მთავრობა, რომელსაც მუდმივი დეფიციტი და გაბერილი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. ყალბი იდეოლოგია, რომელსაც ელიტები მხარს უჭერენ. ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა ჩვეულებრივ ადამიანებში. გადაბერებული ლიდერები. ნაცნობი სიტუაციაა, არა?
მახვილგონივრული ფრაზა „გვიანდელი საბჭოთა ამერიკა“ პრინსტონის ისტორიკოსმა ჰაროლდ ჯეიმსმა გამოიგონა ჯერ კიდევ 2020 წელს. მას შემდეგ ეს ფრაზა უფრო ზუსტი გახდა, რადგან მეორე „ცივი ომი“, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, უფრო ინტენსიური ხდება.
მე პირველად აღვნიშნე, რომ ჩვენ მეორე „ცივ ომში“ ვიმყოფებოდით ჯერ კიდევ 2018 წელს. The New York Times-ისა და National Review-ის სტატიებში ვცდილობდი მეჩვენებინა, თუ როგორ დაიკავა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ახლა, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული სივრცე, როდესაც სსრკ 1991 წელს დაიშალა.
ეს შეხედულება ახლა ნაკლებად საკამათოა, ვიდრე მაშინ. ჩინეთი აშკარად არა მხოლოდ იდეოლოგიური მეტოქეა, რომელიც მტკიცედ არის მარქსიზმ-ლენინიზმისა და ერთპარტიული მმართველობის ერთგული, არამედ ასევე ტექნოლოგიური კონკურენტია − ერთადერთი, რომელიც აშშ-ს უპირისპირდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები. ეს არის სამხედრო მეტოქე საზღვაო ფლოტით, რომელიც უკვე ამერიკულზე დიდია და ბირთვული არსენალით, რომელიც სწრაფად ეწევა ამერიკულს. ჩინეთი გეოპოლიტიკური მეტოქეა, რომელიც მის გავლენას ამტკიცებს არა მხოლოდ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ პროქსი ქვეყნებით აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა კონტინენტებზე.
მაგრამ ცოტა ხნის წინ რამაც გამაოცა ისაა, რომ ამ ახალ ცივ ომში შესაძლოა ჩვენ − და არა ჩინელები − ვიყოთ საბჭოელები. ეს ცოტათი ჰგავს იმ მომენტს, როდესაც ბრიტანელი კომიკოსები დევიდ მიტჩელი და რობერტ უები, რომლებიც Waffen-SS-ის ოფიცრების როლს თამაშობდნენ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, სვამენ უკვდავ კითხვას: „ნუთუ ჩვენ ვართ ბოროტები?“
წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს ორი ამერიკელი მეზღვაური ერთმანეთს ეკითხება, როცა მათი ავიამზიდი სადღაც ტაივანის სრუტესთან ჩაძირვის პროცესშია:
ნუთუ ჩვენ საბჭოელები ვართ?
დიახ, ვიცი, რის თქმასაც აპირებ.
კოლოსალური სხვაობაა სტალინის მიერ აშენებულ გეგმურ ეკონომიკას, რომელიც მან მემკვიდრეობით გადასცა სხვა საბჭოთა ლიდერებს და მაშინვე დაინგრა, როგორც კი მიხეილ გორბაჩოვმა მისი რეფორმირება სცადა, და დინამიკურ საბაზრო ეკონომიკას შორის, რომლითაც ჩვენ, ამერიკელები ვამაყობთ. ნამდვილად დიდი განსხვავებაა.
საბჭოთა სისტემამ გაფლანგა რესურსები და სამომხმარებლო საქონლის ნაკლებობაც განაპირობა. საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა კი დანგრეული საავადმყოფოებითა და აღჭურვილობის ქრონიკული დეფიციტით ხასიათდებოდა. არსებობდა გამანადგურებელი სიღარიბე, შიმშილი და ბავშვთა შრომა.
