“ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბუნტის თავის როლში აღმოჩნდა. საქართველომ ეს უარყო.
მიუხედავად ამისა, რუსეთს არასოდეს მიუტოვებია ცეცხლის ალში გახვეული ჩრდილოეთ კავკასია, არც თბილისის ხელისუფლება დაუსჯია სათანადოდ. საქართველო კი აჯანყებული ჩეჩენ-ინგუშების მხარდამჭერას კავშირის დაშლისთანავე და შემდეგ პერიოდებშიც აქტიურად აგრძელებს“, - იუწყება „inosmi.ru“
ამგვარ შეფასებებს გამოცემა კლინთონის ვიზიტის კვალდაკვალ გვთავაზობს და ამ გზავნილით სიფრთხილისკენაც მოგვიწოდებს.
„ამერიკამ თავის მეკავშირედ კავკასიაში საქართველო არჩია. აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურა, რომ აშშ-მ კავკასიის რეგიონში ფავორიტად მიჩნეულ საქართველოს თავისი უძლურება აჩვენა“, - განაგრძობს გამოცემა.
ვლადიმერ პუტინმა, არც თუ დიდი ხნის წინ, კერძოდ, პრეზიდენტობის დროს სკანდალური განაცხადი გააკეთა, რითაც ოფიციალური თბილისი პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების შეფარებასა და ალ-ყაიდას ბუდედ ქცევაში დაადანაშულა, მაშინ საქართველომ ბრალდება უსაფუძვლო ცილისწამებად შეაფასა. პოლიტიკა პრაგმატიზმის გარეშე წარმოუდგენელია და სულ მცირე ხანში, სააკაშვილის ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯი გადადგა, კრემლის ვარაუდები ლამის აქსიომად აქცია.
კერძოდ, წიკლაური, ოჩიაური და კიდევ ბევრი სხვა ამბოხების მანიით შეპყრობილნი ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ინგუშეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების ინიციატორებად გამოვიდნენ. ამ „აღიარებას“ ჩეჩნების განაწყენება მოჰყვა, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სცნო ჩვენი დამოუკიდებლობა და ახლა რატომღა ჩქმალავთ, ან კიდევ ინგუშებს უპირატეს მდგომარეობაში რისთვის აყენებთო.
ისტორია ანალოგებსაც ეფუძნება. სულ ახლახან ვიხილეთ, ყირგიზეთში დატრიალებულ შიდა ომი როგორ გადაიზარდა ერებს შორის კონფლიქტშიც და უზბეკები ყირგიზებს ვინ იცის საშვილიშვილოდაც წაეკიდნენ. როცა წიკლაური საბჭოეთის დროიდან არსებულ ნაღმებზე საუბრობს და სტალინის ხელწერად აფასებს, მეორე მხრივ იმასაც უნდა ითვალისწინებდეს, რა შედეგს მოუტანს საქართველოს მსგავსი „ინიციატივები“ ამ ნაღმების არსებობის პირობებში.
ისტორიულმა ანალოგებმა და სააკაშვილის ხელისუფლების ინიციატივებმა ნაკლებრეიტინგული პოლიტიკოსის განაცხადი გამახსენა: – ირაკლი წერეთელი, ვისთვის ეროვნული ლიდერებიდან ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი პერსონაა და ვისთვის სააკაშვილის გადაბირებული ურეიტინგო პოლიტიკოსი. ისე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
ჯერ „ეროვნული დამოუკიდებლობის” პარტიის ლიდერმა, ხოლო სულ ახალახან, კერძოდ, 2010 წლის იანვრის ბოლოდან ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის კოორდინატორად დანიშნულმა წერეთელმა (ეს დასი 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პარტიებისგან არის დაკომპლექტებული) მოკლედ, ამგვარად გარდაქმნილმა ირაკლი წერეთელმა პრივატულ საუბარში გვამცნო, რომ საქართველოს ხელისუფლება აგვიტოს მოვლენებში დასავლეთისგან იგნორს არ ელოდა და უფრო მეტიც, აშშ-სა და ევროპელი მეგობრებისგან დოლარ-კრედიტების ზღვა უნდა წამოსულიყო. განაცხადის კონსტატაციაა, დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.
