ერთიანი სია - ოპოზიციის მაშველი რგოლი თუ პოლიტიკური ჰარაკირი

ერთიანი სია - ოპოზიციის მაშველი რგოლი თუ პოლიტიკური ჰარაკირი

ოპოზიციის შესაძლო ერთიანი საარჩევნო სია, რომლის გამოც ამ კლასტერში შემავალი პარტიები, ლამის, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ახალ იმპულსს იძენს. ოპოზიციის ახლად მოვლენილმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ე.წ. „ქართული ქარტიის“ წარდგენისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიის საჭიროება არ არის, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა და აცხადებს, რომ აღარ არის დრო პარტიებმა საკუთარი პროგრამებით ერთმანეთთან კონკურენცია დაიწყონო. შესაბამისად, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოგდებული ერთიანი სიის საკითხი ისევ „გაცოცხლდა.“ უფრო მეტიც, „ნაციონალებს“ მიაჩნიათ რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა სწორედ „პროევროპული ძალების გაერთიანებაა“, რაც მათ ერთიან სიაში თავმოყრას გულისხმობს. ზურაბიშვილი და მისი 17 პოლიტიკური პაჟი აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია, რომელზედაც საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. თუ რამდენად შეურაცხმყოფელია საკითხის ასე დაყენება საქართველოს მოსახლეობისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან კატაკლიზმებით სავსე 32 წლის შემდეგ, ეს, რომ იტყვიან, ზურაბიშვილის და მის კალთაში მყოფ ოპოზიციის სინდისზე იყოს. თუმცა, რაკი საკითხს ასე აყენებენ, მაშინ სწორედ ერთიანი სია უნდა გახდეს იმის მარკერი, მათ შორის დასავლელი კურატორებისათვის, რომ ერთ მხარეს არიან პროევროპელები და მეორე მხარეს სხვა დანარჩენები.

არ არის გამორიცხული, რომ ერთიანი სიის მოთხოვნა დასავლეთიდან მოდიოდეს, ისევე როგორც დასავლეთისთვის არის მომზადებული ე.წ. „ქართული ქარტია“. დასავლეთში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ხშირად ერთიანი შტამპებით უდგებიან, და რაკი აქაური ოპოზიცია მათ არწმუნებს, რომ არჩევნებზე ბრძოლა იქნება პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის, საჭიროა კონკრეტული და ხელშესახები პოლიტიკური პროდუქტი, რომელიც მათ მკაფიოდ დაანახებს, თუ ვინ არიან ეს პროდასავლური ძალები. ერთიან სიაში და ერთ პლატფორმაზე თავმოყრილი ასეთი პარტიები გაცილებით დასავლეთისთვის უფრო ადვილი აღსაქმელია და მხარდასაჭერი, ვიდრე ორ-სამ პლატფორმაზე გადანაწილებული.

როგორც არ უნდა მივუდგეთ, „ერთიანი სია“, ქართული პოლიტიკური რეალობის საზომებით, მაინც მკვდრადშობილი პროდუქტია და სრულიად გამართლებულია მათი შიშები, ვინც თვლის, რომ ამით მმართველ პარტიას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევნების მოგება.

ერთიან სიასთან დაკავშირებით, ბუნებრივად ჩნდება ორი კითხვა 1. რომელი პარტიის სახელით მოხდება ამ ერთიანი სიის წარდგენა, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ბლოკები აკრძალულია? და 2. რა პრინციპით გადანაწილდება ამ ერთიან სიაში პარტიული ქვოტები? არც ერთ ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.

დავუშვათ, რომ ამ ერთიანი სიის პოტენციური წევრები იქნებიან „სალომეს ქარტიაზე“ ხელმომწერი 17 პარტიის წარმომადგენლები. იმისათვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვონ და მთავრობა ჩამოაყალიბონ, ერთიან სიაში მოქცეულ პარტიებს სჭირდებათ აიღონ მინიმუმ 76 საპარლამენტო მანდატი. ოპოზიციისთვის ეს რომ იტყვიან, საოცნებო შედეგია. შესაბამისად, ერთიან სიაში პირველი 76 ადგილი უნდა გადანაწილდეს ისე, რომ „ქარტიაზე“ ხელმომწერ თითოეულ პარტიას რაღაც ერგოს. წვრილი და ურეიტინგო პარტიები ხომ ქარტიას იმიტომ შეუერთდნენ, რომ მასში „მაშველი რგოლი“ დაინახეს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ცოტა ხანი კიდევ იტივტივონ და არა სალომე ზურაბიშვილის ხათრით.

ეხლა მოვიშველიოთ მარტივი არითმეტიკა - 76 მანდატი : 17 პარტია = 4.4. ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ერთიან სიაში, თუკი ის შეიქმნება, მანდატები ყველა პარტიაზე თანაბრად გადანაწილდეს. მოარული ხმები, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ მზადაა სიის ე.წ. „გამსვლელ“ ნაწილში კუთვნილი კვოტის რაღაც პროცენტი სხვა პარტიებს დაუთმოს, მხოლოდ ხმებია და სხვა არაფერი. ერთიანი სიის 76 ადგილი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს ყველა პარტიას. „ნაცმოზე“ რომ არაფერი ვთქვათ, რთული წარმოსადგენია რომ „ლელო“ ან სხვა მეტ-ნაკლებად ძლიერი პარტიები დათანხმდნენ, რომ ერთიან სიაში თავად შევიწროვდნენ სხვა ჯუჯა პარტიებისთვის ადგილების დასათმობად. ყველა შეეცდება თავისკენ რაც შეიძლება დიდი ნაჭერი მიითალოს. ყბადაღებული ლოზუნგები - „ქვეყანა გადასარჩენია“, „რუსეთისკენ მივდივართ“ და ა.შ. უკანა პლანზე გადავა. თავადაც შესანიშნავად იციან, რომ ერთი კანონი ქვეყანას გეოპოლიტიკურ ორიენტაციას ვერანაირად ვერ შეუცვლის.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთიანმა სიამ რომ შედეგი მოიტანოს, ოპოზიციამ ამ სიით ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს. ამის შანსი კი მას, პრაქტიკულად, არ აქვს. მის მიერვე გამოგონილ ქიმერებთან ბრძოლის ორთვიანი საპროტესტო აქციებით კოლექტიურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ფაქტობრივად მთელი თავიანთი ელექტორალური/სამობილიზაციო რესურსი, რომ იტყვიან, სარეცხივით გადმოფინეს. შესაბამისად, ყველამ დაინახა, რომ ეს რესურსი აშკარად არ ჰყოფნის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას.

 

ლევკოთეა ვინ როგორ დალაგდება წინასაარჩევნოდ და რა შედეგი დაიდება, ღმერთმა იცის, მაგრამ ერთი რამე უტყუარია - ჩვენი დაულაგებელი პოლიტიკანების გადამკიდე, ნებისმიერი კონფიგურაციის კოალიციური მთავრობა გახდება მუდმივი კრიზისების წყარო.
5 თვის უკან