ამერიკაში დღეს ასეთი პირობები მხოლოდ ეკონომიკური განაწილების ქვედა კიბეზე არსებობს − თუმცა მათი არსებობის მასშტაბი მართლაც შემზარავია. გვიან საბჭოთა კავშირში ჩვილთა სიკვდილიანობა დაახლოებით 25 იყო 1000-ზე. ეს მაჩვენებელი აშშ-ში 2021 წელს 5,4 იყო მაგრამ მისისიპის დელტასა და აპალაჩიაში მარტოხელა დედებისთვის ეს მაჩვენებელი 13 ბავშვს შეადგენს 1000-ზე.
საბჭოთა კავშირთან შედარება, შეიძლება იფიქროთ, რომ მაინც არარელევანტურია.
მოდით უფრო ღრმად განვიხილოთ ეს თემა.
ქრონიკული „რბილი ბიუჯეტის შეზღუდვები“ საჯარო სექტორში, რომელიც ასევე საბჭოთა სისტემის მთავარი სისუსტე იყო. ანალოგიურ ვერსიას ვხედავ აშშ-ს დეფიციტში, რომელსაც კონგრესის ბიუჯეტის ოფისი პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში მშპ-ის 5 პროცენტს გადააჭარბებს და 2054 წლისთვის 8,5 პროცენტამდე გაიზრდება. ცენტრალური მთავრობის როლი ინვესტიციების ჩადების პროცესში მუდმივად იზრდება − ეს აშკარა მოცემულობაა მიუხედავად ბაიდენის ადმინისტრაციის ვითომდა ეფექტური „ინდუსტრიული პოლიტიკისა“.
ეკონომისტები მუდმივად გვპირდებიან პროდუქტიულობის ზრდას საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან, ბოლო დროს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად. მაგრამ პროდუქტიულობის საშუალო წლიური ზრდის ტემპი აშშ-ს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს სექტორში 2007 წლიდან მხოლოდ 1,5 პროცენტზე დარჩა, რაც ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე 1973-1980 წლები.
შეერთებული შტატების ეკონომიკის დღეს შესაძლოა დანარჩენ მსოფლიოს შურს, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ აფასებდნენ ამერიკელი ექსპერტები საბჭოთა ეკონომიკას 1970-იან და 1980-იან წლებში.
და მაინც, თქვენ ამტკიცებთ, რომ საბჭოთა კავშირი უფრო მოძველებული ძალა იყო, ვიდრე ზესახელმწიფო, ხოლო შეერთებულ შტატებს არ ჰყავს რეალური კონკურენტი სამხედრო ტექნოლოგიებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სფეროში.
სინამდვილეში ეს ასე არაა.
ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ერთდროულად ძვირი და არათანაბარია იმ ამოცანების მიმართ, რომლებსაც ის აწყდება, როგორც ამას სენატორი როჯერ ვიკერის ახლად გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს − როდესაც ვიკერის მოხსენებას ვკითხულობდი − და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ − მე ვფიქრობდი იმაზე, თუ რას ამბობდნენ საბჭოთა ლიდერები საბჭოთა რეჟიმის დასრულებამდე: რომ წითელი არმია იყო ყველაზე დიდი და, შესაბამისად, ყველაზე მომაკვდინებელი არმია მსოფლიოში.
ქაღალდზე ნამდვილად ასე იყო. მაგრამ ქაღალდი იყო ის, რისგანაც საბჭოთა ძლევამოსილების მითი იყო შექმნილი. საბჭოთა კავშირმა ავღანეთშიც კი ვერ მოიგო ომი, მიუხედავად ათ წლიანი სიკვდილისა და ნგრევისა (რატომ ჟღერს ეს სიტუაცია ასე ფამილიარულად?).
ქაღალდზე, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი ნამდვილად აღემატება ნატოს ყველა სხვა წევრის ბიუჯეტს ერთად. მაგრამ რას აძლევს ეს თავდაცვის ბიუჯეტი ამერიკას? როგორც ვიკერი ამტკიცებს, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამერიკა შეებრძოლოს „კოალიციას დემოკრატიის წინააღმდეგ“, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა აგრესიულად აშენებენ.