როცა ბუშის „პროექტმა“ – სააკაშვილმა და მასთან ერთად სხვა ფერადი რევოლუციების ბურჯებმა, ადგილი რუსეთის კანდიდატურებს დაუთმეს, უკრაინაში იანუკოვიჩი მივიღეთ, ყირგიზეთში ოტუმბაევა, ხოლო პოლონეთის მოვლენები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ისმის ლოგიკური კითხვა - რა შეიცვალა საქართველოს რეალობაში? არც არაფერი, პირიქით, ობამას ადმინისტრაციის პირობებში, სასათბურე გარემო გამოეცალა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი ამერიკული ვოიაჟიდან დაბრუნებისთანავე, ირანთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა.
ასე და ამგვარად, სააკაშვილის ხელისუფლება სიხისტეს არ იშლის. არც მოსკოვი იცვლება და საქართველო-ამერიკის გაცივებულ ურთიერთობებს თან იჯერებს, თან ვერა. ამიტომ პუტინის უცენზურო გამოთქმას სააკაშვილის კვერცხებით დაკიდების შესახებ, ახლა დუმის დეპუტატებიც იმეორებენ. ეს მას შემდეგ, რაც ჰილარი ქლინთონი ჩამოვიდა და ისევ გულის მოსაცემად ჩაგვძახა ოკუპირებულები ხართო.
„ვისთვის ოკუპაცია, ვისთვის გათავისუფლებაო“ - შეეპასუხა პუტინი. ამ გამოძახილების ექომ ისევ საქართველოში მოიყარა თავი და ახალგაზრდა ჩინოვნიკების ბაგეთგან დემაგოგიის უწყვეტ წყაროდ გადმოდინდა „უპრეცედენტო მხარდაჭერა... აშშ-მ საქართველოს დასაცავად მზაობა გამოაცხადა... ოკუპაციის აღიარების უნიკალური შემთხვევა და ა.შ. და ა.შ.”
ეს რიტორიკა მაშინ ჭრიდა, როცა აშშ-ს ადმინსტრაციაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ე.წ. ქორებს ეკავათ, ახლა არწივების დროა. მათი ლიდერი ობამა, აშშ-ს შიდა პოლიტიკით მეტად არის დაკავებული. პარალელურ რეჟიმში, იგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვითაც ინტერესდება. რუსეთ-ამერიკის ურთიერთოები ახალ ჭრილში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შპიონაჟის სკანდალიც გადაიფარა.
ზესახელმწიფოების ლიდერები ამ ბრალდებით დაკავებულთა გაცვლით შემოიფარგლნენ და მომხდარს აჟიოტაჟი არ მოაყოლეს. ეს მაშინ, როცა კავკასია აჯანყებულ და ფეთქებად რეგიონად რჩება, ხოლო წლების წინ მეკავშირედ წოდებულ და ამ სტატუსით „მომადლიერებულ“ საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ერთადერთ კოზირად ოკუპირებული ქვეყნის ცნებას უტოვებს.
თავის მხრივ, მეორე ფაქტიც, რომ ჰილარი ქლინთონი ოპოზიციური სპექტრიდან ზომიერებს არჩევს, ვერ არის სანუგეშო. ესე იგი, თეთრი სახლი ზედაპირულად ეკიდება საქართველოში მიმდინარე პროცებს და მისთვის პრიორიტეტი ისევ და ისევ ყბადაღებული რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაა.
„საუკუნეების მანძილზე შემონახულია გაყინული კონფლიქტები. აღიარებულია კვიპროსის ოკუპაცია, თუმცა პროცესი წინ არ მიდის. რაც შეეხება, ამერიკის მკვეთრ განაცხადებს, ესეც წინდაწინ დაგეგმილი სტრატეგიაა. რუსეთი დააშავებს საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო აშშ გაკიცხავს. კრემლის მომდურება მსოფლიოში არავის სურს და პირველები ნუ ვიქნებით“, -აცხადებს „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე.
დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს და რისთვის... ამ ბოლო დროს, ახალგაზრდა ჩინოვნიკებს წამოსცდათ რამოდენიმე მლნ-ი დოლარით დაგვეხმარნენო.
იმისთვის რომ, სააკაშვილის გარემოცვას ესარგებლა? იმისთვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებით ჩვენვე დავზარალდეთ და მათ გული მოიფხანონ? იმისთვის, რომ ყველაზე მცირერიცხოვანმა ქვეყანამ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი, გავგზავნეთ აშშ-ს მხარდასაჭერად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მაშინ როცა დიდი ქვეყნები საკუთარ ძალებს უკან გამოითხოვდნენ?
