საზოგადოების ერთი ნაწილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და საზოგადოებას სპეციალური გზავნილით მიმართეს. მიმართვის ტექსტში, რომელსაც ხელი გოგი ქავთარაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა, გიგა ბათიაშვილი, რეზო ესაძემ, სოსო ცისკარიშვილმა, მინდია სალუქვაძემ და სხვები მოაწერს, ნათქვამია, რომ ქართული სახლმწიფოს ნგრევის პროცესის წინაშე უმოქმედოდ არავინ უნდა დარჩეს.
„ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც უსამართლობა და პოლიტიკური ტერორი მეფობს. ქვეყნის მოქალაქე აღარ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას ხელისუფლებისთვის.
ჩვენს ქვეყანას შველა სჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფა," - ნათქვამია მიმართვაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ვითარების გამოსწორების ნაცვლად, ხელისუფდება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც კონტროლირებად მედია საშუალებებს იყენებს.
„ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას", - ნათქვამია მამართვაში.
განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დროა საქართველოს მრავალეროვანმა მოსახელობამ გააანალიზოს ქვეყნაში შექმნილი ვითარება და ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები იქნება.
საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი ხედვის შემუშავებისთვის კარგი საშუალება იქნება სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა.
„მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს! ამ გადამწყვეტ ჟამს ყველაზე მაღლა დავაყენოთ სამშობლოს ინტერესები. მაქსიმალური ძალისხმევით ჩავერთოთ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ფორმირებაში, ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის დასამკვიდრებლად!," - ნათქვამია მიმართვაში.
საზოგადოების წევრები იმედოვენებენ, რომ ამ ინიციატივას ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოეხმაურება, განსაკუთრებულ აქტიურობას კი ახალგაზრდები გამოიჩენენ და შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც კრების მოწვევას გაუწევს ორგანიზებას.
როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა აღნიშნა, ამ მიმართვაში არაფერია ნათქვამი რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისა და ქართული მიწა-წყლის მიტაცების შესახებ, რასაც, მწერლის აზრით, რუსეთი პრეზიდენტ სააკაშვილის დახმარებით ახორციელებს.
სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჭადრაკში ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კრების ფორმირებაში აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, საჭიროა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და გამოსავლის ძიებაში უდიდესი როლის შესრულება სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას შეუძლია.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას, მაქსიმალურად ჩაერთონ კრების ფორმირებაში, ნუ გავახარეთ მტერს. გავერთიანდეთ ერთიანი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. ქვეყანაში ნადგურდება სასიცოცხლო მნიშვნელობის თემები, მათ შორის - ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, მოსახლეობა ტოვებს სამშობლოსაც, ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი ზეიმობს. მომრავლდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა რიცხვი“.
„ქვეყანას სჭირდება შველა. ხელისუფლება მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფებს ხალხს, მისი ქმედების გამო ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი და ამ ფონზე ის აგრძელებს უსაფუძვლო ტრაბახს, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები, ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აღარ დაუშვებს," - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის რეჟისორი გოგი ქავთარაძე, რომლის თქმით, მათ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებზე აქვთ აღებული.
„ერთხელ და სამუდამოდ კარგი ორგანიზებით უნდა შეიკრიბოს ხალხი, საბოლოოდ ილაპარაკოს იმ საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. როდის გაიმართება სახალხო წარმომადგენლობითი კრება, ეს მოგვიანებით გვეცოდინება. როგორც კი არჩევნები დაინიშნება, ზუსტად იმის მიხედვით მოვიქცევით ჩვენ. განსაკუთრებით რეგიონებზე გვაქვს ყურადღება," - აღნიშნა გოგი ქავთარაძემ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ სერიოზული როლის შესრულება შეუძლია სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას.
„საინიციატივო ჯგუფი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და აფიქსირებს საკუთარ ხედვას არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში. მიმაჩნია, რომ სერიოზული როლის შესრულება შეუძლია სახალხო წარმომადგელობითი კრების მოწვევას. აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალეროვანმა მოსახლეობამ საფუძვლიანად გააანალიზოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ეჭვს არ იწვევს," - აცხადებს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ამავე დროს უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების ერთიანი გეგმა და მისი რეალიზაცია გარკვეული ვალდებულება უნდა იყოს, როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი ხელისუფლებისთვის.
„ქვეყანას წინ უდგას საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს სახალხო სტრუქტურა უნდა იყოს გარკვეული ფუნქციის მატარებელი, რომელიც არ დაუშვებს მოვლენათა რაიმე დაძაბულობისკენ გადახრას, რადგან მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები იქნება, არაა. ამავე დროს, არც იმის სურვილია საზოგადოებაში, რომ რაიმე სერიოზულ ექსცესებს ჰქონდეს ადგილი”.
„ამიტომ, თუ საზოგადოება წარმართავს პროცესებს და პოლიტიკურ ძალებს ექნებათ გარკვეული პარტნიორის დამოკიდებულება საზოგადოებასთან და არა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მშვიდობიანი და ცივილიური განვითარების პერსპექტივა იქნება ქვეყანაში," - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.