ვიკერის სიტყვებით, „ამერიკის არმიას აქვს თანამედროვე აღჭურვილობის ნაკლებობა, წვრთნისა და ტექნიკური უზრუნველყოფის, დაფინანსება და მასიური ინფრასტრუქტურის ჩამორჩენა… ის ზედმეტად თხელია და ზედმეტად ცუდად არის აღჭურვილი, რათა შეასრულოს მისთვის დაკისრებული ყველა მისია. ჩვენი მოწინააღმდეგეები ამას ხვდებიან და ეს მათ უფრო ავანტიურისტულ და აგრესიულს ხდის“.
და, როგორც უკვე აღვნიშნე, ფედერალური მთავრობა უფრო მეტს დახარჯავს წელს ვალების გასტუმრებაზე, ვიდრე თავდაცვისთვის.
სიტუაცია კი უარესდება.
CBO-ს თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, რომელიც ემსახურება ფედერალური ვალის პროცენტის გადახდას, ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების დანახარჯები 2041 წლისთვის, ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ ვალის მზარდი ღირებულება შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს 3%-დან მშპ-ის 2.3% მდე პროცენტამდე მომავალი 30 წლის განმავლობაში. ეს კლება ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობით ახალი ღერძის მიერ მომდინარე საფრთხეები მუდმივად იზრდება.
ჩემთვის კიდევ უფრო გასაოცარია ის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მსგავსება, რომელიც მე აღმოვაჩინე აშშ-სა და სსრკ-ს შორის. გერონტოკრატიული ხელმძღვანელობა გვიანი საბჭოთა ხელმძღვანელობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა ლეონიდ ბრეჟნევის, იური ანდროპოვისა და კონსტანტინე ჩერნენკოს ხანდაზმულობით.
მაგრამ ამჟამინდელი ამერიკული სტანდარტებით, გვიანდელი საბჭოთა ლიდერები არ იყვნენ ისეთი მოხუცები როგორებიც ჩვენ გვახსოვს. ბრეჟნევი 75 წლის იყო, როცა 1982 წელს გარდაიცვალა, მაგრამ შვიდი წლით ადრე მან პირველი სერიოზული ინსულტი განიცადა. ანდროპოვი მხოლოდ 68 წლის იყო, როცა ბრეჟნევის ადგილი დაიკავა, მაგრამ თირკმელების სრული უკმარისობა განიცადა მმართველობის დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჩერნენკო 72 წლის იყო, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. ის უკვე უიმედო ინვალიდი იყო, მას ემფიზემა, გულის უკმარისობა, ბრონქიტი, პლევრიტი და პნევმონია აწუხებდა.
ეს არის იმ ჯანდაცვის სისტემის ხარისხის რეფლექსია, რომლითაც დღეს ამერიკელი მოქალაქეები სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, ჯო ბაიდენი (81) და დონალდ ტრამპი (78) რთულად თუ ჩაითვლებიან სრულად ჯანმრთელ ადამიანებად. ბაიდენი ვერ ასხვავებს მის ორ ესპანელ კაბინეტის მდივანს, ალეხანდრო მაიორკასს და ხავიერ ბეკერას. ეს უკანასკნელი მას ნიკი ჰეილისა და ნენსი პელოსიში აერია. თუ კამალა ჰარისს არასოდეს უნახავს ფილმი “სტალინის სიკვდილი”, ახლა შესანიშნავი დროა ეს გააკეთოს.
გვიანი საბჭოთა ცხოვრების კიდევ ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი იყო სრული ცინიზმი თითქმის ყველა საჯარო ინსტიტუტის მიმართ. ლეონ არონის ბრწყინვალე წიგნი „გზები ტაძრისკენ“ გვიჩვენებს, თუ რამდენად სავალალო გახდა ცხოვრება 1980-იან წლებში.
გორბაჩოვის გლასნოსტის პოლიტიკისას დიდი შემობრუნება მოხდა სიმართლისკენ, საბჭოთა მოქალაქეებმა შეძლეს თავიანთი უკმაყოფილება გამოეთქვათ თავისუფალ პრესაში. ზოგიერთი ის, რის შესახებაც ისინი წერდნენ, სპეციფიკური იყო საბჭოთა კონტექსტისთვის, კერძოდ, საბჭოთა ისტორიის რეალობის, განსაკუთრებით სტალინის ეპოქის დანაშაულთა შესახებ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში რუსების პრეტენზიების წაკითხვა ძალიან ჰგავს ამერიკელი მოქალაქეების წუხილის წაკითხვას.