და ბოლოს, სულ რამოდენიმე თვის წინ გაკეთებულ თამამი პროგნოზებს გთავაზობთ:
„რუსეთ-ამერიკის ერთ-ერთი შეხების წერტილი არის საქართველო, შესაძლოა, ხვალ და ზეგ ეს გახდეს უკრაინა. აზერბაიჯანში იყო მცდელობები ეს საერთო შეხების წერტილი გამოძებნილიყო და ჩვენ გვახსოვს, როგორც ხისტად მოიქცა არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება. არ შეხედა არც საერთაშორისო საზოგადობრიობას და არაფერს, საკუთარი ქვეყნის ინტერების გარდა.
მე ნაკლებად მაინტერესებს, ალიევი არის თუ არა დემოკრატი ქვეყნის შიგნით, სამაგიეროდ, ალიევი აწარმოებს იმ პოლიტიკას, რასაც ჩვენ ფარდობითად, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სიტუაციისთვის ყველაზე მისაღებ ნეიტრალიტეტს ვუწოდებთ.
ახლა აზერბაიჯანს ვერავინ პრო-რუსულ ორიენტაციას ვერ დასაწმებს, სომხეთისგან განსხვავებით, მაგრამ ის, რომ ჩვენნაირი გაშმაგებით არ ერთვება ყველა პროცესში, რომელსაც შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში აწარმოებს, ესეც ფაქტია. ჩვენთან არც დემოკრატიაა და არც ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს, პირიქით, ეს საგარეო ვექტორი, ფაქტობრივად, დაშლისკენ წამყვანი პოლიტიკაა და ახლაც დღევანდელი დღეები არის ძალიან მნიშვენლოვანი.
სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ იკმარა ის, რომ საქართველოს ძალები მონაწილეობენ ერაყში, ავღანეთში და ა.შ. დღეს, უკვე, თავდაცვის მინისტრს, სიხარულიძეს, პენტაგონში სერიოზული მოლაპარაკებები აქვს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის საკითხებში უკვე ტერიტორიულადაც გაფორმდეს, ანუ ჩვენ არა მხოლოდ ვაგზავნით ჯარს, არამედ ჩვენი ტერიტორიაც მონაწილეობს ამ ე.წ. სამშვიდობო პროცესში, რაც არც მეტ, არც ნაკლები ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების, ან ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ეს ვერ მოხდება აფხაზეთში, ან სამაჩაბლოში, იქ უკვე რუსული ბაზებია, ესეც აგვისტოს მოვლენების „წყალობით“ და აქედან გამომდინარე, საქართველო იქნება ორი მონსტრი ქვეყნის გარიგების საგანი.
ეს პენტაგონის და საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური შეთანხმებაა?
– ჯერჯერობით არ გაფორმებულა, დღეს მიდის ამაზე საუბარი ამერიკაში და ეს ყველამ კარგად ვიცით, არ მხოლოდ ხელისუფლებამ არამედ ნოღაიდელმა, ალასანიამაც და ასეთი „პრინციპული“ ოპოზიცია ხმას არ ღებს ამაზე, არადა, ამ გარიგებით ჩვენ, შესაძლოა, მართლა უკვე ფიზიკური განადგურების წინაშე აღმოვჩნდეთ“, - აცხადებდა დღეს უკვე პოლიტიკას გარიდებული და პრორუსად შერაცხული, ირინა სარიშვილი.
პოლიტოლოგმა კახა კაციტაძემ, რომელიც ოპოზიციაზე მსჯელობისას დელიკატურობა დაივიწყა და ბატისტვინები უწოდა პრორუსული, პროამერიკული კატეგორიებით აზროვნება პოლიტიკურ ნაივად შეაფასა. „პოლტიკოსთა ნაწილის არსებობა, რომლებიც პოზიორობენ იმით, რომ პრორუსული ან პროამერიკული ორიენტაციის არიან, მეტყველებს შემდეგზე: მათ ჯერაც არ ესმით, რა პროცესები მიდის მსოფლიოში. აქ მარტო ამერიკა-რუსეთის „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ. გაცილებით გლობალურ პროცესებზეა საუბარი”.
არავინ იცის იქნება თუ არა საქართველო ის, ვინც „გადატვირთვის“ შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს? მოვლენები ყოველ წუთს იცვლება და „რუსეთის 200 წლიანი ოკუპაციის შემსწავლელი სახელმძღვანელო” დღე-დღეზე გამოვა.
P.S.- ისევ ავბედითი პარალელები... დღეისთვის ჩამოყალიბებული ე.წ. მსოფლიო წესრიგი საქართველოს აგვისტოს ომის განმეორებას და ისევ, რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენას უქადის.