საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოამზადოს ნიადაგი უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - ამ ინიციატივით წარსდგა ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტზე შვეიცარიის პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება.
ვიოლა ამერდი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად დაარღვია წესებზე დამყარებული სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება, თუმცა თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს რაღაც მომენტში მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს.
„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობისკენ მიმავალი პროცესის შთაგონება, მომავალში, რაღაც მომენტში მასში რუსეთიც უნდა ჩაერთოს. ეს ყველასთვის ნათელია. საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია მოამზადოს ნიადაგი მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ“, - განაცხადა ვიოლა ამერდმა.
მშვიდობის გლობალურ სამიტამდე ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა. გარდა ამისა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პუტინი ითხოვს, რომ უკრაინამ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
„ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია - უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ე.წ. სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გაახმოვანა, არარეალურია და ამის შესახებ საუბრობენ მსოფლიო ლიდერები, რომლებიც, პარაქტიკულად, წყვეტენ ომის ბედს. ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, ოსტინი აქვე ამბობს, რომ ნატო-ს გაფართოება მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.
„ნატო-ს გაფართოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი მიიღებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან მინიშნებას, რომ ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას უახლოეს მომავალში. ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს, ფოკუსირება მოახდინოს შვედეთსა და ფინეთზე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ალიანსის წევრებს, ალბათ, სურთ სიტუაციის სტაბილიზაცია და მოგვარება, რადგან ახალი წევრები მივიღეთ და განვგარძობთ ჩვენი გეგმების დახვეწას“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა, რომლითაც უპასუხა რუსეთის პირველ პირს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება.
რუსეთის ლიდერის ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკას არ აღიარებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომლის განცხადებით, აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს. მისი განმარტებით, მშვიდობის პირობები მითითებულია გაერო-ს წესდებაში და გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ“, რომელსაც 141 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
კიევში კი ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმია და აცხადებენ, რომ პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
ვლადიმერ პუტინმა მის მიერ გაჟღერებული ორი ულტიმატუმიდან ერთზე უკვე მიიღო დასტური აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან, რომ ნატო-ს გაფართოება მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ და არ გახდება. ახლა რჩება მთავარი საკითხი, გაიყვანს თუ არა უკრაინა შეიარაღებულ ძალებს იმ ოლქებიდან, რომელიც პუტინმა უკვე გაახმოვანა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მძიმე ულტიმატუმია, რადგან ამ პოზიციის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. გრძელდება ომი ე.ი. გრძელდება სიკვდილის მანქანის მუშაობა.
„ომი სიკვდილის მანქანაა, რომელიც ანადგურებს რუსეთსაც, მაგრამ უფრო მძიმე შედეგი მოაქვს უკრაინისთვის, რადგან უკრაინის მოქალაქეები რაოდენობრივად უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთის. ასე რომ, რითი დამთავრდება, ძნელი სათქმელია. ალბათ, ყველა პუნქტში უნდა დაეთანხმო ზელენსკის ადამიანი, რომ რუსეთი არ არის ხელშეკრულებების შემსრულებელი ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ, როდემდე აპირებს ზელენსკი პოლიტიკური მიუღებლობის ფონზე ებრძოლოს რუსეთს?!
იყო ეს ვერსიაც, რომ მას შეუძლია დროებითი ზავი გამოაცხადოს, გადაავადოს ომის გაგრძელება, თვითონაც ამოისუნთქოს და, ალბათ, რუსეთიც ამოისუნთქებს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე უფრო დაიზოგება. მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება და სრულიად ბუნებრივია პოლიტიკური შეურიგებლობა რუსეთთან და ასეთი მიუღებლობისთვის შეუძლია თუ არა უკრაინას გაიღოს ის მსხვერპლი, რასაც ის იღებს, ეს არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ პუტინი, რა თქმა უნდა, ელოდებოდა, რომ მისი „სამშვიდობო გეგმა“ უარყოფილი იქნებოდა, როგორც უკრაინის ისე მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.
„მაშინ რა იყო ამ აპრიორი მიუღებელი გეგმის წარმოდგენის მოტივი და მიზანი? „ალიბის“ შექმნა, რომ მე მშვიდობა შემოგთავაზეთ, თქვენ არ მიიღეთ, ამის მერე ზავის პირობები უფრო მძიმე იქნებაო, რაც არც დაუმალავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აპირებს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიების დაპყრობას, თუ გამოუვიდა, რა თქმა უნდა. არადა, ჯერ თითქოს არაფერი მიუთითებს ამის სასარგებლოდ. თუმცა, შესაძლოა მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.