მაგალითად, 1990 წლის „კომსომოლსკაია პრავდასადმი“ მიწერილ წერილში მკითხველმა დაგმო „საშინელი და ტრაგიკული… ზნეობრივი დეგრადაცია სსრკ-ს საზღვრებში მცხოვრები ადამიანების დიდი რაოდენობით“. მორალური სისუსტის სიმპტომები მოიცავდა აპათიას და თვალთმაქცობას, ცინიზმს, განათლების ნაკლებობას. მთელი ქვეყანა, წერდა ის, იხრჩობოდა „განუწყვეტელ სიცრუესა და დემაგოგიის ბურუსში“. 1988 წლის ივლისისთვის „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ადამიანების 44 პროცენტი ფიქრობდა, რომ მათი საზოგადოება „უსამართლო საზოგადოება“ იყო.
გადახედეთ Gallup-ის უახლეს გამოკითხვებს ამერიკული აზრის შესახებ და აღმოაჩენთ მსგავს მოსაზრებებს. საზოგადოების წილი, რომელსაც აქვს ნდობა უზენაესი სასამართლოს, ბანკების, საჯარო სკოლების, პრეზიდენტის ინსტიტუტის, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ორგანიზებული მუშახელის მიმართ, არის დაახლოებით 25-დან 27 პროცენტამდე. გაზეთებისთვის, სისხლის სამართლის სისტემის, სატელევიზიო ახალი ამბების, დიდი ბიზნესისა და კონგრესისთვის, ეს მაჩვენებელი 20 პროცენტზე დაბალია. კონგრესისთვის კი 8 პროცენტი. საშუალო ნდობის ხარისხი ძირითადი ინსტიტუტების მიმართ არის დაახლოებით ნახევარი იმისა რაც 1979 წელს იყო.
დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ ახალგაზრდა ამერიკელები ფსიქიკური აშლილობის ეპიდემიას განიცდიან, რომელსაც ჯონ ჰაიდტი და სხვები სმარტფონებსა და სოციალურ მედიას აბრალებენ, ხოლო ხანდაზმული ამერიკელები „სასოწარკვეთით სიკვდილს“ ებრძვიან − ეს ფრაზა ცნობილი გახდა ენ კეისისა და ანგუს დიტონის მიერ. სანამ კეისი და დიტონი ყურადღებას ამახვილებდნენ თეთრ, შუახნის ამერიკელებში “სასოწარკვეთით სიკვდილზე” − მათი კვლევები სოციალური მეცნიერების ნამდვილი აღმოჩენა გახდა − უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ თეთრკანიანი მოსახლეობა ნარკოტიკების მოხმარებაში შავკანიანებს დაეწი და თითქმის გადაუსწრო კიდეც. 2022 წელს ფენტანილის ზედოზირებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, რამდენიც ამერიკის სამ მთავარ ომში ერთად: ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში.
ბოლო მონაცემები ამერიკელთა სიკვდილიანობის შესახებ შოკისმომგვრელია. სიცოცხლის ხანგრძლივობა გასულ ათწლეულში შემცირდა ისე, როგორც არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. მთავარი ახსნა, მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების მიხედვით, არის სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირების, ალკოჰოლის გამოყენების, თვითმკვლელობისა და სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებების ზრდის გამო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1990-დან 2017 წლამდე ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა გამოიწვია (25-64 წლამდე) 1,3 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი.
