Mr. Big – 70-იანების Free გამოძახილი

Mr. Big – 70-იანების Free გამოძახილი

გასული საუკუნის 90-იან წლებში მძიმე მუსიკა მეტალის განხრით ვითარდებოდა. აი ტრადიციული ჰარდ როკის მიმდევარი ჯგუფები კი იშვიათად თუ იქმნებოდა და როკ მუსიკის აგრერიგად ძვირფას მიმართულებას ისევ ბებრები თუ განასახიერებდნენ უკვე სამი თაობის მსმენელთა თანხლებით.

მით უფრო საინტერესოა ამ პერიოდის ჯგუფზე საუბარი, როდესაც ვიცით, რომ შთაგონება კვლავაც 70-ებიდან მოდის და მეტიც, ერთ-ერთი ჯგუფის სიმღერიდან. ჯგუფ Free-ზე წინა კვირას ვსაუბრობდით, ხოლო კომპოზიცია Mr.Big ამავე სახელწოდების მქონე ამერიკული ჯგუფის დაარსების წინაპირობად იქცა.

დღესდღეობით მეგა ბას გიტარისტმა ბილ შიჰანმა 1988 წელს დევიდ ლი როტის ჯგუფი მიატოვა და ახალი კოლექტივის შექმნა განიზრახა. სულით ხორცამდე პროფესიონალი მუსიკოსი წამს არ ტოვებდა ვირტუოზული ნომრების დემონსტრირების გარეშე Shyboy-სა თუ Tobacco Road-ის ტიპის სიმღერებში, მაგრამ ლი როტის რეპერტუარი ყოველთვის ითხოვდა გარკვეულ ”ესტრადნიკობას”, რაც ბილ შიჰანს ერთხელაც მობეზრდა.

იგი Shrapnel Records-ის პროდიუსერ მაიკ უორნის დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა კი ბას გიტარისტს ახალი ჯგუფისთვის იმ დროისათვის ნაკლებად სახელოვანი, მაგრამ ვიწრო წრეებში საკმაოდ დაფასებული მუსიკოსები - მომღერალი ერიკ მარტინი, დრამერი პატ ტორპი და გიტარისტი პოლ ჯილბერტი შეურჩია.

ამ უკანასკნელს ორი ალბომიც კი ჰქონდა გამოშვებული საკუთარ ლოს ანჯელესურ კოლექტივ Racer X-თან ერთად. არიზონას შტატიდან კალიფორნიაში გადაბარგებულ დრამერ პატ ტორპის გამოცდილება ბელინდა კარლაილთან, ტედ ნიუჯენტთან და The Knack -თან ჰქონდა შეძენილი, ხოლო ერიკ მარტინი კი მძლავრი ვოკალით საკუთარ ჯგუფს ახმოვანებდა.  

უკვე  პირველი რეპეტიციებიდანვე გამოვლინდა მუსიკოსების ერთობლივი მუშაობის  პოტენციალი და წარსულში კარლოს სანტანას, Journey-ისა და Europe-ის მენეჯერმა ჰერბი ჰერბერტმა ახალი კოლექტივის Atlantic Records-თან კონტრაქტი შეამზადა, რაც ძალიან დიდი ავანსი იყო 90-იანების ჰარდ როკ ბენდისთვის. ეს რა თქმა უნდა ბილ შიჰანის დამსახურება იყო, მაგრამ მომავალი წარმატების უზრუნველსაყოფად, იმედები სხვებსაც უნდა გაემართლებინათ.

სადებიუტო Mr.Big მხოლოდ ჯგუფის რეპერტუარისგან შედგებოდა, ერთადერთი ქავერი 30 Days in the Hole კი Humble Pye-ის სტივ მარიოტს ეკუთვნოდა. ჰარდ როკ ჰიმნ ნაწარმოები იმ დროის ბესტსელერად ნამდვილად ვერ იქცეოდა, მაგრამ ბილბორდის ჩარტებში 46-ე ადგილის ფონზე, უკვე პირველივე ტურნეს განმავლობაში, Mr.Big-მა საკმაო პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში და ცოტა ხნის შემდეგ, ზოგადად შორეულ აღმოსავლეთში.

ჯგუფი შესანიშნავად გადმოსცემდა 70-ების სულისკვეთებას, თუნდაც UFO-თან შედარებით კომპოზიციური სიმწიფის ნაკლებობას კი უკვე 90-ების შესაბამისი ვირტუოზული დაკვრითა და სიმძლავრით ავსებდა, რაც იაპონურ პუბლიკას დიდად აღაფრთოვანებდა.

აქედან გამომდინარე, ჯგუფმა გათვლა იაპონიაში ლაივ ალბომების გამოცემაზე გააკეთა, რამაც საბოლოოდ Mr.Big -ის დისკოგრაფიაში სტუდიურ ალბომებთან შედარებით, მათი სიჭარბე გამოიწვია. ამომავალი მზის ქვეყანაში ზოგიერთი მათგანი პლატინისა თუ ოქროს სტატუსსაც კი იხვეჭდა.

