც ჩვენი ოპონენტები სიტყვის დაძვრას ვერ ბედავენ.
ამიტომ, მივცეთ ერთი დღე იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ბოლო ბოლო, რა უნდათ, საით არიან და იქნებ, ხვალ მაინც დააფიქსირონ პოზიცია ან მოსვლით ან შემოგვითვალონ, ან განცხადება გააკეთონ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.