ამავე პერიოდში თვითმკვლელობის შედეგად დაიღუპა 569,099 შრომისუნარიანი ამერიკელი. მეტაბოლური, გულის დაავადებები, ისეთი როგორებიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი და კორონარული პრობლემები, ასევე გაზრდილია.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ასეთი ცვლილება უბრალოდ არ ხდება სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
პიტერ სტერლინგი და მაიკლ ლ. პლატი ბოლო ნაშრომში ამტკიცებენ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, გაერთიანებულ სამეფოსთან და ავსტრალიასთან ერთად, უფრო მეტს აკეთებენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ კომუნალური დახმარება [ცხოვრების ყველა ეტაპზე], რითაც იცავენ ინდივიდებსა და ოჯახებს სასოწარკვეთილებისგან“. ამის საპირისპიროდ, შეერთებულ შტატებში „სასოწარკვეთილების ყველა სიმპტომი განისაზღვრა, როგორც მენტალური აშლილობა ან დისრეგულაცია. ეს კი არასწორად აყალიბებს პრობლემას, აიძულებს ინდივიდებს დამოუკიდებლად დაძლიონ იგი. ის ასევე ხაზს უსვამს ფარმაკოლოგიური მკურნალობის აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უამრავ წამალს შფოთვის, დეპრესიის, სიბრაზის, ფსიქოზისა და სიმსუქნის სამკურნალოდ, პლუს ახალ წამლებს ძველ წამლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.”
სიმსუქნე? სცადეთ „ოზემპიკი“.
ამერიკელების მასობრივი თვითგანადგურება რომლის მომსწრენიც ვართ, გონებაში ყოველთვის მახსენებდა ერთ მოვლენას. ამ კვირაში გამახსენდა მანამდე სად მქონდა ნანახი ეს ყველაფერი: გვიანდელ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა დასავლეთის ყველა ქვეყანაში მეოცე საუკუნის ბოლოს გაუმჯობესდა, საბჭოთა კავშირში ის შემცირდა 1965 წლის შემდეგ მცირე ხნით გაიზარდა 1980-იანი წლების შუა პერიოდში, შემდეგ კი კვლავ კატასტროფულად დაეცა 1990-იანი წლების დასაწყისში და ასევე გაგრძლედა 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ. მაგალითად, 35-დან 44 წლამდე რუს მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1989-1994 წლებში გაორმაგდა.
ახსნა ისეთივე ნათელია, როგორც სტალიჩნაია. 1994 წლის ივლისში ორმა რუსმა მეცნიერმა, ალექსანდრე ნემცოვმა და ვლადიმერ შკოლნიკოვმა გამოაქვეყნეს სტატია ყოველდღიურ გაზეთ „იზვესტიაში“ დასამახსოვრებელი სათაურით „იცხოვრო თუ დალიო?“ ნემცოვმა და შკოლნიკოვმა აჩვენეს (ბოლო მიმოხილვის სტატიის სიტყვებით) “თითქმის სრულყოფილი და უარყოფითი ურთიერთობა ამ ორ ინდიკატორს შორის”. ერთადერთი, რაც მათ აკლდათ, იყო გაგრძელება − „იცხოვრო თუ მოწიო?“ − რადგან ფილტვის კიბო იყო კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საბჭოთა ადამიანები ახალგაზრდობაში კვდებოდნენ. უზომო სასმლისა და მოწევის კულტურას ხელი შეუწყო საბჭოთა რეჟიმის დროს სიგარეტის იაფმა ფასებმა და კომუნიზმის დაშლის შემდეგ ალკოჰოლის იაფმა ფასებმა.
სტატისტიკა ისეთივე შოკისმომგვრელია, როგორც ის სცენები, რომლებიც მახსოვს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, რამაც ჩემი მშობლიური გლაზგოც კი თავშეკავებულად წარმოაჩინა. 1990-2004 წლებში ციმბირში ჩატარებული 25000 გაკვეთის ანალიზმა აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ზრდასრული მამაკაცების სიკვდილიანობის 21 პროცენტი დაკავშირებულია სისხლში ეთანოლის ლეტალურ ან თითქმის ლეტალურ დონესთან. 2001 წელს რუსეთში ყველა მამაკაცის სიკვდილიანობის განსაცვიფრებელი 26 პროცენტი იყო თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული. 1994 წელს 50-დან 54 წლამდე მამაკაცებში თვითმკვლელობამ 100000 მოსახლეზე 140-ს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კეისისა და დიტონის “სასოწარკვეთილებით სიკვდილი” არის 20-40 წლის წინანდელი რუსული ვერსიის ერთგვარი ფერმკრთალი იმიტაცია.
