სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის უგულებელყოფას აგრძელებს და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიწვევით, შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტზე იმყოფება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილი, რომლის ლეგიტიმაციაც კითხვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად სცნო, ევროპულ ვოიაჟებს კვლავ თვითნებურად აგრძელებს.
თუმცა აქვე დასძენენ, რომ ეს არ არის ოფიციალური სამიტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნები ამერიკა და სხვა დიდი მოთამაშეები ესწრებიან. ამიტომ მხოლოდ ზელენსკი და ზურაბიშვილი უკრაინის ომის ბედს ვერ გადაწყვეტენ.
საინტერესო იყო ზურაბიშვილის შეხვედრები და განცხადებები, რომელიც მან სამიტის მიმდინარეობისას გააჟღერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მან ევროპელ ლიდერებს ე.წ. „ქართული ქარტია“ გააცნო და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი უკრაინის ომის პარალელურად, საკუთარი პოლიტიკური იმიჯის და ე.წ. დასავლელი ლიდერის მითის შექმნით იყო დაკავებული.
ზურაბიშვილი შვეიცარიაში ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. მოლაპარაკებისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები. ზურაბიშვილმა მათ ინფორმაცია ქართულ ქარტიაზე მიაწოდა. ზურაბიშვილი ასევე, პოლონეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებსაც შეხვდა.
ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მშვიდობის სამიტი სერიოზულ სახეს ნაკლებად ატარებს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ.
„ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, აღარ ვლაპარაკობ იმ სხვა გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები.
ზელენსკი ცალმხრივად რისი გადამწყვეტია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს, ალბათ, საზოგადოებას ღიმილს ჰგვრის. ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, რომელზეც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამიტი ზელენსკის მიერ იყო ორგანიზებული და ზურაბიშვილი მან დაპატიჟა, რასაც პოლიტიკური ნიშნისმოგების სახე აქვს.
„ეს ქალბატონი, დიდი ალბათობით, ზელენსკიმ დაპატიჟა, თუმცა ამაზე დასავლეთიც არ იტყოდა უარს და ვფიქრობ, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. ზურაბიშვილი ბოლო დროს გარკვეულ პიარს იკეთებს და ვიცით, უკრაინის ომის შემდეგ მან როგორი პოლიტიკური ტაქტიკაც აირჩია. ამიტომ მისი დაპატიჟება არ გამკვირვებია. ზელენსკიმ, მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მაღლა პირადი კორუფციული ინტერესებზე დააყენა. საქართველო-უკრაინის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს საერთოდ გადაუსვა ხაზი, ჯერ კიდევ ომამდე და ახლა მით უმეტეს, ის მუდმივად ჩვენი ქვეყნის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს. ორ ქვეყანას შორის არსებობობს ჩარჩო ხელშეკრულება და ასევე, არსებობს სხვა მრავალი ხელშეკრულებები, რომლის უგულებელყოფაც ზელენსკიმ არა ერთხელ მოახდინა. იმ ფონზე, როცა ერთმანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებებს უპირობოდ ვცნობთ, ექსტრადირებასაც არასდროს არ ვაყოვნებთ, პოროშენკოს პოლიტიკა ზელენსკიმ კიდევ უფრო აგრესიული ფონით გააგრძელა. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნებისა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეს და რა პატივშიც ჰყავადათ ის და მისი თანამოაზრეებიც ყველამ კარგად ვიცით. დღემდე სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალი გიორგი ლორთქიფანიძე და სხვა ძმანი მისნი, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ზუსტად ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. ასევე, რადაში ქართველი დავით არახამია, რომელიც მაფიოზია და პირდაპირ ამბობდა, რომ რცხვენოდა ქართველობის, რადგან ჩვენ მეორე ფრონტი არ გავხსენით. ამიტომ მამარაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა მათთვის ყვლაზე მნიშვნელოვანი თანამოაზრეა.
„ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლეგიტიმურობა დაკარგა. დაკარგა მას შემდეგ, რაც მას კონსტიტუციის დარღვევა დაუდასტურდა. მერე მისი მოქმედებები კონსტიტუციის კიდევ უფრო მეტი დარღვევა და უგულებელყოფა იყო. მიუხედავად ამისა, ის დასავლეთისთვის მაინც პრეზიდენტად ითვლება. ზურაბიშვილი ოფიციალურად დაპატიჟეს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა, ეს საქართველოსადმი მეგობრული დამოკიდებულება არ არის. უკრაინის ომის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მის გარშემო პოლიტიკური ფეიკი და ლეგენდა შექმნა, თითქოს საქართველოს „ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილი დაეპატრონა და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. ამ ლეგენდის მიხედვით, ზურაბიშვილი ახალგაზრდებთან ერთად მამაცი პროდასავლელი ლიდერია, რომელიც მას ებრძვის. ვითომ და აი, საფრანგეთში გაზრდილი ქალი, როგორ ცდილობს ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნებას. ეს ჩვენთვის სასაცილო თემაა, თუმცა დასავლეთში ზურაბიშვილისთვის სერიოზულ იმიჯად იქცა“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, რეალურად, ვინც მას იცნობს, ყველამ კარგად იცის, რა თამაშსაც თამაშობს და რა არის მისი მოქმედების რეალური მიზეზი. მამარაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკას ევროპელები იმდენად ვერ ცნობენ, რომ ზურაბიშვილზე პოლიტიკური ფსონის დადება, უკვე წაგებული თამაშია.
„ზურაბიშვილს ევროპაში აღიარებენ ადამიანად, რომელიც „თავდადებულად“ და „თავგანწირულად“ იბრძვის საქართველოში ვითომ დიდი უსუმართლობის წინაშე. ჩვენ მისი მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიასაც კი ვადევნებთ თვალს, რომელმაც ასევე, პირდაპირ აღიარა, რომ მას პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს. ამიტომაც არის, რომ ოპოზიცია მის ე.წ. „ქარტიის გარშემო“ გაერთიანდა, რომლის ხელმომწერ პარტიებს პირდაპირ მისი კანდიდატურის დასახელებას ავალდებულებს. ეს არის ამ ქალბატონის პოლიტიკური თამაშების რეალური მიზანი. ოპოზიციაც იძულებულია, რადგან დასავლეთში ზურაბიშვილს უპირატესობას ანიჭებენ, მის თამაშში ჩაერთონ და დასავლეთიდან წამოსულ დირექტივებს ფეხი აუწყონ“, - ამბობს მამარაძე.