მეორე ალბომი Lean Into It იმეორებდა სადებიუტო Mr.Big -ის უკომპრომისო ხელწერას, პოპულარობით კი როკ ბალადა To Be with You  გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა ბილბორდის ჩარტებში ჯგუფისთვის სარეკორდო მე-15 ადგილი დაიკავა, აშკარად ჩანდა, რომ საჭირო იყო რაღაც ახლის შეტანა რეპერტუარში, რაც ზოგჯერ ოდენ ვირტუოზულ დაკვრამდე დაიყვანებოდა ხოლმე.

უკვე შემდგომ ალბომში Bump Ahead, ამგვარ ”სიახლეებად” კეტ სტივენსის Wild World-ისა და Free-ს Mr. Big-ის გადამღერებები იქცა. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა Mr. Big-ში ენდი ფრეზერის ბას გიტარის ცნობილი სვლების ბილ შიჰანისეული ინტერპრეტაცია, რაც კონცერტებზე მსმენელთა სრულ დატყვევებას იწვევდა ბას გიტარის, როგორც ინსტრუმენტის შესაძლებლობათა სივრცეში.

ამავე პერიოდში Mr. Big, Aerosmith-ის გამახურებელ ბენდად იქცა მეგა ალბომ Get A Grip-ის მხარდამჭერ ევროპულ ტურნეში, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე გამართულ სამ კონცერტსაც მოიცავდა.

Mr. Big-ისთვის ”მეგა ალბომი” კი 1996 წელს იაპონიის ჩარტებში პირველ ადგილზე გასული Hey Man აღმოჩნდა. ერთის მხრივ მსგავსი წარმატება კოლექტივს მეტი აღარც ჰქონია, მეორეს მხრივ კი გაცილებით შეივსო და სრულყოფილი გახდა ჯგუფის საკონცერტო რეპერტუარი, რომელიც მსგავსი ხასიათისა და ტემპერამენტის უკვე ოთხ ალბომს მოიცავდა.

მაგრამ სწორედ ამ პერიოდში დაიძაბა ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა. პოლ ჯილბერტმა Mr. Big მიატოვა და მისი ადგილი წარსულში Poison-ის გიტარისტმა - რიჩი კოცენმა დაიკავა. Mr. Big -ის ყველაზე ახალგაზრდა წევრი შესანიშნავად მოერგო კოლექტივს და შეიძლება ითქვას, რომ მან სიხალისე შემატა კიდეც სტუდიურ ალბომებს Get Over It -სა და Actual Size-ს. 

რიჩი კოცენი სიყრმიდანვე აღფრთოვანებული იყო ჯგუფ Kiss-ით, რამაც როკ მუსიკოსობა გადააწყვეტინა. მრავალმხრივი ნიჭის მქონე მუსიკოსი უკვე 19 წლის ასაკში შენიშნა Shrapnel Records-ის ზემოთხსენებულმა პროდიუსერმა მაიკ უორნიმ. სწორედ მისი რჩევით აიყვანეს იგი Mr. Big -ში.

ახალგაზრდა გიტარისტი არც ცნობილ ჯაზმენებს სტენლი კლარკსა თუ ლენი უაიტს გამოპარვიათ, რომელთა ალბომების პროდიუსირებასაც ეწეოდა იგი ამ რამდენიმე წლის წინათ. სხვადასხვა როკ თუ ჯაზ შემსრულებელთა ალბომების პროდიუსერობას კოცენი დღესდღეობით საკმაოდ დიდი სიხშირით გამოცემულ სოლო ალბომებსაც უთავსებს. მისი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და აერთიანებს ფიუჟენ ტენდენციებსაც, რაც ალან ჰოლდსუორთის სკოლით მოხიბლული ახალგაზრდა გიტარისტის რეპერტუარს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ წლეულს მან წარსულში Dream Theater-ის მაიკ პორტნოის ორგანიზებულ ”მხეც” ტრიო The Winery Dogs -ში დაუკრა ბასისტ ბილ შიჰანთან ერთად.

იქამდე კი... 2002 წელს Mr. Big დაიშალა. შვიდი წლის შემდეგ,  ჯგუფის ხელახალი შეკრება უკვე თაყვანისმცემლებმა განაპირობეს. კვლავაც პოლ ჯილბერტთან ერთად, ანუ საწყისი შემადგენლობით 2009 წლის ისტორიული კონცერტი, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში შედგა.

ახალმა სტუდიურმა ალბომმა What If... კი დღის სინათლე 2011 წელს იხილა. ალბომმა ტრადიციულად იაპონიაში გაამართლა, სადაც ჩარტებში საპატიო მე-7 ადგილი დაიკავა. ჟღერადობის სიმძლავრით What If...-მა წინა ნამუშევრებს გადააჭარბა. ნამუშევრის ხარისხის შესახებ კი შეიძლება ითქვას, რომ მისი არარსებობით მსმენელი ბევრს დაკარგავდა, რადგან შიჰანისა და ჯილბერტის ვირტუოზული თანასვლები აქ განახლებული ეფექტითაა წარმოჩენილი თითოეული ამ მუსიკოსის უკანასკნელ ათწლეულში აურაცხელ პროექტებში მონაწილეობისა და აქედან გამომდინარე იმპროვიზაციული თვალსაწიერის კიდევ უფრო გაფართოების გამო. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჰარდ როკული ხელწერა არასოდეს ტოვებს Mr. Big-ის რეპერტუარს, რომელიც უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ერთგულად ემსახურება და სიამოვნებას ანიჭებს სხვადასხვა თაობის მსმენელებს.