ჰომო სოვიეტიკუსის თვითგანადგურების პროცესი ნამდვილად უარესი იყო, თუმცა ჰომო ამერიკელის თვითგანადგურება ტენდენციურად მაინც ძალიან ჰგავს უკვე წარსულში ნანახ მოვლენებს.
რა თქმა უნდა, ჯანდაცვის ამერიკული და საბჭოური სისტემები ზედაპირულად მაინც საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან. საბჭოთა სისტემას გაცილებით ნაკლები რესურსი ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის ჯანდაცვის კატასტროფული
მდგომარეობის გულში არის უზარმაზარი შეუსაბამობა ხარჯებსა და მიღებულ სარგებელს შორის − რომელიც საერთაშორისო დონეზე შეუდარებლად დიდია მშპ-სთან შედარებით. გაბერილი, დისფუნქციური ბიუროკრატია, რომელიც ბრწყინვალედ იქნა პაროდირებული “სამხრეთ პარკის” მიერ ბოლო ეპიზოდში − შესანიშნავი ილუსტრაციაა ნომენკლატურის საზიზღარი თვისებებისა.
იმავდროულად, როგორც გვიან საბჭოთა კავშირში, მშრომელები − ფაქტობრივად, მუშათა კლასი და საშუალო ფენის კარგი ნაწილიც − სვამენ და ნარკოტიკებით იკლავენ თავს, როცა პოლიტიკური და კულტურული ელიტა უდიდეს ძალისხმევას დებს მათი ყველასათვის მიუღებელი იდეოლოგიის გავრცელებაში.
საბჭოთა კავშირში დიდი სიცრუე იყო, რომ პარტია და სახელმწიფო არსებობდა მუშებისა და გლეხების ინტერესების დასაცავად, და რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმპერიალისტები იყვნენ, რომლებიც სულ ცოტათი სჯობდნენ ნაცისტებს. სიმართლე კი ის იყო, რომ პარტიის ნომენკლატურამ (ანუ ელიტარულმა წევრებმა) სწრაფად ჩამოაყალიბა ახალი კლასი თავისი ხშირად მემკვიდრეობითი თვისებებით, რომლებმაც მუშები და გლეხები სიღარიბისა და მონობისთვის გაწირეს. სტალინმა კი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერთან ერთად დაიწყო, სრულიად ვერ განჭვრიტა ნაცისტების საბჭოთა კავშირში შეჭრა − რის შემდეგაც ის ყველაზე სასტიკი იმპერიალისტი თავად გახდა.
გვიანდელ საბჭოთა ამერიკაში ანალოგიური სიცრუეა ის, რომ ინსტიტუტები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია აკონტროლებს − ფედერალური ბიუროკრატია, უნივერსიტეტები, ძირითადი ფონდები და დიდი კორპორაციების უმეტესობა − ეძღვნება აქამდე მარგინალიზებულ რასობრივ და სექსუალურ უმცირესობებს და რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და (როგორც ჯეიკ სალივანი ამბობს) სხვა ქვეყნების დაცვა „ამერიკელი
ჯარისკაცების გაგზავნის გარეშე“.
სინამდვილეში, „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის“ ხელშეწყობის პოლიტიკა უმცირესობებს არაფერში ეხმარება. სამაგიეროდ, ერთადერთი ბენეფიციარები, როგორც ჩანს, არიან DEI-ის აპარატის „ოფიცრების“ მთელი ურდო. იმავდროულად, ეს ინიციატივები ძირს უთხრის საგანმანათლებლო სტანდარტებს, თუნდაც ელიტარულ სამედიცინო სკოლებში და ხელს უწყობს ათასობით მოზარდის დასახიჩრებას „გენდერის დამადასტურებელი ქირურგიული ჩარევის“ სახელით.
რაც შეეხება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ამჟამინდელ მიმართულებას, ეს არ არის იმდენად სხვა ქვეყნების დახმარება, როგორც საკუთარი თავის დაცვა, რამდენადაც ამერიკის პოლიტიკა გულისხმობს მტერთან ბრძოლას სხვა ქვეყნების საშუალებით − ამერიკა მის მარიონეტულ რეჟიმს იარაღს სწორედ ამის გამო აწვდის. ეს სტრატეგია, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოა უკრაინაში, გარკვეულწილად ლოგიკურია შეერთებული შტატებისთვის, რომელმაც „ტერორთან გლობალური ომის“ დროს აღმოაჩინა, რომ მისმა დიდებულმა სამხედროებმა ოც წლიანი მცდელობის შემდეგ თალიბანის დამარცხებაც კი ვერ მოახერხეს. ამერიკულმა ცბიერებამ შესაძლოა უკრაინა, ისრაელი და ტაივანი იმავე გზას დააყენონ, რომელზეც სამხრეთ ვიეტნამი და ავღანეთი არიან.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მსოფლიო ახლა გადავსებულია ჩინური ელექტრო მანქანებით, ელექტრობატარეებითა და მზის ბატარეებით, რომლებიც მასიურადაა წარმოებული სახელმწიფო სუბსიდიების დახმარებით. ყოველ შემთხვევაში ადრე ჩვენ, ამერიკელები ვცდილობდით წინააღმდეგობა გაგვეწია საბჭოთა კავშირის მიმართ მარქსიზმ-ლენინიზმის გავრცელებაზე მესამე სამყაროს ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური დანაკარგი დიდი იყო, ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენი პოლიტიკური ელიტის არათანმიმდევრულობამ ამ საკითხში სტრატეგიული მიზნები მოწყვლადი გახადა. ფაქტია, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია გრეტა ტუნბერგის დაბადებიდან (2003 წლის) შემდეგ ნახშირორჟანგის ემისიების 34%-ით გაზრდასა და ნახშირის მოხმარების 48%-ით მეტ მოხმარებაზე.
იმ უფსკრულის გასაგებად, რომელიც ახლა ამერიკულ ნომენკლატურას მუშებისა და გლეხებისგან ყოფს, საჭიროა რასმუსენის გამოკითხვის შედეგების გაანალიზება, რომელიც ცდილობდა აივი ლიგის წარმომადგენლების დამოკიდებულების განცალკევებას ჩვეულებრივი ამერიკელებისგან. გამოკითხვამ პირველი განსაზღვრა, როგორც „ისინი, ვისაც აქვთ ასპირანტურა გავლილი, ოჯახის შემოსავალი ყოველწლიურად $150,000-ზე მეტი, და დაამთავრეს ელიტარული უნივერსიტეტები, მათ შორის, დიუკი, სტენფორდი ან ჩიკაგოს უნივერსიტეტი“.
შეკითხვაზე, ემხრობოდნენ თუ არა „გაზის, ხორცისა და ელექტროენერგიის რაციონალურ გამოყენებას“ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, აივი ლიგის წევრების 89 პროცენტმა თქვა დიახ, ჩვეულებრივი ადამიანების 28 პროცენტის წინააღმდეგ. კითხვაზე, გადაიხდიან თუ არა ისინი პირადად 500 დოლარით მეტ გადასახადს და უფრო მაღალ ხარჯებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, აივი ლიგის წევრების 75 პროცენტმა თქვა დიახ, დანარჩენი ამერიკელების 25 პროცენტი კი წინააღმდეგ წავიდა. „მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რას ასწავლიან მოსწავლეებს, მშობლებისგან განსხვავებით“ იყო განცხადება, რომელსაც აივი ლიგის 71 პროცენტი ეთანხმება, რაც თითქმის ორჯერ მეტია საშუალო მოქალაქეების წილზე. ”აშშ იძლევა ძალიან დიდ ინდივიდუალურ თავისუფლებას?” აივი ლიგის წარმომადგენლების ნახევარზე მეტმა თქვა დიახ; რა დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავების მხოლოდ 15 პროცენტი ეთანხმებოდა იმავე განცხადებას. ელიტას დაახლოებით ორჯერ უფრო უყვარდა კონგრესის წევრები, ჟურნალისტები, პროფკავშირების ლიდერები და იურისტები. გასაკვირი არ არის, რომ აივი ლიგელების 88 პროცენტმა თქვა, რომ მათი პირადი ფინანსები უმჯობესდება, დანარჩენი ამერიკელების 20%-ის საპირისპიროდ.
ყალბი იდეოლოგია, რომლისაც რეალურად ძნელად თუ სჯერა ვინმეს, მაგრამ ყველამ თუთიყუშივით უნდა გაიმეოროს ის, თუ მათ არ სურთ დისიდენტების იარლიყები მიეკეროთ − მსგავსება ნომერი ერთი.
მოსახლეობა, რომელიც აღარ მიიჩნევს პატრიოტიზმს, რელიგიას, შვილების ყოლას ან საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვნად? − მსგავსება ნომერი ორი.
რას იტყვით უზარმაზარ კატასტროფაზე, რომელიც ასახავს სრულ არაკომპეტენტურობასა და სისულელეს, რომელიც მოიცავს ხელისუფლების ყველა დონეს? ვგულისხმობ ჩერნობილის კატასტროფასა და Covid-ის პანდემიას. მსგავსება ნომერი სამი.
და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაცხადებ პრეტენზიას იურიდიულ საკითხებში ექსპერტობაზე, მაინც ვფიქრობ, რომ საბჭოთა სასამართლო უფრო ობიექტური იყო, ვიდრე ნიუ-იორკის სასამართლო, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტები გაასამართლა.
კითხვა, რომელიც მაწუხებს არის: რა მოხდება, თუ ჩინეთმა ჩვენზე უკეთ ისწავლა პირველი ცივი ომის გაკვეთილები? მეშინია, რომ სი ძინპინმა არა მხოლოდ გააცნობიერა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა აირიდოს საბჭოთა კოლეგების ბედი. მას შესაძლოა უფრო ღრმად ესმის ამ შემთხვევაში ჩვენ ამერიკელები ვართ საბჭოთა კავშირის პოზიციაში. ტაივანის საკითხი დიდი ალბათობით 1962 წლის კუბის კრიზისის ანალოგიური პრობლემა გახდება, სადაც ბაიდენი ხრუშჩოვის როლს შეასრულებს.
შეგვიძლია საკუთარ თავი გავამხნეოთ, რომ ჩვენი მრავალი თანამედროვე პათოლოგია არის გარე ძალების შედეგი, რომლებიც მრავალწლიან დივერსიულ კამპანიას აწარმოებდნენ. ისინი უდავოდ ცდილობდნენ ამას, ისევე როგორც CIA ცდილობდა ყველანაირად დაემხო საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს.
თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვითონვე გავუკეთეთ საკუთარ თავს − ისევე, როგორც საბჭოთა კავშირმა. ცივი ომის დროს საერთო ლიბერალური შფოთვა ის იყო, რომ ჩვენ შეიძლება გავმხდარიყავით ისეთივე დაუნდობელი, ფარული და სასტიკი, როგორც საბჭოთა კავშირი ბირთვული შეიარაღების შეჯიბრის გამო. ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა მას შემდეგ რომ ჩვენ ამერიკელები ისეთივე ჩამორჩენილები გავხდებოდით, როგორც იმ დროის კომუნისტები.
მე მაინც ვებღაუჭები იმედს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მეორე ცივი ომის წაგება − რომ ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური პათოლოგიები, რომლებიც აწუხებს ყველა ერთპარტიულ კომუნისტურ რეჟიმს, საბოლოოდ გაანადგურებს Xi-ს „ჩინურ ოცნებას“. მაგრამ რაც უფრო იზრდება სასოწარკვეთილების შედეგად დაღუპულთა რიცხვი − და რაც უფრო იზრდება უფსკრული ამერიკის ნომენკლატურასა და ყველა დანარჩენ მოქალაქეს შორის − მით ნაკლები ოპტიმიზმი მიპყრობს.
საბჭოელები ვართ? მიმოიხედეთ თქვენ გარშემო.